
22 აგვისტოს, გამთენიისას, ამბროლაურის სოფელ აგარაში ახალგაზრდა ბიჭი, ვლას (ლასო) აბუთიძე მოკლეს.
როგორც ადგილობრივი, კახა აბუთიძე ყვება, შემთხვევა დაახლოებით, ღამის ორ საათზე მოხდა.
„ისე ვართ განადგურებულები ამ საშინელი ტრაგედიით, ლაპარაკი გვიჭირს, ისეთი ბიჭი მოგვიკლეს. 29 წლის იყო ლასო, თბილისში ცხოვრობდა და იქ საქმიანობდა, თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა. უცხოეთშიც დადიოდა და სულ შრომობდა. როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, ამბროლაურში, სოფელ აგარაში მორბოდა, ისე უყვარდა აქაურობა და მთელი სანათესაო. საოცარი ადამიანი იყო. საკმაოდ ერუდირებული, ჩამოყალიბებული ახალგაზრდა. კონფლიქტური საერთოდ არ იყო. ასეთი კარგი ბიჭი იყო და წარმოუდგენელია რა მოხდა ისეთი, რომ ასე გაიმეტეს.
კოტეჯი ჰქონდა გაქირავებული გოგონებზე, იქვე გზის მეორე მხარეს ლასოს ბიძაშვილის სახლი შენდება, შიდა სარემონტო სამუშაოები მიდის და მუშები ჰყავდა დაქირავებული. ვინ არიან ეს ადამიანები არ ვიცით, ხომ იცით, ერთ მუშას რომ მეორე მოჰყავს, ასე აღმოჩნდნენ იქ. ადამიანმა ხომ არ იცი, ფსიქიკურად გაწონასწორებულია თუ არა შენი მუშა და ხელოსანი. ბიძაშვილი ისეთი დათრგუნული და განადგურებულია, ხმას ვერ იღებს. როგორც ჩანს, ეს მუშები ავიწროებდნენ ლასოს მდგმურ გოგონებს, ისე იქცეოდნენ, რომ იძულებულები გახდნენ, ლასოსთვის დაერეკათ.
ბიჭი ღამის 2 საათზე ჩავიდა სიტუაციის გასარკვევად და ასე სადისტურად მოკლეს. რაჭაში ვინმეს თუ რამე დასჭირდებოდა, ლასოს ურეკავდნენ თბილისში და სთხოვდნენ დახმარებას, დაუზარელი ბიჭი იყო. შესანიშნავი ოჯახი ჰქონდა. ჰყავს მეუღლე და 5 წლის შვილი, ახლა გავიგეთ რომ მეუღლე ფეხმძიმედ ყოფილა,“- ამბობს კახა აბუთიძე.























