22:23 | 2020-06-02 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ბოლო სიკვდილმისჯილი პატიმარი საქართველოში – ის მამათმავლობისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს

ბოლო სიკვდილმისჯილი პატიმარი საქართველოში – ის მამათმავლობისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს

ციხე-კოლონიების ყოფილი ხელმძღვანელი, ვალერიან ტაბაღუ საქართველოში სიკვდილით დასჯის ბოლო განაჩენს იხსენებს:

 

სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ბოლო განაჩენი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 1996 წლის 16 თებერვალს გამოიტანა.

 

სასამართლომ მაშინ დაადგინა, რომ ბრალდებული გამოცხადდა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად და მიესაჯა სიკვდილით დასჯა.

 

„თანახმად საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 40-ე მუხლის მოთხოვნისა, უდიდესმა სასჯელმა შთანთქოს უმცირესი და საბოლოოდ მიესაჯოს სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება, სიკვდილით დასჯა. ვ.გ.-ს დაცვის ჰონორარი – 7 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაერიცხოს კასპის რაიონის იურიდიული კონსულტაციის ანგარიშზე, ადვოკატ მ. მერებაშვილზე გადასაცემად“.

 

მაშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით, განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებას და გაპროტესტებას არ ექვემდებარებოდა.

 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა ჩვენება სასამართლოზე რამდენჯერმე შეცვალა.

 

იგი აცხადებდა, რომ აღიარებითი ჩვენება სასჯელის შემსუბუქების მიზნით მისცა იმ დანაშაულზე, რომელიც მას არ ჩაუდენია.

 

საბოლოოდ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და იმ დანაშაულისთვის (მამათმავლობა), რომელიც დღეს ქართულ კანონმდებლობაში აღარ არსებობს, სიკვდილით დასჯა მაინც შეეფარდა.

 

1996 წლის 16 იანვრით დათარიღებულ საბრალდებო დასკვნაში, რომელსაც ხელს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მაშინდელი მოადგილე და იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი გილიგაშვილი აწერენ, ვკითხულობთ:

 

„ვ.გ.-მ ჩაიდინა მამათმავლობა, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მანვე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ადრე ჰქონდა რა ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.“

 

როგორც სასამართლოზე მის მიერ მიცემული ჩვენებებით ირკვევა, მანამადე მამაკაცების მიმართ მიდრეკილება არ ჰქონია, მეუღლეს იგი დანაშაულის დღემდე, 16 წლის წინ გაშორდა და ერთი ვაჟი ჰყავდა.

 

ბრალდებული ჰყვება, რომ მამაკაცი მან 1994 წლის დეკემბერში, მატარებელში გაიცნო. ადრე მის შესახებ გაგონილი ჰქონდა, რომ მამათმავალი იყო.

 

მატარებელში საუბრის დროს კაცმა მას მოფერება დაუწყო, მამაკაცებმა შემდეგ სახლში გადაინაცვლეს. ვ.გ.-ს. განცხადებით, ამის შემდეგ ის ხშირად აკითხავდა ი.ს.-ს სახლში და მასთან გაუკუღმართებული წესით ამყარებდა სქესობრივ კავშირს. 1995 წლის 11 მარტს მან საკუთარ სახლში დალია მამაკაცს მიაკითხა.

 

ნაწყვეტი ვ.გ.-ს ჩვენებიდან:

 

„ი.ს.-მ ჩამიყვანა მისივე საცხოვრებელი სახლის სარდაფში და განმიცხადა უარი სქესობრივი კავშირის დამყარებაზე, ამის გამო ჩვენ მოგვივიდა ჩხუბი. ი.ს. მაგდებდა იქიდან, მე კი ვაძალებდი, რომ დაგვემყარებინა სქესობრივი კავშირი.

 

ჩხუბის დროს მე მას დავარტყი, რა დროსაც იგი წაიქცა, მე მას ჩავუწიე შარვალი და დავამყარე სქესობრივი კავშირი გაუკუღმართებული წესით.

 

ამის შემდეგ ყელში წავუჭირე სარდაფში ნაპოვნი თოკი, მოკვლის მიზნით, რომ აღნიშნული ფაქტის კვალი დამეფარა და შემდეგ, როცა დავრწმუნდი, რომ იგი უკვე მკვდარი იყო, ჩამოვკიდე სარდაფში გამავალ გათბობის ტრუბაზე.

 

ამის შემდეგ მე წავედი სადგურში, სადაც დავლიე შამპანიური, ხოლო შემდეგ წავედი ჩემს საცხოვრებელ სახლში, სადაც მოვიდნენ ჩემთვის უცნობი პირები და მითხრეს, რომ უნდა მოსულიყო მილიცია ჩემს დასაჭერად.

 

მე იმ დღესვე გავიქეცი ტყეში დასამალად, სადაც დავყავი ერთი დღე. მე ტყეში შევიტყვე, რომ აღარ მეძებდნენ და გადავწყვიტე სახლში დაბრუნება, ხოლო როდესაც დავბრუნდი მილიციამ დამაპატიმრა“.

 

ვ.გ-მა ჩადენილი დანაშაული თავიდან საერთოდ უარყო, შემდეგ კი ჯერ განაცხადა, რომ მკვლელობა ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა, ვინაიდან ი.ს მას მათი ურთიერთობის გახმაურებით ემუქრებოდა.

 

ბოლოს ჩვენებაში განაცხადა, რომ ი.ს. შემთხვევით შემოაკვდა, როდესაც ყელში გასაჩუმებლად უჭერდა.

 

რა ვითარებაში ჩაიდინა მან აღნიშნული მკვლელობა, დღემდე უცნობია, თუმცა ის, რომ ბოლოს მოკლულიცა და მკვლელიც სარდაფში ერთად ჩავიდნენ, მოკლულის შვილმა დაადასტურა.

 

რომლისთვისაც ისევე, როგორც გარდაცვლილის მეუღლისთვის, ი.ს.-ს მამათმავლობის შესახებ ცნობილი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა.

 

განაჩენი სისრულეშია მოყვანილი.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X