
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზით 67 პაციენტი მკურნალობს.
სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა კვირაზე მეტია კვლავ მძიმეა, 11 პაციენტის მდგომარეობა კი საყურადღებოა.
„ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 67. 18 წლამდე ასაკის პირი 12-ია. 11 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში.
ეს პაციენტი კვირაზე მეტია მძიმეა, მაგრამ არის სტაბილურად მძიმე. გუშინ გვქონდა ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება.
ასაკობრივად მაღალი რისკის მქონე 3 პაციენტი გვყავს. პარასკევის გამოცხადების შემდეგ დამატებულია 7 ახალი პაციენტი. ყველა ცნობილი კლასტერიდანაა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
რაც შეეხება მედიკამენტ პლაქვენილის გამოყენებას, მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, პლაქვენილი რჩება პროტოკოლით დამტკიცებულ მეტიკამენტთა შორის.
„მისი გამოყენება ხდება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის მიხედვით ექიმის შეხედულსებისამებრ.
რა თქმა უნდა, ვიყენებთ როცა პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს პლაქვენილის ჩართვას. ექიმი წყვეტს ამას. ჩვენ გვაქვს პლაქვენილის გამოყენების შემთხვევები.
არ გვქონია რაიმე ისეთ გართულებასთან საქმე. ვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ექიმი ამას საჭიროდ თვლის“, – ამბობს მაკა სოლოღაშვილი.






















