
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკოლოზ კვარაცხელიას საქმეზე დაკავებული პირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა.
უწყების ცნობით, ბრალდებულები, სამართალდამცველებისთვის კვალის არევის მიზნით, პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას.
„გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის გ.კ.-ის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.
საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ გ.კ.-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ.-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ.-ს.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ორივე პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით, დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
ძებნილ ბრალდებულთა დასაკავებლად ორიენტირებულ იქნა ყველა ოპერატიული დანაყოფი.
სამართალდამცველებმა, ძებნაში მყოფი ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა. ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დაიკითხა ათეულობით მოწმე, დადგინდა იმ პირების ვინაობა, ვისთანაც შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ბრალდებულებს, ასევე, დადგინდა ყველა ის ადგილი, სადაც ბრალდებულები დროებით თავს აფარებდნენ, გამოვლენილი იქნა ყველა ავტომობილი და მათი მძღოლების ვინაობა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ.
ბრალდებულები, სამართალდამცველებისთვის კვალის არევის მიზნით, პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას.
2021 წლის 7 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი წყნეთში დააკავეს.
პოლიციის მიერ დადგენილ იქნა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბრალდებულები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ.
ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა აქტიური დევნის შედეგად მოხდა მათი დაკავება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓
























