
19 აპრილი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ისტორიულ დღედ ჩაინიშნება. 2020 წლის 31 ოქტომბრის ღამეს დაწყებული პროტესტი და ბოიკოტი, ოპოზიციური ნაწილის უმრავლესობისთვის, როგორც იქნა დასრულდა.
ისტორიული შეთანხმება შედგა – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე “საქართველოს წინსვლის გზა” ხელი მოაწერა.
დოკუმენტზე ხელმომწერები არიან : “გირჩი, “გირჩი მეტი თავისუფლება”, “მოქალაქეები”, “ლელო”, “რესბუბლიკელები“, “ქართული ოცნება” და ინდივიდუალურად – დავით ბაქრაძე და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი.
შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება “ნაცმოძრაობა“ და “ევროპული საქართველო“
ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა, ბევრი კამათი, მოლაპარაკებების რაუნდები, არშემდგარი მოლაპრაკებები და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი, რომელმაც, როგორც თავად თქვა, მიიღო ძალიან სკანდალური გადაწყვეტილება – ერთის მხრივ ხელისუფლებას „ჯიუტი“ პოზიცია დაათმობინა და ოპოზიციას მისცა საბოლოო შანსი, დაიკავონ მათთვის განკუთვნილი ცარიელი სკამები საკანონმდებლო ორგანოში და საკუთარი პროტესტი ტრიბინუნებიდან გააგრძელონ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დიდი რეზონანსი მოჰყვა, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე საზოგადოებაში.
„პრეზიდენტმა მიიღო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება“
„ჩვენს პრეზიდენტზე ცუდი არაფერი თქვათ“
„ყოჩაღ, ქალბატონო პრეზიდენტო“, წერდნენ სოციალურ ქსელში.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს და 20 აპრილს, დილის 09:00 საათიდან ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ეპატიჟება.
“მივმართავ საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს – გეპატიჟებით შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში, ხვალ, სამშაბათს, 09:00 საათიდან. დიდი მადლობა,” – წერს “ტვიტერზე” ჰარცელი.
საქართველოში აშშ-ის საელჩო, პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, სთავაზობს ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს.
























