18:22 | 2021-01-11 ავტორი: თამარ გონგაძე

ბრემენში წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელმაც გერმანელები სვანურ მარილზე „შესვა“

ბრემენში წარმატებული ქართველი პიანისტი, რომელმაც გერმანელები სვანურ მარილზე „შესვა“

ნინა ორჯანელს გერმანიის ქალაქ ბრემენში ორი კუთხით იცნობენ – როგორც წარმატებულ პიანისტს და გერმანიაში ქართული სამზარეულოს ერთგვარ პრომოუტერს. საკუთარ თავს ორი კულტურის ელჩად მიიჩნევს. „როდესაც საქართველოში ვარ, გერმანიას ვუკეთებ რეკლამას და ჩემს სამშობლოს კი – აქ“ – ამბობს ნინა.

 

ახალგაზრდა წარმატებულმა და მომხიბვლელმა ქართველმა პიანისტმა ბრემენში დააფუძნა ბრენდი – MAEMANI, რომელმაც გერმანელები ქართული სამზარეულოთი აღაფრთოვანა. ეს არის კვების და ივენთკომპანია (ბიზნეს და პრივატივენთებისთვის), რომელსაც ნინა 2017 წლიდან მართავს. მისი დამფუძნებელი ასევე თავად მართავს საკუთარ გასტრო და კულტურულ ივენთებს, როგორც ამბობს იმ მისიით, რომ გერმანელებს ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ უკეთ გააგებინოს. MAEMANI ხომ ძველქართულად ნიშნავს – სტუმარს და წვეულებას.

 

No description available.

 

აი, როგორ ახასიათებენ ბრემენელები ამ ქართული ბენდის მიერ მომზადებულ კერძებს: ყველა ლუკმა არომატის აფეთქებაა! გემოს – ნივრის, ქინძის, წიწაკის და ბევრი ცოცხალი მწვანილის ნაზავი ქმნის, ისევე როგორც, სვანური მარილი და ნიგოზი.

 

დიახ, არ მოგეჩვენათ – სვანური მარილი, რომელსაც სვანური ფესვების ნინა, გერმანიაში, თავგამოდებით უწევს პოპულარიზაციას.

 

სვანური მარილით აღფრთოვანებული გერმანელები კი, თანამემამულეებს, ამ პროდუქტს, თავიანთ პუბლიკაციებში ასე აცნობენ:

 

„MAEMANI-ის წარმოებული მოხალული ნიგვზით, ქართული სანელებლებითა და სვანური მარილით შეზავებული კერძები გასაოცარია. ეს მარილი განსაკუთრებული რამაა. მისი სამშობლო საქართველო და კერძოდ მისი ერთ-ერთი რეგიონი, სვანეთია. ეს პროდუქტი საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. ახლა კი მან აქ უნდა დაიწყოს ტრიუმფალური სვლა, ისევე როგორც სრულიად ქართულმა სამზარეულომ.“

 

როგორც ნინა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, სამზარეულოსადმი მისი ამ დოზით დაინტერესება ბავშვობიდან იღებს სათავეს.

 

ნინა ორჯანელი: – საქართველოში, ზოგადად, კვების კულტურა კიდევ სხვანაირად არის განვითარებული. ჩვენი სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია და კერძების მომზადების მეთოდებიც, რეგიონიდან რეგიონში, განსხვავებულია, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქართულ სამზარეულოს.

 

No description available.

 

მე ბავშობიდან ვუყურებ ჩემს ოჯახში როგორი, ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდებით ამზადებენ დედა და მამა კერძებს. ორივეს საოცარი გემოვნება და იდეები აქვთ. ბავშვობაში პატივი მქონდა მათი დამხმარე ვყოფილიყავი.

 

გერმანიაში, სტუდენტობის პერიოდშიც ხშირად ვაწყობდი წვეულებებს და ჩემს სტუმრებს ქართული სტუმარ-მასპინძლობით ვიღებდი, რომ ყველას სცოდნოდა, როგორი მასპინძლები ვართ ქართველები. ძირითადად, ქართულ კერძებს ვთავაზობდი. არაერთხელ მომიწყვია ქართული კულტურული საღამოები ბრემენის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებში. რეზონანსი კი, ყველაფერთან ერთად, ქართულ სამზარეულოზეც იმდენად დადებითი იყო, რომ უცნაურიც კი იქნებოდა ეს ყველაფერი ბიზნესად რომ არ მექცია.

 

როგორც ამბობს, მისი კვებისა და ივენთკომპანიას, პროფესიონალი მზარეულები, დიეტოლოგები და პროდუქტდიზაინერები ჰყავს. ბუნებრივია, მზარეულები ქართველები არიან, რომლებსაც თავიანთი ჯადოსნური ხელებით აღფრთოვანებაში მოჰყავთ ქართული გემოებით დაინტერესებული ბრემენელები.

 

„პროდუქტ დიზაინერები და დიეტოლოგები გერმანელები არიან. ასე რომ ქართულ-გერმანული გუნდი მყავს“, – ამბობს ნინა.

 

და მაინც რა მოსწონთ გერმანელებს ჩვენს სამზარეულოში, თქვენი დაკვირვებით?

 

– ქართულ სამზარეულოში მათ, პირველ რიგში, ავთენტური გემოები მოსწონთ, სუნელების განსხვავებული არომატები. თუმცა რაც არ უნდა კარგი პროდუქტი გქონდეთ, მაინც გადამწყვეტია მისი კლიენტისთვის სწორი ფორმით მიწოდება. ამაზე ძალიან, ძალიან ბევრს ვმუშაობთ.

 

ზოგადად კი MAEMANI არის ბრენდი, რომელიც მაღალ კვების კულტურას უწყობს ხელს ქართული სამზარეულოს ფაქტორით. ბრენდის მთავარი მისია კი პოპულარიზაციის გარდა, ქართულ სამზარეულოზე დაყრდნობით, ჯანსაღი და ოპტიკურდ კრეატიული პროდუქციის შექმნაა. ჩვენთან კლიენტი არ ყიდულობს მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს, ის ყიდულობს უძველეს ქართულ ისტორიას და გარკვეულ სტატუსს.

 

 

ჩვენი კერძები არასოდეს არის ნეიტრალური, ჩვენ ვიყენებთ ძლიერ სანელებლებს და უამრავ მწვანილს – ქართული სამზარეული სრული ეფექტია!

 

MAEMANI სწრაფად გახდა ბრემენში პოპულარული. გეტყვით, რომ მის კლიენტურას მიეკუთვნებიან – ბანკები, სამშენებლო კომპანიები, ქალაქის მერია, სასამართლო, უნივერსიტეტი, კლინიკა თუ სხვადასხვა ფირმები და პრივატ პერსონები.

 

პანდემიის გამო გაგვიუქმდა ყველანაირი ღონისძიება, შეკვეთა თუ კონცერტი. მაგრამ როდესაც ბუნებით მებრძოლი ხარ, არასოდეს ეგუები გარემოებებს და თავად განაგებ საკუთარ იღბალს. სწორედ პანდემიის პერიოდში შეიქმნა MAEMANI-ს ბევრი ახალი პროდუქტი და უამრავი იდეა. ახალი ხაზი დავამატეთ, ეს არის ქართული, უშუალოდ MAEMANI-ს წარმოებული და დაფასოებული პროდუქტების გაყიდვა. ამ პროდუქტების შეძენა ყველა მომხმარებელს შეუძლია. ასევე ვამარაგებთ რესტორნებს, ჰოტელებს და მაღაზიებს.

 

 

ერთ-ერთ ღონისძიებაზე ნინა შეხვდა კვების ექსპერტს – ქრისტიან ჰოლცს, რომელმაც კვების მრეწველობაში ახალი რეცეპტებისა და კონცეფციების შემუშავებისთვის თავისი კომპანია ურჩია. თავად ჰოლცმა კი ქართული სამზარეულო MAEMANI-ს ერთ-ერთ ივენთზე გაიცნო.

 

„ქართულ სამზარეულოს, ასე საინტერესოს, პროდუქტების კომბინაცია ხდის. ესა გემო, რომელსაც გერმანიაში კარგად მიიღებენ, რადგან არ არის ძალიან ეგზოტიკური, მაგრამ ძალიან განსაკუთრებულია. სწორედ ნინას წყალობით გავიცანი და მიყვარს ქართული სამზარეულო. ნინა წარმოუდგენლად მიზანდასახული პიროვნებაა“ – ამბობს ჰოლცი.

 

მათ ერთად შექმნეს რამდენიმე ახალი პროდუქტი. ერთ-ერთი ასეთია „ქართული სამზარეულოს ვირტუალური კურსი“. ეს არის ღვინისა და სანელებლების ნაზავის პაკეტი, ჩანთა და სამი ქართული კერძის ვიდეო-სამზარეულოს გაკვეთილების ინსტრუქციები.

 

ნინა: – პაკეტში 3 ქართული კერძის რეცეპტი დევს: 1. წითელი ფხალი მჭადთან ერთად, როგორც სტარტერი. 2. ჩახოხბილი, როგორც მთავარი კერძი 3. ფელამუში გოზინაყით – დესერტად. ფერების მიხედვით ერთგვარი “წითელი მენიუ” გამოგვივიდა.

 

 

ფირმამ უმოკლეს დროში უკვე გაყიდა ასეთი პაკეტის დიდი რაოდენობა.

 

„ახლა შემიძლია განვავვითარო ყველაფერი, რომ უფრო მეტი ადამიანი აღფრთოვანდეს ქართული სამზარეულოთი. ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია“ – ამბობს ორჯანელი.

 

გერმანულ გამოშვებებში ამ ქართულ ბრენდზე საუბრისას, თან ამატებენ, რომ საქართველო მეღვინეობის აკვნად ითვლება და აქვს ღვინის 8 ათას წლიანი ისტორია.

 

„ამის შესახებ ყველა ღვინის მცოდნემ უნდა იცოდეს მსოფლიოში. მხოლოდ 3, 7 მილიონი მცხოვრებისა და ბავარიის ზომის ტერიტორიის მქონე კავკასიის რესპუბლიკის კულტურა და სამზარეულო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი გერმანიაში. ქვეყანას ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია: ულამაზესი შავი ზღვის სანაპიროდან, 5 ათასი მეტრის სიმაღლეზე ალპური მთიანი რეგიონების ჩათვლით. იქ, ზღვის დონიდან 1500- 2400 მეტრამდე მდელოებზე გროვდება ის მწვანილი, რომელიც სვანურ მარილს ასეთ დახვეწილ გემოს აძლევს“.

 

მთის პეიზაჟებით საკმაოდ ძუნწი ჩრდილოეთ გერმანიის ბრტყელ ლანდშაფტში მცხოვრები ნინასთვის, ქართული სამზარეულო ნიშნავს სამშობლოს იმ ნაწილს, რომლითაც მას შეუძლია ბრემენშიც დატკბეს.

 

No description available.

 

ბრემენში 18 წლის ასაკში ჩავიდა, რათა ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში პიანისტური და პედაგოგიური განათლება გაეღრმავებინა. წარმატებებს არ დაუგვიანია. ბუნებრივია, ეს დიდი შრომის შედეგია. იმ 14 წლის მანძილზე, რაც ის ბრემენში ცხოვრობს, დღეში რამდენიმე საათიანი მეცადინეობა მისი ყოველდღიურობაა. ამზადებს სტუდენტებს. ახლა ნინას კონცერტებიც, ისევე როგორც ყველა ღონისძიება მსოფლიოში, პანდემიის გამო შეჩერებულია.
ცოტა ხნის წინ ვიდეოპროექტისთვის მუსიკალური ფონდის პრიზი მოიპოვა. მისი და წარმატებული მეცოსოპრანოს – მარიამ მურღულიას საერთო პროექტი 3 ათას აპლიკანტს შორის აარჩიეს.

 

ასეთი წარმატებების ფონზე, ძნელია პირადი ცხოვრებისთვის დროის გამონახვა. ამ მხრივ როგორ ანაწილებთ დროს?

 

ნინა ორჯანელი: – ჩემი დღე შედგება 60 პროცენტით ფორტეპიანოსგან, 40 პროცენტით MAEMANI-სგან და 0 პროცენტით პირადი ცხოვრებისგან. მართლა არ მრჩება დრო პირადი ცხოვრებისთვის. ასეც რომ არ იყოს, პირად სივრცეს ისე ვუფრთხილდები, რომ მასზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებდი.

 

– და მაინც, რომელი ნინა უფრო ცნობილია ბრემენელებისთვის, პიანისტი თუ სამშობლოს სამზარეულოს პოპულარიზაციის სამსახურში მყოფი?

 

– ორივე. 100% ვერც ვანსხვავებ, რადგან ამ ორი სფეროს წარმატებული კომბინაციაა ის, რასაც ვაკეთებ.

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: Nina Orjaneli, შიგნით და მოახლოვებული კადრი

ავტორი: თამარ გონგაძე

X