
სულ სხვა თემით ვაპირებდით დღევანდელი ბრიფინგის დაწყებას, მაგრამ სამწუხაროდ, საუბედუროდ გვიწევს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციით დაწყება – განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი ხელაშვილმა.
„დაიღუპა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელი ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, სამწუხაროდ.
ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ, რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით.
ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა ისნის საოლქო კომიისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა 7 ნოემბრის ცნობილ მოვლენებს, ვინაიდან დღეს ამ მოვლენებიდან 13 წელი გავიდა.
„დღეს 7 ნოემბერია. 13 წლის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი სახე აჩვენა 7 ნოემბრის აქციის დარბევისას. ეს იყო დარბევა, რომელმაც ნათლად აჩვენა ნაციონალური მოძრაობის მიერ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მედია – თავისუფლების დათრგუნვა, როდესაც გაანადგურა ტელეკომპანია „იმედი“.
ამიტომ, არ არის უცნაური, რომ 7 ნოემბერი გახდა ნაციონალური მოძრაობის დასასრულის დასაწყისი, რაც 2012 წელს დასრულდა და საბოლოოდ წერტილი დაესვა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ქართველმა ხალხმა მისცა პოლიტიკური შეფასება და ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად ნეგატიური შეფასება დადო ამ მოვლენების შესახებ, თუმცა შეგახსენებთ, რომ სამართლებრივად ჯერ არ არის ამ დარბევის ორგანიზატორების მიერ პასუხი გაცემული, რაც აუცილებლად მოხდება“, – აღნიშნა ხელაშვილმა.






















