22:58 | 2021-02-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ბრიტანული შტამის გავრცელების საფრთხე საქართველოში – ვირუსის ახალმა ტიპმა, შესაძლოა, Covid-19 2-3 თვეში ჩაანაცვლოს

ბრიტანული შტამის გავრცელების საფრთხე საქართველოში – ვირუსის ახალმა ტიპმა, შესაძლოა, Covid-19 2-3 თვეში ჩაანაცვლოს

ქვეყანაში ბრიტანული შტამის გავრცელების საფრთხე შეიქმნა, ისევე როგორც სხვა ათეულობით ქვეყანაში. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს.

 

მათი ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში უკვე 3 დადასტურებული შემთხვევა და 31 კონტაქტია გამოვლენილი. ბრიტანული შტამი განსაკუთრებული სიმძიმით ან ლეტალური მაჩვენებლით არ გამოირჩევა, მაგრამ ამ მუტაციას ყველაზე სწრაფი გავრცელება ახასიათებს. ის 70 პროცენტით უფრო გადამდებია, ვიდრე – უჰანში აღმოცენებული Covid-19.

 

საქართველოში, ბრიტანული შტამი პირველად გუშინ დაადასტურეს. დღეს, ცნობილი გახდა, რომ საუბარია სხვადასხვა ჯგუფებზე – 3 ინფიცირებულის 31 კონტაქტზე.

 

31-ვე პირი იდენტიფიცირებულია. ერთ კვირაში, ლუგარის ლაბორატორია მათი კვლევების შედეგებს გაასაჯაროებს. ინფიცირებულებს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

 

ინფექციონისტის ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, შესაძლოა ევროპის ქვეყნების შემთხვევების მსგავსად, საქართველოშიც Covid-19 ბრიტანულმა შტამმა 2-3 თვეში ჩაანაცვლოს. გარდა ამისა, ის პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებს, რომ ლოჯისტიკური საკითხები დროულად მოაგვარონ.

 

“სახელმწიფომ მეტი კლინიკის და გადაიარაღების, პრეპარატების შევსების მობილიზებაზე უნდა იზრუნოს.” – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ მას არ სურს ნეგატიური პროგნოზზე საუბარი, თუმცა მისი რეკომენდაცია მოხსნილ შეზღუდვების გათვალისწინებით, რეგულაციების გამკაცრებაა.

 

“არ მინდა ცუდი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ აუცილებელია რეგულაციები გამკაცრდეს, მით უფრო, რომ გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა.” – ამბობს მაია ზალდასტანიშვილი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X