
31 დეკემბერს 23 საათზე “რუსთავი 2” “მუსიკალური ასწლეულის” კონცერტს გვთავაზობს. კონცერტში ტელესახეები და მსახიობები მონატრებულ სიმღერებს შეასრულებენ.
აჩიკო სოლოღაშვილი ამბობს, რომ ეს ის კონცერტია, რომელსაც სიამოვნებით დაჯდები და უყურებო.
გარდა იმისა, რომ აჩიკო თავადაც მღერის და თიკა ფაცაციას ნომერშიც ვიხილავთ, მთელი შოუს სცენოგრაფია-ქორეოგრაფია მას ეკუთვნის. მისი პლასტიკა ხომ უკვე საქვეყნოდ ცნობილია. ამ იტალიურ სიმღერას, რომლის ანონსიც უკვე ტრიალებს, ბუბა კიკაბიძე “ვია დიელოში” მღეროდა და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. როგორც გვითხრა, სწორედ ეს შავთეთრი კლიპი გახდა აჩიკოს ინსპირაცია, რომ 60-იანი წლების ძველი იტალიური სიმღერა გაეცოცხლებინა.
აჩიკო სოლოღაშვილი: – საახალწლო შოუში ის სიმღერებია შერჩეული, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს, მონატრებული, კარგი სიმღერები, ძირითადად – ქართულები. მხოლოდ მე ვასრულებ იტალიურ სიმღერას. ამ სტრესულ გარემოში და დამპალ სიტუაციაში ერთი ბედნიერი საღამო გვექნება. სწორად მოიფიქრეს პროდიუსერებმა, თუკი რამე კარგი სიმღერა იყო, ყველა ამოვქექეთ, ზოგი კინოფილმიდან, ზოგი – მიუზიკლიდან…
ამ იტალიურ სიმღერას, მე რომ ვასრულებ, ბუბა კიკაბიძე ასრულებდა “ვია დიელოში”. ჩემი ინსპირაცია ბუბას პლასტიკა იყო. 1965 წელს ჩვენთვის იტალიური სიმღერა ახლობელი არ ყოფილა და ეს სიმღერა მაშინ გამონათებასავით იყო. მაგარი სიმღერაა. ფანტასტიურად მღერის ბატონი ბუბა და თან ფანტასტიურად მოძრაობს. შავ-თეთრი კლიპია, ძალიან მაგარი ნომერი. მეც მინდოდა გამორჩეული სიმღერის შესრულება. დავდგი ცეკვა, გავგიჟდი და გადავირიე.
ოღონდ ამ კორონამ დაგვანებოს თავი და დანარჩენი – შრომისმოყვარეობა არ გვაკლია, მე მითუმეტეს. მინდა ვაკეთო ის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს თეატრია, რომელიც ისე მენატრება… მგონია, რომ ჩემი პროფესია დამავიწყდა. მომავალ წელს, ახალი სეზონის გახსნაზე ახალ თეატრში შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენი ინტერვიუც სხვა შინაარსის იქნება.






















