10:03 | 2020-04-16 ავტორი: თეონა ყაჭიური

„ჩაიცვით შესაბამისად, მსახურება შესრულდება ღია ცის ქვეშ“ – ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მოუწოდებს

„ჩაიცვით შესაბამისად, მსახურება შესრულდება ღია ცის ქვეშ“ – ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მოუწოდებს

საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მოუწოდებს აღდგომის ღამეს შესაბამისად ჩაიცვას, რადგან მათ ტაძრის გარეთ მოუწევთ ყოფნა. ამის შესახებ ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ჩაიცვით შესაბამისად, რადგან ჩვენს ტაძარში სააღდგომო მსახურება შესრულდება ღია ცის ქვეშ და საკარანტინო წესების მიხედვით, გარეთ დგომა მოგიწევთ 21:00 დან დილის 06:00 საათამდე.

 

ლიტანიობაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ სამღვდელოება, მლოცველი მრევლი არ დატოვებს ტაძრის ეზოში დაკავებულ მონიშნულ ადგილებს.

 

ამჯერად მოუხერხებელი იქნება ბავშვების წამოყვანაც. გთხოვთ ასაკისა ან ჯანმრთელობის კუთხით, სარისკო ჯგუფში შემავალმა ჩვენმა მრევლმა თავი შეიკავონ ღამისთევის მსახურებაზე დასწრებისაგან.

 

ყურადღება გამოიჩინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან გაკეთებული მითითებების მიმართ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები შეასაძლოა შედიან რისკ ჯგუფში, ასეთ მრევლს გთხოვთ დარჩით სახლში“,- წერს ჯაღმაიძე.

 

შეგახსენებთ, საქართველო ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID 19-ის ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების ფაზაში შევიდა.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 306-მდე გაიზარდა.

 

 

გამოჯანმრთელებულია 71 ადამიანი. 

 

ცნობისთვის,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X