
ჩამონათვალში, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს საგანგებო ვითარების დროს, რწმენისა და აღმსარებლობის უფლება არ არის – ამის შესახებ პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მე ვხელმძღვანელობ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე პასუხებს გცემთ კანონმდებლობის შესაბამისად, ის რაც გამოსცა საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ და დეკრეტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა მკაფიოდ აკეთებს კონსტიტუციური უფლებების ჩამონათვალს, მათ შორის ამ ჩამონათვალში, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს არ არის ამ მომენტისთვის რწმენისა და აღმსარებლობის უფლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა რელიგიური ორგანიზაცია დაეხმარება სახელმწიფოს ვირუსის გავრცელების შეკავებაში.
თუკი საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების განხორციელება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.
პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს.






















