16:24 | 2021-01-26 ავტორი: თამარ გონგაძე

VIDEO: ჩემი ემოცია ბომბებს მოერია, ეს ჩვენთვის გამარჯვებაა! – ნახეთ რუსების მიერ საოცრად შესრულებული ნატო გელაშვილის სიმღერა

VIDEO: ჩემი ემოცია ბომბებს მოერია, ეს ჩვენთვის გამარჯვებაა! – ნახეთ რუსების მიერ საოცრად შესრულებული ნატო გელაშვილის სიმღერა

უცხოური ჯგუფის მიერ შესრულებული ნატო გელაშვილის “თეთრი კლავიშების” შესახებ ავტორ-შემსრულებელმა თავად ისაუბრა “პრაიმტაიმთან”. ნატო აღფრთოვანებული იყო ამ შესრულებით და სურდა ეპოვა ისინი.

 

ისეთი ემოცია წამოიღო, რომ გადავირიე, ენა ჩამივარდა, ავტირდი, ტანზე სულ ეკლებმა დამაყარა… საოცრად, საგალობელივით მღერიან… ვთქვი, ვარსკვლავის გახსნაზე ეს ხალხი უნდა მოვიწვიო-მეთქი. ვიწყებ მათ მოძებნეს.” – ამბობდა გელაშვილი “პრაიმტაიმთან”.

 

და ოთხი დღის შემდეგ ნატომ მოახერხა პოვნა და მათთან დაკავშირება. ეს აღმოჩნდა რუსული შემოქმედებითი გაერთიანება – ПОД ОБЛАКАМИ.

 

ბედის ირონიაა, რომ სწორედ რუსები აღმოჩნდნენ, დღევანდელ სიტუაციაში, ქართული სიმღერის ასე ტკბილხმოვანად შემსრულებელნი, ასე გულში ჩამწვდომად მომღერალნი… ნატო ამ ფაქტს, მტერ მეზობელზე, ჩვენს გამარჯვებად მიიჩნევს და დიდი სიამაყის განცდაც ეუფლება.

 

გელაშვილს მათთან დაკავშირებაში საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA დაეხმარა.

 

ნატო გელაშვილი: – ფატი დავითულიანი გამომეხმაურა და დაწერა, რომ ეს რუსული შემოქმედებითი გაერთიანებაა. მათთან დაკავშირებაში GERA დამეხმარა, რომელთანაც ვთანამშრომლობ. აღმოჩნდა მოსკოვში მოღვაწე ჯგუფი. ჯგუფს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია ესაუბრა: იცით, ვისი სიმღერა შეასრულეთო? ნატო გელაშვილი და მისი შემოქმედება ძალიან პოპულარულია საქართველოში. ეს სიმღერა ძალიან უყვართ და თქვენი ვერსიაც ორ დღეში გახდა პოპულარულიო, უთხრეს. ჩვენი ტელევიზიები დაინტერესდნენ ამ თემით და ამ ჯგუფმაც მოგვცა თანხმობა, რომ ჩაერთვებიან ტელე-გადაცემებს და მადლობას გადამიხდიან.

 

სრულიად შემთხვევით, რამდენიმე წლის წინ ვნახეთ ეს სიმღერა და მისი ჰარმონია იმდენად მოგვეწონა, რომ ჩავწერეთ ჩვენი ვერსიაო… ნოტებიც დაუწერიათ. თარჯიმანი გვყავსო და ბუნებრივია, სიტყვების მნიშვნელობა იცოდნენ. ჩვენი გვიყვარს თქვენი ქვეყანაო და ჩემი ვარსკვლავის გახსნაზე სიამოვნებით მიიღეს მიწვევა, ჩამოვალთო…

 

ის, რომ ქართულ სიმღერას დღეს რუსები მღერიან, ჩვენთვის გამარჯვებაა! ჩვენ არ გადაგვიდგამს, თვითონ გადმოდგეს აქეთ ნაბიჯი. მათ ზუსტად იცოდნენ, რაზეც მღეროდნენ. ეს მათი არჩევანი იყო. მე ნამდვილად ამაყი ვარ. ეს ჩემთვისაც სურპრიზი იყო…

 

ამ ბოლო პერიოდში, აგვისტოს ომის შემდეგ, მსგავსი პრეცენდენტი არ მახსენდება და ალბათ, შეიძლება სწორედ ამიტომაც… მხოლოდ დამსხვრეული ურთიერთობებია…

 

პირველად ჩემი ცხოვრების მანძილზე, შეუძლებელი იყო არ მქონოდა, როგორც ქართველს, იმ სიამაყის განცდა, რომ ჩემი სიმღერის გაჟღერება იმ ქვეყნის ანსამბლის მიერ მოხდა, რომლის მიერაც ოკუპირებულია ჩემი ქვეყნის ნაწილი, ტერიტორიები…

 

მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ. გახლავართ შემოქმედი და ვფიქრობ, რომ მუსიკას, ადამიანის ნებისმიერ ემოციას და განცდას ენა არა აქვს… ამაყი ვარ, როგორც ქართველი. ამ სიმღერაში აჟღერებული და ჩადებული ჩემი ემოცია ბომბებს მოერია. ჩემმა “თეთრმა კლავიშებმა” ეს შეძლო… და მე ამაყი ვარ დღეს, როგორც ქართველი, როგორც ამ სიმღერის ავტორი, როგორც ამ ქვეყნის შვილი, რომ რაღაც წვლილი მაინც შევიტანე ან შემაქვს ჩემი ქვეყნის სასიკეთოთ საკეთებელში…

 

მე ბედნიერი ვარ, თუ თქვენც ჩემთან ერთად განგაცდევინათ ქართველური სიამაყე…

 

 

მოისმინეთ საოცარი შესრულება ↓

ავტორი: თამარ გონგაძე

X