
“ვგიჟდები ფლამინგოებზე, მათ სანახავად და გადასაღებად ხან ევროპაში დავდიოდი, ხანაც – აფრიკაში” – წერს ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში.
მისი ვარდისფერი ფლამინგოები, ვარხვები და ყარყატები გუშინ “ფეისბუქზე” დაფრინავდნენ. ფოტოხელოვანი კი დღეს ბედნიერია იმით, რომ მილიონმა მომხმარებელმა ნახა მისი ფოტოები შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიდან.
როგორც ცნობილია, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს იხსნება და შესვლა უფასოა.
შეკვეთილის პარკის ფოტოსესია შეკვეთილი არ ყოფილა, ფოტოგრაფი, 31 მაისს მეგობართან ერთად, საკუთარი სურვილით სტუმრობდა ლამაზ ადგილს, უკვე მესამედ. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, საათი და ოცდაცხრამეტი წუთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს სილამაზე დაეფიქსირებინა.
იმ ასწლოვანი ხეების ბედით ჩვენი რესპონდენტიც იყო დაინტერესებული, რომელსაც ბოლო წლებია დიდი ხმაური მოჰყვა საზოგადოებაში და მუდმივი განხილვის საგანი იყო.

ბადრი ვადაჭკორია: – თვითონაც მაინტერესებდა, იმ ხეების ბედი, როგორ ხარობენ ამ პარკში, რასაც ბოლო ხანებში ასეთი დიდი ხმაური მოჰყვა. რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი? თუმცა არა, როგორც რომელიმე მხარის ინტერესით, მხოლოდ საკუთარის.
ეს ტყე გაშენებულია სულ შეტანილი ხეებით და არც ერთი ხე არ გამხმარა, ერთის გარდა. ისიც ხმებოდა და მისი იქ დარგვა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. მე ამ ხეების ბედით დავინტერესდი და გავიგე, რომ მათმა აქ გადმორგვამ, ბევრი ადამიანი გააბედნიერა. უზარმაზარი, ასწლოვანი ხეები თავში არ დაგვეცესო და განცხადებები ჰქონდათ შეტანილი – მოჭერით ხე და შეშა დაგვირიგეთო. მერე ამ მოჭრილი ხეების ადგილას უამრავი ახალი ხე დაირგა.
თუ შეიძლება ადამიანმა მიწიერი სამოთხე წარმოიდგინოს, ეს პარკია. გაცვეთილი შედარებაა, მაგრამ ასეა. ისეთი მყუდრო და ლამაზი გარემოა, გაგიჟდებით. თან ახლა, ისეა ამწვანებული ყველაფერი… ამ სილამაზეში ცუდს რომ დაინახავ, უკვე კლინიკური შემთხვევაა.

სამჯერ კი არა, სამასჯერ რომ მივიდე, ყოველთვის გამაოცებს და აღმაფრთოვანებს ეს პარკი. ვისაც სილამაზის აღქმის შეგრძნება აქვს, ყველას ექნება აღფრთოვანება. პირველ რიგში იმით, რომ ასეთი პარკი საქართველოშია და ქართულია. ის თითოეული ქართველისაა. შესვლა უფასოა, დანარჩენი – ჩვენ ვიცით.
როგორც ამბობს, საოცარი და იშვიათი ფლორა-ფაუნის გადასაღებად უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი, სპეციალურად, პროფესიონალური ეგოს დასაკმაყოფილებლად. გიგანტური სეკვოიების (მარადმწვანე წიწვოვანი) გადასაღებად სან-ფრანცისკოს პარკშიც კი იმყოფებოდა.
ბადრი: – ორი დიდი სეკვოია ჩვენს დენდროლოგიურ პარკშიც არის. რაც შეეხება ცხოველებს და ფრინველებს, მათთვის შემოსაზღვრულ ტერიტორიებზე ნახავთ – ლემურებს, ხალიან ირმებს, ვარხვებს, ფლამინგოებს, იბისებს, გედებს, ბატებს, სხვადასხვა წეროებს… ზოგიერთი სახეობის წერო აგრესიულია და ამიტომ დამწყვდეულია. თავს ესხმის ადამიანს, მტერს ჩაარტყას იმან ნისკარტი. მე არაფერი შემთხვევია, მე მათ არ ვაწუხებდი, ისინი – მე.

ფლამინგოების და ულამაზესი იბისების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, შეიძლება გაფრინდნენ. ამიტომ ბადეში არიან მოქცეულნი. გარს აკრავს გამჭირვალე ბადე და შიგნით თავისუფლად დაფრინავენ.
ამ ფოტოსესიაში იმის მეათედი არ ჩანს, რაც იმ პარკშია. შარშანდელი ფოტოებიც რომ მიმემატებინა, გაცილებით მრავალფეროვანი გამოვიდოდა.
– პარკი თქვენი სურვილით გადაიღეთ თუ დაკვეთა იყო?
– ჩემი სურვილით ვიყავი, ძმაკაცი წავიყვანე და გადავიღე. ეგღა მაკლია დაკვეთებით ვიარო.

– რატომ არ შეიძლება პარკის სარეკლამოდ გადაგეღოთ ფოტოები?
– კი, ბატონო. რომ დამიკვეთონ, ფულსაც გადამიხდიან. ამჯერად სრულიად უსასყიდლოდ, ჩემი ინიციატივით გადავიღე. ჩემს “ფეისბუქზე” დავდე ფოტოსესია და ჩემდა გასაკვირად, მილიონამდე ადამიანმა ნახა. ფოტოებს ბევრი გაზიარება აქვს.
პარკს მთელი საქართველო მიაწყდება ალბათ. მანამდე მოიფიქრებენ, როგორ გადაანაწილებენ ამდენ ვიზიტორს.
საერთოდ, ამ ჩვენ ციცქნა ქვეყანაში, იმდენ საოცრებას და სილამაზეს ნახავთ, რაც დიდ ქვეყნებშიც ვერ იხილავთ.

























