
მღვდელმსახური, ნექტარიონ მჭედლიძე, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობს, ერისკაცობიდან იცნობდა ადამიანს, რომელიც სულ ეძებდა დედას, მაგრამ კვალს ვერასდროს მიაგნო. თუმცა, როგორც ის ამბობს, ღმერთის ნება იყო, რომ დედა-შვილი მისი სულიერი შვილები აღმოჩნდნენ და ერთმანეთი იპოვეს.
„ბევრჯერ ვანუგეშე, – ჩემო ძმაო, ღმერთს თუ ნებავს, აუცილებლად შეგახვედრებს დედას, უბრალოდ, სთხოვე დედა ღვთისმშობელს, ის დედაა და მეტად დაგეხმარება-მეთქი“, – ამბობს ის.
„ასე გავიდა 10 წელი, შემდეგ გავხდი მღვდელი, სოციალურ ქსელში გავიცანი ერთი ნატანჯი ქართველი დედა, მისი ტკივილი, მისი გოდება სულ ცრემლებს მგვრიდა: ქორწინებაში არმყოფმა გააჩინა შვილი, ოჯახმა ბავშვი გაუშვილა (ახლა მისი მშობლები გარდაცვლილი არიან). ამ ქალბატონმა დაიწყო შვილის ძებნა, ბევრი ეძება, ძალიან ბევრი…
ბოლოს უთხრეს, რომ ის ბავშვი გარდაიცვალა. მე ვხედავდი იმ ნატანჯი დედის ტკივილს. მათი თხოვნით არ გეტყვით სახელებსა და გვარს. ღმერთის გზა შეუცნობელია.
ჩემი მეგობარი დედას ეძებდა და მისი დედა ჩემამდე მოვიდა. დედა-შვილი, რომლებიც ერთმანეთს ეძებდნენ, ჩემი სულიერი შვილები ყოფილან… მადლობა ღმერთს…
ითხოვეთ და მოგეცემათ… ემოციურად ძნელია, წერით გადმოგცეთ ახლა ის სიხარული, რაც გავიგე და დადასტურდა, რომ დედა-შვილი არიან“.






















