19:46 | 2021-01-20 ავტორი: Prime Time

„ჩემი ოჯახის წევრებს, ამაზე ლაპარაკი არ უყვართ“ – თელავში მცხოვრები იზა ჩაველაშვილი ნათესავებს ეძებს

„ჩემი ოჯახის წევრებს, ამაზე ლაპარაკი არ უყვართ“ – თელავში მცხოვრები იზა ჩაველაშვილი ნათესავებს ეძებს

თელავში მცხოვრები ქალი ნათესავებს ეძებს. იზა ჩაველაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში ცხოვრობს.

 

რამდენიმე წელია, იზა, მამიდასა და ბიძას ეძებს, რომლებიც მისი ვარაუდით, ბებიას, ციცინო ქანთარიას, მეორე ქორწინებაში შეეძინა.

 

იზა პრაიმტაიმთან ყვება, რომ ბებიისა და მისი მეორედ გათხოვების შესახებ, ბევრი ინფორმაცია არ აქვს.

 

„ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ბებია ხობიდან ყოფილა გულგულაში გამოთხოვილი. მისი სახელი და გვარი იყო, ციცინო ქანთარია. დაახლოებით, 60 წლის წინ, მან დატოვა ჩემი პაპა, ორი არასრულწლოვანი შვილი, გოგონა და ვაჟი და გათხოვდა. ჩემი ოჯახის წევრებს, ამაზე ლაპარაკი არ უყვართ, მაგრამ რაც გავიგე, რომ შესაძლოა ნათესავები მყავს, სულ ვცდილობ მათ პოვნას“,- ყვება იზა.

 

ახალგაზრდა ქალის ვარაუდით, ბებია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გათხოვდა და ორი შვილი, ქალ-ვაჟი შეეძინა.

 

„სამწუხაროდ, სოფელი არ ვიცი, ასე ალბათ უფრო გამიადვილდებოდა. პაპაჩემის დისგან გავიგე, რომ თითქოს მეზობელ რაიონში გათხოვდა. ბებია ალბათ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მყავს ბიძა და მამიდა, რომლებთანაც ძალიან მინდა შეხვედრა. დიდი ალბათობით, 60 წელზე მეტის არცერთი არ უნდა იყოს” – გვეუბნება იზა.

 

ტრაგედია თბილისში - სამსახურიდან შინ მიმავალ ახალგაზრდა ქალს ავჭალაში მანქანა დაეჯახა. მას 2 შვილი დარჩა
2021-01-20ტრაგედია თბილისში - სამსახურიდან შინ მიმავალ ახალგაზრდა ქალს ავჭალაში მანქანა დაეჯახა. მას 2 შვილი დარჩა

 

ახალგაზრდა ქალის ვარაუდს, უკვე გარდაცვლილი მამიდის მონათხრობი ამყარებს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ქალმა მიაკითხა და უთხრა, რომ მისი ნახევარი და იყო.

 

„მამიდაჩემი გარდაიცვალა და ბევრი არაფერი ვიცი. არც უყვარდა წასულ დედაზე ლაპარაკი, მაგრამ ვიცი, რომ მასთან სახლში მოსულა ქალი, რომელიც ნახევარ დად გაეცნო და უთხრა, რომ ჰყავთ კიდევ ერთი ძმაც. ქალს უთქვამს, რომ გურჯაანიდან არიან. ვარაუდით ვიცით, რომ თითქოს ბებიას ის შვილებიც მიუტოვებია. ამაზე ინფორმაცია დანამდვილებით არ გვაქვს. სამწუხაროდ, მამიდას მათთთან ურთიერთობა არ მოუნდომებია და ცივად გაუსტუმრებია”- ამბობს ჩვენი რესპოდენტი.

 

იზა ჩაველაშვილს, ნათესავების პოვნაში საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. ახალგაზრდა ქალს, სურვილი აქვს, საკუთარი სამი შვილი და ბებიის სხვა შთამომავლები ერთმანეთს შეახვედროს და ნათესავებთან მჭიდრო კავშირი იქონიოს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშილი 

ავტორი: Prime Time

X