
ჩოხატაურში მოკლული 26 წლის ავთო კალანდაძის ყოფილმა მასწავლებელმა მანანა ჯინჭარაძემ ფეისბუქში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
მანანა ჯინჭარაძე წერს, რომ გარდაცვლილი ავთო კალანდაძე უნიჭიერესი მოსწავლე და შეუდარებელი ადამიანი იყო.
„ყოფილი მოსწავლე არ არსებობს. დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს, – შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა;
ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოცხლეს დაატარებდა, – სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც;
უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი;
გულით რომ მდომოდა ერთ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი ისეთი პასუხისმგებლიანი იყო; ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას, – ენა არ მომიბრუნდებოდა;
ღიმილს საგზალივით დაატარებდა, – სულ მომღერალი და მოცეკვავე… არც მახსოვს ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს; აქეთ გირჩევდა და დაგაკვალიანებდა… არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია… არც მკვლელისთვის…
„ჭირი მართალსო“ – აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო…
დღეს მე, მოგებული რომ მეგონა ის ომი წავაგე – მეც და მკვლელის მასწავლებელმაც.
ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო… არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ: ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს… არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ…
არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით… დღეს ჩემი და შენი წილი სიმართლე არ არსებობს – დამარცხებულები ვართ.” – წერს მანანა ჯინჭარაძე.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ მოკლეს. გარდაცვლილი ბიჭი მეზობელმა საკუთარ ეზოში იპოვა.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გუშინვე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ყოფილი მოსწავლე არ არსებობს.დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს, – შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა;…
Posted by Manana Jincharadze on ხუთშაბათი, 21 მაისი, 2020























