00:36 | 2020-05-30 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„ჩემი შიშველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოფინა, სექსუალური აქტი კი პირდაპირ ეთერში ვიღაცას აყურებინა“

„ჩემი შიშველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოფინა, სექსუალური აქტი კი პირდაპირ ეთერში ვიღაცას აყურებინა“

გუშინ, „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიას „ვინ ემუქრება ადვოკატს და მის კლიენტს სიცოცხლის მოსპობაში – დიანა გვიშიანის ხმაურიანი განცხადება“ გამოხმაურება მოჰყვა.

 

დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელიც თურქეთის მოქალაქეს ძალადობაში, ხოლო მის ადვოკატს ბრალს სიცრუეში სდებს.

 

ქალბატონი ყვება, რომ ყოფილმა მეუღლემ, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, სოციალურ ქსელში მისი შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა, ხოლო სექსუალური აქტის პროცესი ვიღაცას ლაივ რეჟიმში აყურებინა.

 

გარდა ამისა, ქალი ვარაუდობს, რომ მისი ყოფილი მეუღლე წარსულში დაკავებულიც იყო მკვლელობის საქმეზე.

 

მან „პრაიმტაიმს“ თავისი ისტორია მოუყვა.

 

ხშირად მცემდა ქამრით ისე, რომ მალურჯებდა... - ძალადობის მსხვერპლი ქალის სულისშემძვრელი ისტორია
2020-05-28ხშირად მცემდა ქამრით ისე, რომ მალურჯებდა... - ძალადობის მსხვერპლი ქალის სულისშემძვრელი ისტორია

 

„იმის გამო, რომ თინეიჯერი შვილი მყავს და მას ვუფრთხილდები, სახელი და გვარის გამხელას ჯერჯერობით არ ვაპირებ. რაც შეეხება ბრალდებას, რომ თითქოს მე ჩემს ყოფილ მეუღლეს, მის შვილებსა და ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით ვემუქრები, არის მტკნარი სიცრუე.

 

დაამტკიცოს სად და როდის დავემუქრე. მე არც ადვოკატ დიანა გვიშიანისთვის და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მსგავსი არაფერი მიმიწერია.

 

როდესაც პროკურატურაში შევიტანე საქმე, მას შემდეგ, ყოფილი ქმარი გადამეკიდა.. პირიქით, კიდევ უნდა ვუჩივლო მაგათ ამჯერად, ჩემი პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებისთვის.

 

ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ სასამართლომდე დეტალების გამხელას არ ვაპირებ. აქეთ არ მანებებს თავს ჩემი ყოფილი მეუღლე და მაშანტაჟებს, ჩემი ნებართვის გარეშე გადაღებულ შიშველ ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

 

სექსუალური აქტის დროს ვიღაცას დაურეკა ვიდეო თვალით და ეს პროცესი კაცს აყურებინა.  წინააღმდეგობა რომ გავუწიე მცემა…

 

როცა შიშველს ფოტოებს მიღებდა ვეკითხებოდი, ასე რატომ შვრებოდა, უბრალოდ, შენი ქმარი ვარ და არ შეიძლება, რომ მქონდესო? ამბობდა.

 

ერთხელ ტელეფონის წართმევა ვცადე და მაშინაც მცემა…  ახლაც, ამ კადრების გამოქვეყნებით მაშანტაჟებს. ჩემი ერთი ფოტო, სადაც შიშველი ვარ, უკვე გამოაქვეყნა, „ვოთსაფში“. ეს ყველაფერი უკვე მიტანილი მაქვს პოლიციაში.

 

– თქვენი ყოფილი მეუღლე  წარსულში ნასამართლევია?

 

– თუ არ ვცდები, ადრე იყო. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ადრე მითხრა, დამიჭირეს მკვლელობაზე თუ რაღაც ასეთი დამაბრალესო.

 

სავაში 2018 წელს გავიცანი. თავიდან ძალიან კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. მერე მან თურქეთში წამიყვანა თავის ოჯახში. ჩვენ ოფიციალურად არ დავქორწინებულვართ.

 

ყველაფერი სწორედ იქ ჩასვლის შემდეგ დაიწყო. ოჯახში მის დედასთან და შვილებთან ერთად ვიყავი. როგორც იქ ჩასვლის შემდეგ გავარკვიე, სავაშისთვის მეოთხე ცოლი ვიყავი.

 

პირველი თურქი ეროვნების ჰყოლია, დანარჩენები ქართველები. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი, რომელიც დედას წაართვა და ახლა, მამასთან იზრდებიან. მე ორი შვილი მყავს, თურქეთში ჩემს ოთხი წლის შვილთან ერთად წავედი.  

ორსულს მცემდა და უპატრონოს მეძახდა, რადგან მამა არ მყავდა - ძალადობის მსხვერპლი ქალი
2020-04-10ორსულს მცემდა და უპატრონოს მეძახდა, რადგან მამა არ მყავდა - ძალადობის მსხვერპლი ქალი

 

– როდის დაიწყო ძალადობა?

 

– მალევე დაიწყო ჩემზე ძალადობა. მცემდა გამეტებით. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ არ მაძლევდა უფლებას საქართველოში მყოფ უფროს შვილთან დამერეკა. ამიკრძალა მასთან ურთიერთობა.

 

ტელეფონიც დამალეწა თავზე, ერთხელ ქამრითაც მცემა, მახრჩობდა კიდეც…  ჩემი შვილი ამ დროს კრუნჩხვაში ვარდებოდა, სავაშის დანახვაზე აკანკალებდა, ძალიან ეშინოდა…

 

როცა მცემდა, მერე სექსუალური კავშირის დამყარება უნდებოდა. ასე ძალიან ხშირად ხდებოდა.

 

არ მქონდა ჭამის უფლება მაშინ, როცა მომინდებოდა. სავაშის დედა და მისი შვილები ჩემს ბიჭუნას სცემდნენ. როცა სავაშს ამის შესახებ ვეუბნებოდი, ამბობდა, ალბათ დააშავა რამე და მაგიტომო.

 

იმდენად მამწარებდა, რომ ორ კვირაში უკან წამოსვლა გადავწყვიტე, მაგრამ არ გამომიშვა. სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ ორსულად ვიყავი.

 

თურქეთში კანონმდებლობით აკრძალულია აბორტის გაკეთება. მოტყუებით წამიყვანა რომელიღაც სოფლის კლინიკაში, სადაც პირველყოფილი ადამიანივით მომექცნენ და ნარკოზისა და გამაყუჩებლის გარეშე გამიკეთეს აბორტი. ორ კვირა სისხლდენა მქონდა, ძლივს გადავურჩი სიკვდილს.

 

– რატომ არ მიმართეთ თურქეთში სამართალდამცველებს?

 

– ბევრჯერ ვცადე გამოქცევა, სამწუხაროდ, არც ენა ვიცოდი და არც ფული მქონდა. მეუღლემ ქართული კარგად იცის, მას ჩვენს მშობლიურ ენაზე ვესაუბრებოდი. მოტყუებით და ძალადობით სამი თვე დამტოვა, დამარღვევინა სავიზო რეჟიმი და ავტომატურად დეპორტი გამიკეთა.

 

მერე ვუთხარი, რომ ჩემს ქვეყანაში ძებნას დამიწყებდნენ და ჯობდა თავად დავებრუნებინე საქართველოში. ერთხელ ისე მცემა, რომ მეზობელმა სამართალდამცველები გამოიძახეს.

 

ექსპერტიზაზეც წამიყვანეს, სადაც მრავლობითი დაჟეჟილობაა დაფიქსირებული. მაშინ, სავაშმა თავის შეცოდება დაიწყო, თუ ჩემს თავს დააჭერინებ, ჩემს შვილებს უპატრონოდ დატოვებო. მე შეიძლება გცემო, მაგრამ მეორე წუთში შენთან სექსუალური კავშირი დავამყარო და ჩაგეხუტოო. მეც დამემუქრა. უცხო ქვეყანაში მარტო მყოფს, ბავშვთან ერთად, შემეშინდა. ამიტომ, ჩვენება შეცვალე.

 

სავაშის მეზობელი შეესწრო ფაქტს, რომ ჩემს შვილს ეზოში, წყალში ახრჩობდა. პატარა გაბრიელს 40 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდა სტრესის ნიადაგზე. კლინიკაში მოხვდა.

 

– საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, როდის შეიტანეთ საჩივარი?

 

– როცა ჩამოვედი საქართველოში და საზღვარი გადმოვკვეთე, მიწას ვაკოცე, უფალს მადლობა შევწირე.

 

გონიოში პოლიციის განყოფილებაში საჩივარი დავწერე სავაშის წინააღმდეგ, ეს 2018 წელი იყო.

 

იქიდან თბილისში ჩამოვედი იმ ბინაში, სადაც თურქეთში წასვლამდე ვცხოვრობდი.

 

მალევე სავაშმა რეკვა დაიწყო. შერიგებას მთხოვდა. ნოემბერში საქართველოში ჩამოვიდა. როცა გავიგე, ვერ ვიჯერებდი, რადგან პოლიციაში მის წინააღმდეგ, საჩვარი მქონდა საჩივარი და არ მეგონა, რომ ასე ადვილად შემოვიდოდა ჩვენს ქვეყანაში.   

„ყოველთვის გაგახსენებენ, რაც ვეღარ მოითმინე“ - დავით ცინარიძის მეუღლე
2020-05-02„ყოველთვის გაგახსენებენ, რაც ვეღარ მოითმინე“ - დავით ცინარიძის მეუღლე

 

– როცა ჩამოვიდა საქართველოში შეხვდით?

 

– მითხრა, შენს სახლთან ვარ და შემხვდიო. შერიგებას მთხოვდა. ვხვდებოდი, შიში ყველაფერს გაგაკეთებინებს…

 

არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მას ფულის გამო გავყევი. პირიქით, თუ რამე მქონდა ყველაფერი წამართვა. ჩემი ქალიშვილის ოქროული ლომბარში ჩამადებინა, ტელევიზორი გამაყიდინა. დედაჩემის დანატოვარი ნაკვეთის გადაფორმებას მთხოვდა მის სახელზე.

 

ბათუმში ბევრი მევალე ჰყავს. შპს აქვს და ატყუებს ხალხს, რომ ვითომ იზარალა და ა.შ.

 

სავაშმა ჩემს შემდეგ ვითომ კიდევ შეირთო ცოლი, ქართველი ქალი, რომელიც ყოფილი პოლიციელია. რამდენიმე თვის წინ მწერდა, მასთან განვქორწინდი და ისევ შენთან მინდა შერიგებაო.

 

მისი ე.წ ცოლი ცრუ მოწმედ წაყვა სავაშს სასამართლოში თითქოს მე მათ მივუვარდით. საერთოდ არ ვიცნობ იმ ქალბატონს. მან ცრუ მოწმეობა არ იკმარა და მერე ჩემს შვილს მისწერა ფეისბუქზე ჩემზე ათასი საშინელება.

 

– რა ეტაპზეა გამოძიება?

 

– მერე 2019 წლის მარტში კიდევ ერთხელ ვიჩივლე. მე სავაშს ერთადერთ რამეს ვთხოვ, თავი დამანებოს. პოლიციას არ აინტერესებს ჩემი მდგომარეობა. ამ ყველფერზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ თავისუფლად საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს.

 

საქართველოში მთელი წლის განმავლობაში, ვმკურნალობდი. ძალიან ცუდად ვიყავი. ვარ სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა, რომელსაც ბინის ქირას მერია მიხდის.

 

დავამტკიცებ, რომ სავაში მოძალადეა. რომ დამჭირდეს სტრასბურგამდე მივალ. ჩემს სიმართლეს დავიცავ ბოლომდე. ასე სცემდა ჩემამდე ვინც ჰყავდა ცოლად, იმ ქართველ ქალსაც.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X