
გრანდიოზული და ყველაზე რეიტინგული მეგაპროექტ „ნიჭიერის“ ახალი X სეზონი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში, ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე გაიმართება, მაყურებელს უამრავ საინტერესო, გასაოცარ და გასართობ ნომრებს სთავაზობს.
გურჯაანელი თინათინ ბასოშვილი ,,ნიჭიერის” ფინალში ოქროს ღილაკის დახმარებით გადავიდა. 17 წლის მომღერალმა პროექტში, ჯაკომო პუჩინის ოპერადან „ჯანი სკიკი”, ლაურეტას არია – „O Mio Babbino Caro“ შეასრულა, რომლის საოცარმა შესრულებამ, ჟიურის და საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა მომღერალს, განსხვავებული ხმის ტემბრი აღმოაჩნდა, „პრაიმტაიმი“ თინათინის სხვა შესაძლებლობებით დაინტერესდა და აღმოაჩნა, რომ ქართული ლიტერატურის მოყვარულია და შესანიშნავ ლექსებსაც წერს:
რაც ლაპარაკი დავიწყე, მას მერე ვმღერი. დედა, კულტურის სახლის დირექტორი იყო და ხშირად დავყვებოდი სამსახურში. მეუბნებნებოდა, ერთი წლის ასაკში, უკვე მღეროდიო. დაახლოვებით, 3 წლის ასაკში, სცენაზე ავიპარე და ბავშვებთან ერთად ვიმღერე. ეს ჩემი პირველი გამოსვლა იყო სცენაზე.
– რა სიმღერა შეასრულე?
„საქართველოს ჰიმნს“ მღეროდნენ და მეც ავყევი. არავინ ელოდა ჩემ ასეთ საქციელს და ყველა გაოცებული დარჩა. პირადად მე, ძალიან კმაყოფილი ვიყავი და როგორც მეუბნებიან, კარგადაც შევასრულე, ძალიან „წკრიალა“ ხმა გქონდაო.

საკმაოდ ლაღი ბავშვობა მქონდა. მუსიკალური ოჯახიდან ვარ, მამა და ბიძა კარგი მომღერლები არიან. თუმცა, დედაც ხელოვანი ადამიანია და ამ ყველაფერმა, ჩემზე დიდი გავლენა იქონია.
– რა ასაკში აღმოაჩინე საოპერო ხმის შესაძლებლობები?
მეორე კლასში გლანდების ოპერაცია გავიკეთე და დიდხანს, აღარ ვმღეროდი. მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით ვსწავლობდი. ძალიან მინდოდა სიმღერის გაგრძელება, მაგრამ ოპერაციის გამო, რამდენიმე წელი ვეღარ შევძელი.
ერთ დღესაც, სახლში მარტო დავრჩი და გადავწყვიტე, იმ ენერგიის გამოთავისუფლება, რაც მაწუხებდა. თითქოს, სულის სიღრმეში, რაღაც „მჭამდა“ და ვერ ამომქონდა, სწორედ, ამ დროს ამოვუშვი პირველად ეს ხმა.
– და რა იმღერე?
„შემოდგომის ნისლია“ (მუსიკა – სულხან ცინცაძე, ტექსტი – პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი), რომელიც მთელი ემოციით შევასრულე და ისეთი ბგერები წამოვიდა, პირველად მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო – „ჩემი“.
მეცხრე კლასიდან, თელავის მუსიკალურ სასწავლებელში, ვოკალის სპეციალობაზე განვაგრძე სწავლა. ჩემი პედაგოგი, ძალიან ნიჭიერი და საყვარელი ქალბატონი იზა ცერცვძე იყო. პირველად, სწორედ მან აღმომაჩინა, ხელს მიწყობდა და დიდ ყურადღებას მაქცევდა.

ასევე ჩემი სასწავლებლის დირექტორი, ლელა ონიანი, მასთან დღემდე ვკონტაქტობ და ვმეგობრობ.
ამის შემდეგ, ქ-ნ მზია დავითაშვილთან განვაგრძე სწავლა. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, ხშირად მიხდებოდა გაკვეთილის გაცდენა – მეცადინეობას, ინტენსიურ რეჟიმში, ვერასდროს ვახერხებდი.
სწავლის გადასახადის დაფარვას, ხშირად ვერ ვახერხებდი. ქ-ნი მზია თბილისში ცხოვრობს, ხშირად, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ჩამოვდიოდი და მიწევდა გაკვეთილის გაცდენა.
საშუალო სკოლას, გაისად ვამთავრებ, ჯერ 17 წლის ვარ. ე. მიქელაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ჩავაბარე, ქ-ნმა დოდო დიასამიძემ ამიყვანა, რომელმაც ჩემი შესაძლებლობები და მონაცემები შეაფასა და მივიღე გადაწყვეტილება, სიმღერას გავყვე ბოლომდე.
– „ნიჭიერის“ პროექტში როგორ მოხვდი?
ჩემმა ყოფილმა პედაგოგმა, ლალი მენაბდიშვილმა დამირეკა, რომელიც გურჯაანის ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის დირექტორია, სადაც თავდაპირველად ვსწავლობდი. მითხრა, რომ ძალიან საინტერესო პროექტი იწყებოდა და შემომთავაზა, მონაწილეობა მიმეღო.

თავიდან უარი ვუთხარი, არ მქონდა სურვილი, რადგან ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა და ვფიქრობდი, რომ მზად არ ვიყავი. ეს ყველაფერი, პანდემიის შემდგომ დამემართა და ამიტომ ვარ გავრისკე. დაახლოვებით, ერთი წელია აღარ ვღერი, მანამდე, ფინანსური პრობლემები მქონდა.
– ბევრი გულშემატკივარი გყავს…
ამ ეტაზე, მხოლოდ ერთ თემაზე ვარ მობილიზებული, კონცენტრირებული – სანერვიულოც აღარ მაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანი, უამრავი ადამიანი დაინტერესდა ჩემით. პირველი, ვინც დამეკონტაქტა, ქ-ნი თამარ ივერი იყო, გავიცანით ერთმანეთი, ვისაუბრეთ, რაც ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო.
მითხრა, რომ ჩემ ასაკთან შედარებით, ლამაზი და განსხვავებული ხმა მაქვს. კარგი შესრულება იყო, თუმცა წინ კიდევ ბევრი სასწავლი და სამუშაო გაქვსო. ასევე, ხაზი გაუსვა ჩემ მუსიკალურობას და ინდივიდუალურობას.
ჩემ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მსოფლიოში აღიარებულმა ოპერის ქართველმა მომღერალმა, ჩემთვის საოცნებო სოპრანომ, ჩემ მიმართ, ყურადღება გამოიჩინა.
– „ნიჭიერის“ პროექტში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მმართველი დირექტორის და ჟიურის წევრის, თაკო ფხაკაძის ოქროს ღილაკი დაიმსახურე…
ეს ჩემთვის, უდიდესი პატივი და სიხარული იყო! ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ნ თაკო ფხაკაძეს და ბ-ნ ირაკლი იმნაიშვილს, რომლებმაც ჩემი ხმა მოიწონეს და სწავლის დაფინანსებას შემპირდნენ.

დღემდე ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, კიდევ არ მჯერა, რომ ოქროს ღილაკი დავიმსახურე, უზომოდ გამახარა თაკომ, ნამდვილად არ ველოდი, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურის წევრებს, განსაკუთრებით თაკოს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემით დაინტერესდა და სწავლის დაფინანსება შემპირდა.
კონსერვატორიაში ვაპირებ ჩაბარებას და გამოცდებისთვის მომზადებას. ჩაბარების შემთხვევაში ფინანსურად დამეხმარებიან, თუმცა ყველანაირად ვეცდები, ისე მოვემზადო, გრანტი ავიღო.
თაკო, პირველი ადამიანია ჩემ ცხოვრებაში, ვინც გამოიჩინა ინიციატივა, დამხმარებოდა!
– ყველაფრი ნეგატიური უკან დარჩა, ახალი ცხოვრების საწყის ეტაპზე ხარ…
როგორც ქ-ნმა თაკომ თქვა – ჩემი მომავალი ცხოვრება იმედით და სიხარულით სავსე იქნება!

– მოგვიყევი, შენ სამომავლო გეგმებზე…
ჩემი პირველი გეგმა, კონსერვატორიაში ჩაბარებაა. ყველაზე დიდი მიზანია, ოპერის თეატრში დავიმკვიდრო ადგილი და ამ სფეროში მნიშვნელოვანი კვალი დავტოვო.
რასაც ვსწავლობ, არ მინდა ამ ყველაფერმა, უკვალოდ ჩაიაროს. ყველაზე ბედნიერი „ლასკალას“ სცენაზე ვიქნები, ჩემი ოცნებაა ოპერის სამშობლოში ვიმღერო, სადაც მსოფლიო დონის მომღერლები გაიზარდნენ.
– ყველაზე ძალიან რომელი ოპერა დაგამახსოვრდა?
ოპერაში სიარულს, ხშირად ვერ ვახერხებ, პირველი ოპერა, რომელიც მოვისმინე გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“ იყო, რომელსაც მარიამ როინიშვილი ასრულებდა, ისე მოვიხიბლე, მას შემდეგ სულ ოპერის სცენაზე მიჭირავს თვალი, ვოცნებობ, რომ როდესმე მეც დავდგე. ხშირად ვუსმენ მარია კალასს, თამარ ივერს…
– სიმღერის გარდა, კიდევ რა ინტერესები გაქვს?
დაინტერესებული ვარ ხელოვნებით და ასევ მეცნიერებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ჩემ ცხოვრებაში, პოეზიას უჭირავს.
დედამ შემაყვარა ლექსების კითხვა, თავადაც წერდა ახალგაზრდობაში. შესაძლოა, მისი დიდი გავლენაც არის ის, რომ ასე მიყვარს ქართული პოეზია და ლიტერატურა. ბუნებით რომანტიკოსი ადამიანი ვარ და ამიტომ ჩემი ლექსებიც რომანტიზმისკენ იხრება.
ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც ძლიერს ვგრძნობ. ისეთს, სიტყვები რომ არ მყოფნის და აზრებიც თავში კამათს იწყებენ. როცა ეს მომენტი დგება, არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები – გაკვეთილზე, თუ გზაში, მთავარია, იმის საშუალება მონდეს, რომ ფურცელზე გადავიტანო.

წერის მომენტი, კარგად არ მამახსოვრდება – თითქოს გარე სამყაროს ვწყდები და გონებასა და სულში ღრმად ვიხედები, ვიკეტები. როცა ვასრულებ და ვკითხულობ, ჩემთან ახლოს არის და თან მეუცხოვება კიდეც. ჩემ ერთ ლექსს წაგიკითხავთ:
სიყვარულ, წმინდათა წმინდა, გულმან ყოველწამს გინდაგრძნოს.
ნახვა სიხარულ თვალთ მისთა, ცის ფერთა სული დაფაროს.
ბაგის ტკბილ- ბროწლილ ღიმილი, ღაწვ, ძვირფას ლალის სადარო,
ზამთრის ხარ შვილი, აჩრდილი, გულსა ჩემს ტანჯვად ნატარო.
ტანად მოსილხარ დიდებით, ბუნებით უკიდეგანოდ…
შეუცნობელხარ შენ ჩემთვის, საქებარ სიტყვად დამტკბარო.
ვინა სთქვას შენი სიმდიდრე, „შესაქმის” სწავლით დავღალო, ფიქრნი, მოგიძღვნა ღვთიური, სიკეთის სხივის სადარო.
შენ გაზაფხულო ყოველი, გულისა, გულთა მპყრობელო,
ბროლისა ხელნო დალალებს, კვრად ყელსა თეთრსა მინათოთ.
სამკაულ სამწყაროდ გიჰქმან, ღმერთმან ერთ მრწამსად ღაღადგვყო.
მკერდსა პატივად, ღირსებით, ჯვარი ამაყად ვატაროთ.
ვინა სთქვას შენი ტკივილი,
შენს ცრემლთა მონად გავხადო.
გეტრფივარ შორით, ტკივილით, ასე დროებამ დამამხო.
სიყვარულ წმინდათა წმინდა, გულმამ ყოველწამს გინდა გრძნოს,
ნახვა სიხარულ, თვალთ მისთა, ცის ფერთა სული დაფაროს.
– წერის განსხვავებული სტილი გაქვს…
ჩემ დაწერილს, პირველ რიგში, დედას ვუზიარებ, როგორც საუკეთესო შემფასებელს და მესაიდუმლეს. ამბობს ხოლმე, რომ მხოლოდ ის მიცნობს და ასეც არის. თუ ადამიანს უნდა გამიცნოს, ჩემი, ერთი ლექსი მაინც უნდა წაიკითხოს.
ფიზიკა მიყვარს და ხშირად, ჩემი სურვილით ვსწავლობ. ძალიან მინდოდა ფიზიკოსობა, მაგრამ სიმღერის სიყვარულმა გადაძალა. მთავარია ჩემ მიზანს მივაღწიო და შემდეგ ვიფიქრებ, დანარჩენზე.
– მუსიკის დაწერა არ გიცდია?
როგორ არა, მუსიკაც დავწერე, მაგრამ ფურცელზე არ გადამიტანია და საზოგადოებას არ მოუსმენია. ფორტეპიანოზე მუშაობა, ყოველ დღე მიწევს და ხშირად ვუკრვ, ჩემ შექმნილ მუსიკას.
– შემდეგ ტურში, რას სთავაზობ მაყურებელს?
ვეცდები, იმედი არ გავუცრუვო და კმაყოფილი დავტოვო. შევთავაზო ისეთი ნომერი, რომელიც მაყურებელს და მსმენელს სიამოვნებას მოჰგვრის.
„პრაიმტაიმი“ ხევსურ პოეტ ტარიელ ხარხელაურს და თუშ პოეტ გიორგი რამაზაშვილს დაუკავშირდა და „ნიჭიერის“ ოქროს ღილაკის გამარჯვებულ თინათინ ბასოშვილის შესახებ, ექსკლუზიურად ესაუბრა.
ბ-მა ტარიელმა თინათინთან გასაუბრება ისურვა და სურვილი გამოთქვა, თინათინს პირისპირ შევხვდეს და თავად წაიკითხოს მისი ლექსები:
პოეტი ტარიელ ხარხელაური: – გავესაუბრე თინათინს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ფლობს სტრიქონს, მაგრამ იმ ასაკშია, როცა უნდა გადაწყვიტოს, რა გზას აირჩევს – სიმღერას, თუ წერას, რადგან ორივე, მისგან მსხვერპლს მოითხოვს.
რომელიმე უნდა დათმოს. ძალიან ძლიერია სიმღერაში, მაგრამ რაც შეეხბა ლექსს, ვურჩიე, გაუფრთხილდეს იმ ხმას, ენას რომლითაც მესაუბრა და მხატვრულ დონეზე აიყვანოს, რა თქმა უნდა, თუ მოინდომა. გაუჭირდება ორივე პროფესიის, ერთ სიმაღლეზე დაყენება, ამიტომ, რომელიმე უნდა დათმოს.
ამ ბავშვში, ნამდვილად არის პოეზიიის მუხტი, მაგრამ ჯერ მხოლოდ 17 წლის არის და დიდი გზა აქვს გასავლელი. დღედაღამ ფიქრში და პოეზიით ცხოვრება უნდა განაგრძოს. მხატვრულადაც, ძალიან კარგად აქვს გამართული სტრიქონი, ზოგჯერ არის, რაღაც ინერციით, კალამი გაგირბის და როცა შევხვდები, მინდა ის ადგილი მოვუნიშნო, სადაც კალამი აქვს გაქცეული.
ძველი ქართული სიტყვები შემოაქვს, ძალიან კარგად ფლობს, თანამედროვე ენაზე გადმოაქვს და ეს კარგია. ეს ახალი სიტყვაა ქართულ პოეზიაში. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თინათინს პირისპირ შევხვდე და თვითონ წავიკითხო მისი ლექსები.
რადგან, როცა ავტორი კითხულობს, მახვილს და ემოციას მძაფრი ინტონაციით გაგრძნობინებს, მაგრამ როცა შენ კითხულობ, უკეთ გრძნობ, სად არის უფრო ხელოვნური, ამიტომ მინდა გადავხედო მის ლექსებს.
– ამბობს, რასაც ვწერ, თავისით „მეწერებაო“…
ძალიან კარგია, რომ ასეთი განცდა აქვს. ეს უნდა გაჰყვეს ბოლომდე. ასევეა სიმღერაც, ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა იმღერო და მერე სხვისთვის. ამ დროს, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ მკითხველი.
მინდა, ყველამ ერთად გავზარდოთ ეს ბავშვი, ყოველთვის გამიხარდება მისი წარმატებები. მადლობა თქვენ, რომ ასეთი გოგო გამაცანით, მიხარია, როცა ასეთ ნიჭიერ ახალგარზებს, ყურადღებას აქცევთ.
თუში პოეტი გიორგი რამაზაშვილი: – თინათინის პოეზია უცხო, ძლიერი, სასწაულია, აღვფრთოვანდი! ეს არ არის რომელიმე კონკრეტული კუთხის დიალექტი, ეს არის პირდაპირ უფლისგან დანათლებილი ნიჭი, რომლითაც თინათინის მიერ, ახალი სიტყვა ითქვა ქართულ ლიტერატურაში, ამას ჰქვია საქართველოს კუთხეების დიალექტთა ნაკრების ლექსწერა.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ამ გოგონას გაცნობის. მინდა პირადად ვესაუბრო, რათა თავად ავტორის მიერ წაკუთხული ლექსი ბევრად სხვაგვარი და მდიდრულია. მინდა ვუთხრა, რომ არავის და არაფრის შეეშინდეს.
მისი გამოჩენით, უამრავი ადამიანი დაიდებდ ბინას მის საქილიკოდ მისივე შემოქმედებაში, ასე შემჭამეს და ამომხადეს სული, მე რომ გამოვჩნდი, ჩემი თუშური დიალექტის ლექსებით, ქართულ პოეზიაში.
ზოგი დაუფარავად მაქილიკებდა, ჯერ საუბარი ისწავლე და შემდეგ ლექსი დაწერე, ენას ამახინჯებო, ხოლო შემდეგ, გავიგე, რომ არ არის საჭირო აუცილებლად ყველას მოეწონო.
ლექსი არის მხოლოდ, გულიდან ამოსული რწფელი ფიქრი ყოველგვარი გაპრანჭვისა და შელამაზების გარეშე, ვწერ ცოტათი ლიტერატურულადაც, მაგრამ ვერ ვხედავ ჩემს თავს იმდენად ლიტერატურულში, ისე როგორც დიალექტში, ვერ ვწერ სხვაგვარად და ესეიგი, იმიტომ რომ ვინმეს არ მოსწონს, არ უნდა დავწერო?
ლექსი ჩემი ცხოვრებისა და სიცოცხლის ყველაზე მთავარი, საარსებო ძარღვია. თუკი ოდნავაც რაიმე გამეგება ლექსისა და სიტყვა მეთქმის, მინდა ვურჩიო თინათინს, აუცილებლად გაჰყვეს გულის კარნახს, რთულია ორივე ბუმბერაზი საქმე, ერთად აკეთო ადამიანმა, მას ხმაც საოცარი აქვს და ლექსიც დიდებული.
უნდა დაფიქრდეს და აირჩიოს ერთი გზა, თორემ სხვაგვარად მეშინია არ დაიღალოს და ასეთი ძვირფასი მარგალიტი, უგზოობის მსხვერპლი არ გახდეს.
სულ ვეძებ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლია ლექსის წერა, სიმღერა, და საერთოდ ხელოვნებასთან სიახლივე, თუ კი რაიმე ხელმეწიფება და შემიძლია, მზად ვარ ამ გოგონას გვერდში დავუდგე.
მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო „პრაიმტაიმს“ და სტატიის ავტორს, რათა დაინტერესდა ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდათი და მოიტანა ხალხამდე მისი შემოქმედება. იმისათვის, რომ მე და ტარიელოს( ტარიელ ხარხელაურს) მოგვანდო თინათინის ლექსების გაცნობა.
წარმატებებს ვუსურვებ, ამ უნიჭიერეს გოგონას და მინდა ვიხილო ხელოვნების დიდ მწვერვალზე, როგორც პოეზიის კურთხეულ სანახებში, ასევე სიმღერით.























