
დღეს, 1 ოქტომბერს ტელეკომპანია “ფორმულა” ერთი წლის გახდა. ტელეკომპანია, რეგულაციებიდან გამომდინარე, გრანდიოზული დაბადების დღის აღნიშვნას არ გეგმავს.
არხზე სიახლეები იგეგმება, “პრაიმტაიმი” კი დაინტერესდა, რა ბედი ეწევა სერიალებს – “ჩემი ცოლის დაქალებსა” და “თესეას”.
“ფორმულა კრეტივის” ერთ-ერთი დამფუძნებლისა და სერიალების პროდიუსერისგან – ირაკლი საღინაძისგან ვიგებთ, რომ “თესეას” გადაღებები დაწყებულია, რაც შეეხება “ჩცდ”-ს, რომლის ბოლო სეზონსაც ხმაურიანი დასასრული ჰქონდა, ჯერჯერობით გაჩერებულია.

ირაკლი საღინაძე: – ძალიან გვაფერხებს არჩევნები. პოლიტიკამ წაიღო როგორც ადამიანური, ისე – ფინანსური რესურსი. ველოდებით ჩაიაროს არჩევნებმა და ამ ტვირთვისგან გათავისუფლებულებმა წყნარად მივხედოთ სერიალებს.
გეტყვით, რომ “თესეას” გადაღებები მიმდინარეობს, “ჩცდ” – შეჩერებულია. დიდი პროცესია და იძულებული გავხდით ცოტა ხნით შეგვეჩერებინა. ამ სერიალის გადახალისების ეტაპი მიდის, როგორც შინაარსობრივი, ისე ადამინური კუთხით. გეგმაში გვაქვს, მასში ბევრი სიახლე შემოვიტანოთ. სიმართლე გითხრათ, კონკრეტული პასუხები, როგორ და როდის გაგრძელდება, “ჩცდ”-სთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არც მაქვს. სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება ამის საშუალებას არ იძლევა.
“თესეას” სეზონის ნახევარი თითქმის გადაღებულია. “ვეფხისტყაოსნის” მიუზიკლის დადგმის ისტორია 1 დეკემბრიდან გაგრძელდება.























