
გუშინ, 27 ოქტომბერს, რესტორანთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე, დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე და ასოციაციის წევრი ასმათ ტყაბლაძე შეიკრიბნენ და ამ სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
საქართველოში 10 ათასი რესტორანია. პანდემიის პირველი ტალღის გადავლის შემდეგ, ზაფხულში მათი ნაწილი გაიხსნა, ნაწილმა კი ვერ შეძლო პანდემიასთან გამკლავება. ზოგიერთი გაიხსნა, თუმცა ისევ დაიხურა.
ახალი რეგულაციის თანახმად რესტორნები და კაფე-ბარები 22 საათზე წყვეტენ მუშაობას. როგორც ამ სექტორში მომუშავენი ამბობენ, ეს იგივეა, რომ რესტორანმა საერთოდ არ იმუშაოს, რადგანაც სწორედ ამ დროს მოდის ხალხი რესტორნაში.
გუგა კოტეტიშვილმა ორი დღის წინ, ჩვენთან საუბარში თქვა, რომ მის რესტორანში, საღამოს რვა საათზე, თითქმის ცარიელი იყო დარბაზიც და ეზოც, მაშინ, როდესაც “შავი ლომი” ამ დროს ყოველთვის გადაჭედილი იყო და დარეკვის გარეშე იქ ადგილს ვერ ნახავდით.
გუგა კოტეტიშვილი: – ხალხი ეკონომიურად ხარჯავს ფულს, ჩეკებს რომ ვადარებ, ძველთან შედარებით, ცოტას უკვეთენ. აღარ აქვთ ფული, დანაზოგები პანდემიის დროს დახარჯეს…
ქალბატონმა ასმათმა, როგორც რესტორანთა ასოციაციის წევრმა, გუშინდელ შეხვედრაზე დააყენა წინადადება, რომ უნდა მოხდეს რესტორნებისა და კაფე-ბარების დიფერენცირება, ვის შეუძლია და ვის არა 10 საათის შემდეგ მუშაობა.
ასმათ ტყაბლაძე: – ჩემს კაფე-ბარს თავისუფლად შეუძლია შუაღამის 4 საათამდე იმუშაოს. სამი მაგიდა სულ ცალკ-ცალკე შემიძლია დავსვა. მათ ერთმანეთთან კავშირი არ ექნებათ. დისტანციასაც დაიცავენ და თერმოსკრინინგიც ჩატარებული ექნებათ. მე მეყოფა სამი მაგიდა.
დიფერენცირება რთულია, რესტორნები ყველა უნდა იცოდე, ვინ რას აკეთებს, როგორ მუშაობს და იმის მიხედვით უნდა დაყო. ცოტა არ არის. აუცილებლად დასაკეტია რესტორანი, სადაც 500 კაციანი სუფრაა და მიდის გრიალი.
დღის მანძილზე სამი მაგიდა არ შემოდის კაფეში. ცუდი მდგომარეობაა. ორი კაფიდან მხოლოდ ერთი გავხსენი, მეორე პანდემიის შემდეგ დაკეტილია. აქედანაც შემოსავალი კი არა, სახლიდან მიმაქვს ფული.
კაფე-ბარების 90 პროცენტი გაჩერებულია, ის ხუთი პროცენტი მუშაობს, რომელიც ქუჩაზე ერთადერთია. კლუბებმა ნამდვილად არ უნდა იმუშაონ ახლა, მაგრამ რაღაც კომპენსაციის სახით თანხა უნდა გადაუხადონ, რომ საერთოდ არ დაიკეტოს.
ბევრს იჯარით აქვს აღებული, ქირას ვერ იხდის და ბევრი კაფე-ბარი ამ მიზეზით დაიხურა. ის სამი თვე, რაც პანდემიისას ბანკებმა არ გადაახდევინეს, ახლა უანგარიშეს და ახალ ვალად დაუმატეს ზემოდან.
ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ხალხს არ აქვს სამსახურები, შემოსავალი, ვერ დადიან რესტორნებში. მერე, რესტორანი და ბარი რომ 10 საათზე უნდა დაკეტო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის საერთოდ დაკეტილია. ხალხის შემოსვლა 9 საათიდან იწყება. ამ დროს იკეტება და მორჩა! ვისაც თვითონ უნდა გულაობა, კი აქვთ თავიანთთვის ღია, ქორწილებსაც იხდიან და დაბადების დღეებსაც.
ჩემი იდეაა (და არა მხოლოდ ჩემი) რესტორნებს ღამის 12 საათამდე მისცენ მუშაობის უფლება. რას წყვეტს ის ორი საათი? კორონავირუსი 11 საათზე გადამედება და 10-ზე არა?
ასევე ჩემი სურვილია, რომ ბანკებთან უნდა აწარმოონ მოლაპარაკება. სუბსიდია თუ არ შეუძლიათ, სხვა რამ მოიფიქრონ, რომ სულ არ გაჩერდეს ეს სექტორი. ბევრს ბანკში სახლი აქვს ჩადებული. გამოდის, რომ რესტორანს თუ ვერ ამუშავებს და შემოსავალი აღარ ექნა, სახლები უნდა გაყიდონ.
მოკლედ, შეხვედრის ბოლოს, დაგვპირდნენ, რომ რესტორნების სამუშაო საათის 12 საათამდე გადავადების თემას გადახედავენ. არ ვიცი, ვნახოთ. დღეს-ხვალ გამოჩნდება.
























