
20 აპრილს კინორეჟისორ გოგი (გიორგი) დოლიძეს 87 წლის იუბილე აქვს. ქართველი კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, ლიტერატორი და პროფესორი საკუთარ დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„87 წლის გოგი დოლიძის ჩივილი:
ამბობენ, გულბაათ ჭავჭავაძე ყოველ დილას იმით იწყებდა, რომ სტუმრების შესახვედრად უმალ შეუდგებოდაო სამზადისს, ცხადია, ჩოხა-ახალუხის ჩაცმითა და ა.შ.
და აი, ერთხელაც, ისეთ გუნებაზე გაუღვიძია, რომ როცა ჩოხა-ახალუხი მიართვეს, თავი შეუკავებია და გულდაწყვეტით უთქვამს, დღეს რაღაც არ მინდაო სტუმარი და… გარდაცვლილა კიდეც ლეგენდარული თამადა…

ხვალ, 20 აპრილს, 87 წელი მისრულდება და სტუმარი როგორ არ მინდა, მაგრამ ვაი, რომ ეს ახლა, ამ პირობებში, შეუძლებელია – ჩემს ძვირფას მეგობრებსა და კოლეგებს ვერ ჩავაყენებ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში…
რა მოხდა, ბოლოს და ბოლოს, მოდით ეს „87“, რომ იტყვიან, ყუჩილი იყოს ქარიშხლის წინ, ქარიშხალი კი გაისად ამოვარდება, როცა ორ რვიანს („88“) მივუკაკუნებ და 88-კაციან სუფრასაც გავშლი იმ სახლის აივნებზე, რომელსაც 16 წელია ვაშენებ და მთელი არმია მეხმარება:

ორი ვაჟიშვილი (ერთი პროფესორია, მეორე – ეკონომისტი), ორი მძახალი (ერთი რაიკომის მდივანი იყო, მეორე – მეღვინე), ორი რძალი (ორივე – ექიმი) და ერთი „საწყალი“ სიმამრი (ესოდენ გახმაურებული „ველიამინოვის“ სახინკლის მფლობელი) და მეგობრების (თანაკლასელები თუ თანაკურსელები) მთელი დასტა, მაგრამ მაინც ვერ დავაყენე საშველი.
თუ ასეც გაგრძელდა, სუფრას გავშლი სულაც ვეებერთელა ეზოში, რომელიც ჩემმა უმცროსმა რძალმა, ყვავილების ნამდვილმა ტრფიალმა, ბაღნარად აქცია. წარმოგიდგენიათ, შუაგულ გაზაფხულზე აქ 500 ვარდი იფეთქებს ერთდროულად და საამო სურნელით აივსება იქაურობა – მე შენ გეტყვი და თამადა მყავს საძებნელი?!
ასე რომ, მეგობრებო, მხოლოდ ერთი წლით გადაიწევს ეს ამბავი – მხოლოდ ერთი წლით! – მარად თქვენი გოგი დოლიძე 19.IV.21“ – წერს დოლიძე.






















