
ირაკლი ჭანტურიას შაბათს სამების დიდი საკათედრო ტაძრიდან გაასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. პოეტ ტარიელ ჭანტურიას ვაჟმა, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ფილმით – “სანამ წვიმა გადაივლიდეს”, თავისი კოლორიტულობითა და მრავალმხრივი სამეგობრო წრით, უკვე მოგონებებში გადაინაცვლა.
განსაკუთრებით უფრთხილდებოდა და გვერდში ედგა მეგობრებს, რომელთა ქრონიკული დაავადებების შესახებ გაიგებდა. ასე იყო გიო ხუციშვილის და ხათუნა ჟორდანიას შემთხვევაში.
ცოტა ხნის წინ ხათუნას დედა გარდაეცვალა, ახლა – მეგობარი. ემოციურად ძალიან დაიტვირთა. ამიტომაც ამბობს, რომ ირაკლის დაკრძალვაზე მისვლას ვერ მოახერხებს.
ხათუნა ჟორდანია: – ჩემს ორგანიზმს ემოციები და განცდები აღარ შეუძლია. თბილისიდან წამოვედი, რომ ირაკლის დაკრძალვაზე არ წავიდე. უბრალოდ აღარ შემიძლია.
ვერ დავიკვეხნი, რომ ირაკლი ჭანტურიას უახლოესი მეგობარი ვიყავი, თუმცა გეტყვით, საიდან იწყება ჩვენი ურთიერთობა…
მამა ილია ნასიძის და, თინიკო ნასიძე ჩემი მეგობარია. ეს ის ოჯახია, სადაც ახალგაზრდები ძალიან ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე. მამა ილიას მეგობრებს თინიკოს მეგობრები შევუერთდით.
ეს იყო სახლი, სადაც თბილისის საუკეთესო ახალგაზრდობა, მომღერლები და ბომონდი იყრიდა თავს. მამა ილიას მეგობრები ცოტათი უფროსები იყვნენ ჩვენზე, მაგრამ გვექცეოდნენ თანატოლებივით. ბედნიერება იყო ის წლები. მაშინ რესტორნები ასეთი სიმრავლით არ იყო და ნასიძეების ოჯახი იყო ადგილი, სადაც ამ საზოგადოების თავშეყრით ბედნიერება სუფევდა.
სულ ქეიფები და დაბადების დღეები იყო… ყველას ამ ოჯახში უნდოდა დაბადების დღის გადახდა. რომ გავიგებდით, მამა ილიასთან მისი მეგობრები იკრიბებოდნენ, ჩვენც სასწრაფოდ იქ გავჩნდებოდით. მათ შორის იყვნენ – გიო ხუციშვილი, დათო გომართელი, თავგასა, ირაკლი ჭანტურია, კაკი რამიშვილი, ბაშმაკიჩა… ამ ადამიანებს ერთხელ რომ შეხვდებოდი, ალბათ, არასდროს დაგავიწყდებოდა. იყო სიმღერა, მხიარულება, სიყვარული და არაჩვეულებრივი იუმორი…
ყველას თავისი ირაკლი ჭანტურია ჰყავდა. ჩემი ირაკლი ძალიან მოსიყვარულე, თბილი და განსაკუთრებული იყო. მისი სიყვარული ყველაზე მძაფრად მაშინ ვიგრძენი, როდესაც ეს ავადმყოფობა დამეწყო. ამის შესახებ გაიგო თუ არა, იმ წუთას გაჩნდა ჩემთან. აიღო ტელეფონი და ისრაელში მკურნალობა მთლიანად თვითონ დამიგეგმა. გიოს შემდეგ ამაში გამოცდილება ჰქონდა უკვე. იმ ექიმს, რომელიც ჩვენთვის მიუწვდომელი იყო, მოელაპარაკა, რომ მიმიღებდა. როგორც კი ჩავედი, ორი ადამიანი დამახვედრა და ირაკლის მითითებით დავყავდი ყველგან. ყველა წუთი გაწერილი მქონდა. ამდენად ირაკლის დაგეგმილ და გაკვალულ გზაზე ადვილად ვიარე. ეს მისი დამსახურება იყო… და თვითონ ჩავარდა ამ დღეში…

მე და ნინი დიდი იმედით ვიყავით, რომ ირაკლი შეძლებდა და გამოძვრებოდა ამ მდგომარეობიდან. რატომღაც ასე მგონია, რომ ირაკლიმ არ იბრძოლა. სიმსივნეს ახლავს დეპრესია, თან მძიმე დეპრესია. აუცილებლად შენს თავს უნდა შეუძახო, რომ მოერიო, გადალახო. თავში უნდა ჩაიდო ის, რომ თუ მოგინდება, ამ ავადმყოფობას აჯობებ! მე ვთვლი, რომ სიმსივნეს ყველა დაამარცხებს, ვინც შეებრძოლება. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მგონია, რომ ირაკლიმ არ იბრძოლა, ფარ-ხმალი დაყარა… ვერ მოერია.
გამოცდილება მქონდა, რომ როცა ადამიანები მირეკავდნენ, წუხდნენ, უამრავ ზარზე მიწევდა პასუხის გაცემა, ეს პერიოდულად გამაღიზიანებელია. ამიტომ ზედმეტად არ ვაწუხებდი. სამაგიეროდ, ნინი აწიოკებდა, მესიჯებით, ზარებით. ეს დალიე, ის გააკეთეო – ეჩხუბებოდა. ნინის ვეუბნებოდი, ძალიან შემაწუხებელი ხარ, ასე ნუ აბეზრებ თავს-მეთქი. მაინც არ მეპუებოდა და შავ დღეს აყრიდა აქაც და გერმანიაშიც. ნინისგან ინფორმაციას რომ ვიგებდი, მე კიდე ზედმეტად აღარ ვაწუხებდი ირაკლის.
ყველას ემეგობრებოდა. არ მგონია თბილისში მოიძებნოს რაიმე ასაკის ადმიანი, რომელიც გეტყვის, რომ ირაკლისთან ურთიერთობა ჰქონია და არ ემეგობრებოდა. ყველას თავისი მეგობარი ირაკლი ჰყავდა.
თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ვიცი, ვინც ისეთი სიმღერა იცოდა და ისეთი იუმორი ჰქონდა, როგორიც ირაკლის.
ჟურნალისტებმა რესპონდენტების ამოჩემება იციან და ბევრისთვის მითქვამს, იმდენი კოლორიტი თბილისელი ცხოვრობს ამ ქალაქში, ვისი ჩაწერაც შეგიძლიათ-მეთქი. ერთ-ერთი იყო ირაკლი ჭანტურია. ირაკლის ისტორიები, ამიერიდან, თაობიდან თაობებს გადაეცემა…
იცით რა, ადამიანები ცნობილები რომ გახდნენ, საამისოდ რას არ აკეთებენ. ეს იყო კაცი, რომელსაც ზედმეტი გამოჩენა არ სჭირდებოდა…
























