20:37 | 2020-03-31 ავტორი: Prime Time

ჩინეთი კორონავირუსის შემთხვევების რეალურ რიცხვს მალავს?! – რა იქნება პანდემიის შემდეგ?

ჩინეთი კორონავირუსის შემთხვევების რეალურ რიცხვს მალავს?! – რა იქნება პანდემიის შემდეგ?

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ჩინეთი კორონავირუსის შემთხვევების რეალურ რიცხვს მალავს – ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

 

გამოცემის ცნობით, მეცნიერებმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს აცნობეს, რომ ჩინეთმა კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი დამალა და ის რეალურად 15-40-ჯერ უფრო მაღალია. ვარაუდობენ, რომ ჩინეთი თავისი ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას ცდილობს, როდესაც სხვა ქვეყნებს ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს.

 

ჯონსონი შეშფოთებულია ჩინეთის ასეთი მიდგომით და შესაძლოა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას დიდ ბრიტანეთში 5G-ის ქსელის განვითარების უფლების ჩინური კომპანია Huawei-სთვის გადაცემის შესახებ.

 

გარდა დიდი ბრიტანეთისა, საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, როდესაც კორონავირუსს „ჩინური ვირუსი“ უწოდა და მან ჩინეთი ინფორმაციის გასაჯაროვების დაგვიანებულ ქმედებაში დაადანაშაულა.

 

“ამაზე არავინ დაობს, რომ ვირუსი სწორედ ჩინეთიდან წამოვიდა. ვირუსის შესახებ ჩინეთს მსოფლიოსთვის უფრო ადრე უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია”

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორი შეიძლება იყოს პანდემიის შემდეგ მსოფლიო ლიდერების გადაწყვეტილებები და უნდა ველოდეთ თუ არა გლობალურ დაპირისპირებას.

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პანდემიის შემდეგ ე.წ ლოკალურ სამხედრო აქტივობებს არ გამორიცხავს. თუმცა, აღნიშნავს, რომ პანდემია შედეგებით ომზე უარესია და ძირითადად, ეკონომიკური მდგომარეობა მოახდენს გავლენას გლობალურ პოლიტიკაზეც.

 

„სატელეფონო საუბრები შედგა ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერებს შორის. ჩინეთმა და რუსეთმა, დახმარება გაუგზავნეს ამერიკას, თუმცა ტრამპმა განსაკუთრებულად რუსეთი აღნიშნა. ამ მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, დაპირისპირება საომარ მოქმედებებში არ გადაიზრდება.

 

კოლეგებს შორის არიან საომარი სცენარების მომხრეები. თუმცა, რაც ახლა ხდება, შედეგებით ომზე უარესია. მთელი მსოფლიო პარალიზებულია. რა შედეგებამდე მიიყვანს მსოფლიოს ეს პროცესები, დღეს ვერავინ იტყვის, ვერც ე.წ. ჭკვიანი ინტელექტი, ვერც ჭკვიანი თავები. ვიღაც, ამდენ პროგნოზისტში თუ ასტროლოგში, რაღაც წინასწარმეტყველებას მოარტყამს. რუსეთს უყვარს ყველა მოვლენასთან ვანგას მოშველიება. დასაბუთებული კვლევები ჯერ ვერ ვნახე. ამიტომ ყველაფერ დანარჩენს ვანგაობას დავარქმევდი.

 

მსოფლიოზე დღეს ზეგავლენას არა მხოლოდ კორონავირუსი, არამედ ენერგო ომებიც ახდენს, რომლის გააქტიურების კატალიზატორი პანდემიაც იყო, თუმცა მსოფლიო, მისი ეკონომიკა აქეთკენ ისედაც მიიწევდა. ამიტომ, დღეს უნდა ვიფიქროთ შიდა კონსოლიდაციაზე, რეზერვების, განსაკუთრებით ადამიანური ძალისხმევის მობილიზებაზე, რათა გავუმკვლავდეთ ამ სირთულეებს. გარკვეულ დახმარებას, ალბათ, მივიღებთ, მაგრამ დღეს ყველას უჭირს და ყველა გაუგებრობაშია.

 

ხომ გაგიგიათ ძველი შეკითხვა სომხურ რადიოს, იქნება თუ არა მსოფლიო ომიო? ომი არა, მაგრამ ისეთი მშვიდობა იქნება, ქვა ქვაზე არ დარჩებაო. დაახლოებით ასეა.

 

მსოფლიო ეკონომიკა, ალბათ, რეცესიას ვერ ასცდება. გადაიზრდება თუ არა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში, ამაზე სხვადასხვა პროგნოზებია. ეკონომიკური მდგომარეობა მოახდენს გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე. თუმცა, გიგანტების დაპირისპირებას არ მოველი, უფრო გიგანტების რეგიონული მასშტაბებით გავლენების გაძლიერებას, შესაძლოა ლოკალურ, სამხედრო აქტივობებს“ – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში მეორედაც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამის გამო ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება.

 

„მისი შეჩერება შესაძლებელი იყო. საკმაოდ ადვილად შევძლებდით მის შეჩერებას, რომ გვცოდნოდა, ყველას რომ სცოდნოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ინფორმაცია გაჟღერდა. სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაესაჯაროებინათ და ამიტომ ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვაზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც. მისი თქმით, ჩინეთის მთავრობამ პირველმა იცოდა ის რისკი, რაც არსებობდა.

 

„ჩინეთის მთავრობამ იცოდა ამ რისკის შესახებ, მათ ეს პირველებმა შეიტყვეს და უძვირფასესი დღეები დაგვაკარგვინეს. ათასობით ადამიანს მისცეს უფლება, რომ უხანი დაეტოვებინათ და ისეთ ადგილებში წასულიყვნენ მაგალითად როგორიც იტალიაა, ამიტომაც იტანჯებიან ისინი ასე საშინლად“, – განაცხადა პომპეომ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იყო! - ტრამპი ჩინეთს ადანაშაულებს
2020-03-20ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იყო! - ტრამპი ჩინეთს ადანაშაულებს
  
აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! - ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე
2020-03-13აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! - ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე
 
მედია ომი - ჩინეთმა ამერიკელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა
2020-03-18მედია ომი - ჩინეთმა ამერიკელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა

ავტორი: Prime Time

X