18:54 | 2020-05-16 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ჩინეთის ელჩის თქმით, „TikTok“-ი შეცდომას მალე გამოასწორებს

ჩინეთის ელჩის თქმით, „TikTok“-ი შეცდომას მალე გამოასწორებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ლი იენთან.

 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები და ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაზე.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებული თემები, მათ შორის, ჩინეთში რეგისტრირებული სოციალური ქსელის – „Tik Tok“ ვებ-გვერდზე არსებული ხარვეზის აღმოფხვრის საკითხი.

 

ელჩის თქმით, ჩინეთის მხარემ უკვე მოახდინა კომუნიკაცია სოციალური ქსელის ხელმძღვანელობასთან და ხარვეზი უახლოეს პერიოდში გასწორდება.

 

ასევე როგორც ცნობილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთში საქართველოს ელჩმა უკვე გამართა შეხევდრები კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ასევე მიიღო დაპირება უახლოეს პერიოდში ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე.

 

საგარეო საქმეთა მიჯისტრის მოადგილისა და ჩინეთის ელჩის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი კონვენციისადმი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მიერთების უშედეგო მცდელობაზე.

 

ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა

 

და აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარე განუხრელად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.

 

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყნის მიერ კორონავირუსის დასაძლევად გატარებული ღონისძიებების შესახებ. ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა.

 

ცნობისთვის, TikTok-ის აპლიკაციაში, რომელსაც ასეულობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X