11:50 | 2020-04-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

ჩინეთმა კორონავირუსის უსიმპტომო შემთხვევების აღწერა დაიწყო

ჩინეთმა კორონავირუსის უსიმპტომო შემთხვევების აღწერა დაიწყო

ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოთხშაბათს კორონავირუსის უსიმპტომო შემთხვევების აღწერა დაიწყო. ინფორმაციას reuter-ი ავრცელებს.

 

ჩინეთმა, სადაც კორონავირუსმა გასული წლის ბოლოს იფეთქა, ეპიდემიის კონტროლი მოახერხა და ვირუსის ცხელ წერტილებში სამოგზაურო შეზღუდვების შემცირება დაიწყო.

 

თუმცა, მკაცრი კარანტინის დასრულების შემდეგ, საზოგადოებაში კვლავ არსებობს შიში.

 

ათასობით ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდა, შესაძლოა, ვირუსის მატარებელი იყოს, ისე რომ თავადაც არ იცოდეს ამის შესახებ.

 

როიტერის ინფორმაციით, ამ დრომდე ჩინეთი უსიმპტომო პაციენტების რაოდენობას არ აქვეყნებდა. შესაბამისად, ეს რიცხვი ოფიციალურ მონაცემებში არ ასახულა.

 

თუმცა, ჩინური გაზეთის „South China Morning Post newspaper“ -ის ინფორმაციით, უსიმპტომო პაციენტთა რიცხვები 40 000-ს აჭარბებს. გაზეთი წყაროდ ოფიციალურ დოკუმენტს ასახელებს, რომელიც საჯაროდ ჯერ არ გამოქვეყნებულა.

 

 

საზოგადოებაში არსებული ვირუსის ფარული შემთხვევების შიშის შესამცირებლად, მთავრობამ სამედიცინო ორგანოებს უსიმპტომო შემთხვევების აღმოჩენა და აღრიცხვა უბრძანა.

 

ლიაონინის პროვინციის ჯანდაცვის ორგანიზაციამ მსგავსი შემთხვევების აღრიცხვა ოთხშაბათს დაიწყო და განაცხადა, რომ 31 მარტის მონაცემებით პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა 52-ს უდრის.

 

ხუნანის პროვინციაში კი განაცხადეს, რომ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა მათთან 4-ია და ყველა მათგანი საზღვარგარეთიდანაა შემოტანილი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X