
პანდემიის წინასწარი შეფასებებით, მსოფლიოს მეორე, უმსხვილესი ეკონომიკა სერიოზულ დანაკარგებს განიცდის.
ჩინეთის ეკონომიკა, 2020 წლის პირველ სამ თვეში, წინა წელთან შედარებით, 6,8%-ით შემცირდა. ეს ჩინეთის მშპ-ს ასეთი დაღმასვლის პირველი შემთხვევაა 1992 წლის შემდეგ, როდესაც ჩინეთმა დაიწყო კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნება.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჩინეთის კრიზისი, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე, მოკლევადიანი იქნება და სამყარო ახალ „დიდ დეპრესიაში“ არ გადავარდება.
როგორი იქნება საქართველოს როლი და მდგომარეობა კრიზისის დროს?
ამასთან დაკავშირებით, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორს ვახტან ჭარაიას გავესაუბრეთ:
„ჩინეთმა დღეისთვის გააუმჯობესა მდგომარეობა, იმასთან შეადრებით, როდესაც კორონავირუსის აფეთქება მათთან აქტიურ ფაზაში იყო. ყოველ შემთხვევაში, ამ ფაზის დასასრულისკენ მიდიან. უკვე შეძლეს, რომ თავიანთი ქარხნები აემუშავებინათ და დაეწყოთ საერთაშორისო ვაჭრობა“, – აღნიშნავს ექსპერტი.
ჭარაიას თქმით, ზოგიერთმა ქვეყნამ ჩინეთის ანტირეკლამა და აგრესიულ ქმედებების გამოვლინაც დაიწყო. მათ შორის მაგალითად მოჰყავს იაპონია, რომელიც სუბსიდირებას დაჰპირდა იმ კომპანიებს, რომლებიც გამოვლენ ჩინური ბაზრიდან.
ეს უკვე ერთგვარი ომია ჩინეთის წინააღმდეგ, – განაცხადა ეკონომისტმა.
რაც შეეხება საქართველოს, ჭარაიას თქმით, სხვების მსგავსად, ჩვენი ქვეყანაც ეკონომიკურ პრობლემას განიცდის, თუმცა კრიზისის დაძლევაში უკვე გვეხმარება ის ფინანსური მხარდაჭერა, რაც მსოფლიო ბანკმა და სხვა ფინანსურმა ინსტიტუტმა გამოყო.
„გაჩერებულია ეკონომიკის უამრავი სექტორი. უმუშევრადაა დარჩენილი ბევრი ადამიანი – ზოგიერთი დროებით, ზოგიერთი გაურკვეველი ვადით. მაგრამ ამ ყველაფერს აბალანსებს ის, რომ საქართველოს გვერდში დაუდგა საერთაშორისო თანამეგობრობა, საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორების სახით.
მაგალითად, ევროკავშირმა 180 მილიონზე მეტი ევრო გამოგვიყო, ასეულობით მილიონობით დოლარზეა საუბარი სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან, სხვადსხვა ბანკებიდან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან.
ჯამში ეს ყველაფერი ამ ეტაპისთვის, თუ კრიზისი უფრო მძაფრ ფაზაში არ გადავიდა, შეიძლება ითქვას, რომ საკმარისიც არის, და შეიძლება მეტიც, ვიდრე საქართველოს შეიძლება ამ ეტაპზე დანაკარგი ჰქონოდა“, – აღნიშნავს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.
ჭარაიას თქმით, 3 მილარდ ნახევრამდე დოლარი, რომელი საქართველოსთვის არის გამოყოფილი სხვადასხვა ქვეყნების და ორგანიზაციების მიერ იმდენად დიდი თანხაა, რომ საქართველომ, წესით, მინიმალური დანაკარგებით უნდა შეძლოს წელს ამ კრიზისის დაძლევა.
„მილიარდ ნახევარი მთავრობისთვის, მილიარდ ნახევარი ბიზნეს სექტორისთვის და რამდენიმე ასეული მილიონი ეროვნული ბანკისთვის, არის სავსებით საკმარისი და დამაიმედებელი, იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს წარმატებულად შეძლოს თავის გართმევა, თუ უფრო კატასტროფული სურათი არ შეიქმნება“, – აღნიშნავს ექსპერტი.
კითხვაზე, თუ ეკონომიკური კრიზისის გრძელვადიანი იქნება, როგორ სიტუაციაში აღმოჩნდება საქართველო, ჭარაია ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება.
„გააჩნია მასშტაბებს, ვადებს და ძალიან ბევრ სხვა საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი კრიზისის დროს, სხვებიც იქნებიან პრობლემებში, საქართველოს ეკონომიკა იმდენად მცირეა მდიდარ ქვეყნებთან შედარებით, თუნდაც ეს 3 მილიარდი, რომელიც ახლა არის გამოყოფილი, იმდენად უმნიშვნელოა ფინანსური რესურსის ჭრილში, რომ ამაზე არ დაზარდებიან და შეძლებენ ჩვენს დახმარებას.
შეიძლება 3 მილიარდი ერთი ჩინური სოფლისთვის არ არის საკმარისი, მაგრამ საქართველოსთვის ეს არის ის თანხა რომელმაც საქართველო განვითარების ძველ რელსებზე უნდა დააბრუნოს“, – ამბობს ეკონომისტი.
მთავარი ფოტო: Nina Yorke
ასევე დაგაინტერესებთ:
























