
„პრაიმტაიმი“ ჩინეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეს, ლიკა ლობჟანიძეს დაუკავშირდა და ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში დღევანდელი სიტუაციით დაინტერესდა.
– მეორე წელია, მეუღლესთან ერთად ჩინეთში ვცხოვრობ. ის აქ მუშაობს, მე კი მასთან ერთად ვარ. ქალაქ ლინში ვცხოვრობთ, რომლის მოსახლეობაც 10 მილიონია და ეპიდემიის ცენტრიდან, უჰანიდან 900 კილომეტრში მდებარეობს.
სხვათა შორის, ჩინელები დიდად არ განსხვავდებიან ქართველებისგან. ჩვენსავით მეგობრულები, სტუმართმოყვარეები, ხელგაშლილები არიან და მათთან ურთიერთობა ამის გამო გამიადვილდა.
ქვეყანა მშვიდი და უსაფრთხოა, თავს დაცულად ვგრძნობთ და დისკომფორტს არ განვიცდით.
17-16 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში გავრცელდა ვირუსი. თავიდან არ შემშინებია, მაგრამ როდესაც 3 დღის შემდეგ გამკაცრდა სიტუაცია, განსაკუთრებით – უჰანში, ცოტა შევშფოთდი. ეს ამბები დაემთხვა ჩინურ ახალ წელს. წელს 25 იანვარს იყო ახალი წელი აქ. ჩინელებისთვის ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული და ამ დროს, ყველა ჩინელი, სადაც უნდა ცხოვრობდეს, ცდილობს, მივიდეს ოჯახში.
ამის გამო დაახლოებით 350-400 მილიონი ჩინელი ჩამოდის ქვეყნის ტერიტორიაზე. ასეთ დროს რომ უჰანი მთლიანად ჩაკეტეს, მივხვდი, რომ მოახდინეს ვირუსის ლოკალიზება, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე რომ არ გავრცელებულიყო. თუმცა, ვირუსმა უჰანიდან მაინც გამოაღწია, რადგან მაშინვე არ შეწყვეტილა შიდა გადაადგილება.
ჩინეთში ქალაქი დაყოფილია პატარა უბნებად, რასაც კომუნას ეძახიან (კომუნა გახლავთ რამდენიმე კორპუსისგან შემდგარი დასახლება, რომელიც შემოსაზღვრულია ღობით. შემოსასვლელში დგას შლაგბაუმი, არის დაცვა და კომუნაშივე არის პატარა, ე.წ. საუბნო მაღაზია). 21 იანვრიდან დაიწყო ხალხის აღწერა. კომუნას შესასვლელში გამაჩერეს, ჩაიწერეს ჩემი მონაცემები, მკითხეს ზუსტი მისამართი. სხვა დროს ასეთი სიმკაცრე არ მინახავს და ძალიან შემეშინდა, რადგან მივხვდი, რომ საქმე არც ისე კარგად იყო. 25 იანვარს, ახალი წლის დღეს, როცა ყველა თავის ოჯახში იყო, გადაიკეტა მოძრაობა და გამოგვიცხადეს, რომ უნდა ვყოფილიყავით სახლში.
ჩვენს ქალაქში, ოფიციალური მონაცემებით დაინფიცირებული იყო 49 ადამიანი, თუმცა, უსაფრთხოების ზომები იყო იგივე, რაც უჰანში: არ გვქონდა შინიდან გასვლის უფლება ყოველდღე. აუცილებელი იყო იზოლაციაში ყოფნა. კვირაში სამი დღე შეგვეძლო გარეთ, მაღაზიაში გასვლა, ისიც 1 საათით – დილის 9-დან 10 საათამდე, თუმცა ამის აუცილებლობაც არ არსებობდა და შემიძლია, გითხრათ, რომ კორპუსის ტერიტორია არ დამიტოვებია 2 თვის განმავლობაში. კურიერს მოჰქონდა საჭირო პროდუქტი ან და ჩავდიოდი კომუნაში მდებარე მაღაზიაში.
ცოტა მოგვიანებით კორპუსის შესასვლელში დამხვდა სამხედრო სამედიცინო პერსონალი, რომლებიც მკაცრად აკონტროლებდნენ, რომ შინიდან გასულიყო მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც ჰქონდა საშვი, რომ მიდიოდა სამსახურში. კორპუსის ეზოში იქ მაცხოვრებელი ადამიანის მანქანაც კი ვერ შემოდიოდა. მკაცრად კონტროლდებოდა როგორც კორპუსიდან გამსვლელი, ასევე შემომსვლელი. ამოწმებდნენ ტემპერატურას და ყველას უტარებდნენ დეზინფექციას. ასეთ რეჟიმში ვიცხოვრეთ 60 დღე და სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ ვირუსი არ გავრცელდა და დაცულები ვიყავით.
თავიდანვე გითხარით, რომ ჩინელები ძალიან ჰგვანან ქართველებს, ხასიათით. ერთ-ერთი ასეთი თვისებაა ურჩობა, მაგრამ აქ კომუნისტური წყობაა და მთავრობა რომ გამოსცემს კანონს, უნდა დაემორჩილონ.
პირველივე დღეებიდან აიკრძალა პირბადის გარეშე გასვლა. თუ კამერა დაგაფიქსირებდა (არა და, ჩინეთში ყველგან კამერაა), მოვიდოდა პოლიცია და წაგიყვანდა კარანტინში. იმ სამი დღის გარდა, როცა უფლება გქონდა გასვლის, რაც უნდა შეხვეწნოდი დაცვას, რომ გაეშვი, შანსი არ იყო, გასულიყავი. ისე, ამის პრეცედენტიც არ ყოფილა, რადგან მთავრობამ დაადგინა, უნდა შეასრულო.
ამასთან, მთავრობამ დააწესა ჯილდო, 200 იუანი (დაახლოებით 20 დოლარი) მათთვის, ვინც დაინახავდა სხვა რეგიონის სანომრე ნიშნებით მანქანას ან ინფიცირების ნიშნებს შენიშნავდა სხვა ადამიანზე და შეატყობინებდა პოლიციას. აქაც მალავდნენ სიმპტომებს და ცდილობდნენ, სახლში ემკურნალათ. არა და, მითითება იყო, რომ პირველივე სიმპტომების გამოვლენისას უნდა დაგვერეკა შესაბამის ნომერზე და ჩვენით არ უნდა მივსულიყავით ჰოსპიტალში.
30 დღის განმავლობაში გარეთ არ დამინახავს არანაირი მანქანა, გარდა სასწრაფოს მანქანებისა, არ დამინახავს ადამიანები.
ახლა უკვე ნელნელა აღდგა ცხოვრების ძველი წესი. მანქანებიც დადიან ქუჩებში, ბევრი ოფისი გაიხსნა, რამდენიმე რეგიონში სკოლები და ბაღები გაიხსნა. ხალხი სეირნობს ქუჩებში. ეტაპობრივად ყველაფერი აღდგება.
თუ სადმე შედიხარ, მაღაზია იქნება ეს, ოფისი თუ მოლი, აუცილებლად უნდა დაასკანერო შენი კოდი, რომ სახელმწიფომ იცოდეს, სად შედიხარ. ისედაც იცოდნენ, მაგრამ ახლა უფრო დაწვრილებით იციან, რადგან სადმე რომ გაჩნდეს ვირუსი, უფრო იოლია კონტაქტების გამოვლენა და შესაბამისი ზომების მიღება. არსებობს მწვანე „ქიუარ“ კოდი, რაც მოგენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის სიმპტომები არ გქონია და ჯანმრთელი ხარ. ამ კოდს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით იღებ და იყენებ მატარებლით გადაადგილებისას, ქვეყნის დატოვებისას და გარკვეულ დაწესებულებებში შესვლისას.
ჩვენთან მუშაობდა აპლიკაცია, რომელიც გაჩვენებდა, შენ გარშემო რა მანძილზე იყო ვირუსის შემთხვევა დაფიქსირებული. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან მე ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემგან 3 კილომეტრში იყო ინფიცირებული ადამიანი და იქით გავლა კი არა, გახედვაც არ მინდოდა.
სახელმწიფო ჯერ კიდევ არ ამბობს, რომ მოერია ვირუსს, რადგან დღეში 100 შემთხვევა ჯერ კიდევ ფიქსირდება. ახლა უსიმპტომოდ მიმდინარეობს დაავადება და მთავრობამ შეიმუშავა კანონი, რომ უნდა მოხდეს ყველა ადამიანის ტესტირება, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს.
გარეთ ისევ პირბადით გავდივართ. ხელთათმანი ისეთი აუცილებელი არაა, როგორც პირბადე. თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირუსი არ გადადის ზედაპირთან შეხებით და ის გადადის ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტით.
დაინფიცირებულთან 15 წუთზე მეტი კონტაქტი უკვე მაღალი რისკია.
მე და ჩემმა მეუღლემ თავიდან ვიფიქრეთ, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავით, მაგრამ ძალიან დიდი რისკი იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ვირუსის პირველი შემომტანები საქართველოში და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. მაშინ არ იყო საქართველოში ის სიტუაცია, როგორც დღესაა, 2 კვირიან კარანტინში რომ გადაჰყავთ ჩამოსულები. ამიტომ გადავიფიქრეთ.
ახლა კი ჩინეთის ავიახაზებმა დაიწყეს ფრენა, მაგრამ საქართველოს აქვს ჩაკეტილი საჰაერო სივრცე და ვერ ვბრუნდებით ჯერჯერობით.
ემოციურად ეს ყველაფერი ძალიან რთულია, ჯერ კიდევ მესიზმრება ხოლმე, რომ პირბადეს ვერ ვშოულობ და ძალიან განვიცდი ამას. სასწრაფოს ხმა რომ აღარ მესმის, ესეც მეუცნაურება, ისე მივეჩვიე.
ეს ძალიან დიდი სტრესია. თავიდან გვეშინოდა, რადგან არ ვიცოდით, უცხო ქვეყანაში როგორ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ შემდეგ დავმშვიდდით, რადგან პოლიცია გვირეკავდა 2-3 დღეში ერთხელ და გვეკითხებოდნენ, როგორ ვგრძნობდით თავს. გვეუბნებოდნენ, რომ თუ რამე შეგვაწუხებდა, მიგვემართა მათთვის. სახელმწიფო ზრუნავდა ჩვენზეც, სხვა ქვეყნის მოქალაქეებზეც და ეს სიმშვიდეს გვგვრიდა და იმედს გვაძლევდა
მინდა ვუთხრა ყველას: რაც მალე დასხდებიან სახლში, მით მალე გადაივლის საშიშროება და მთავარია, აქამდე მივაღწიოთ.






















