
კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთი ველური ცხოველებით ვაჭრობას და ჭამას კრძალავს. ჩინეთის უმაღლესმა საკანონმდებლო კომიტეტმა ველური ცხოველებით ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და წინადადება სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრებას გადასცა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვას.

მუდმივმოქმედი კომიტეტი პასუხისმგებელია 3000-კაციანი კრების მოწვევაზე, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო ადრე წლიური სესია გადაიდო. ახალი სხდომა მომდევნო თვის დასაწყისშია დაგეგმილი.
ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ვირუსი სავარაუდოდ ქალაქ უჰანში, ერთ-ერთი ბაზრიდან გაჩნდა, რომელიც ველურ ცხოველებს საკვებად ყიდდა. მიუხედავად სხვადასხვა ვერსიისა, ვირუსის პირველწყარო დადასტურებულად ცნობილი არ არის.
გასული თვის ბოლოს, როდესაც ეპიდემიის აფეთქება მოხდა, ქვეყნის მასშტაბით, ჩინეთმა ველური ცხოველების გაყიდვა დროებით აკრძალა, თუმცა ბაზარში მათი გაყიდვა მალევე დაიწყეს.
შეგახსენებთ, 24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულთა 77 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა 2592-მდე გაიზარდა.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 200-ს აღწევს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 416-თ გაიზარდა.






















