
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ სარაქონში, ბესო ჯალაღონიას ხუთსულიანი ოჯახი ერთსართულიან ხის ფიცრულში წლებია ცხოვრობს. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
„რა პირობებში ვართ,თქვენ თვითონაც ხედავთ,ხელოსანი ვარ და ეს სამი ოთახი მე თვითონ გავაკეთე, მაგრამ ახლა შრომისუუნარო ვარ, ხელის თითები ჩარხში მომყვა და დავკარგე, აწი რა შემიძლია მე ინვალიდ კაცს, სამი შვილი მყავს“, – ამბობს ჯალაღონია.

წვიმის დროს 60 კვ.მ. სახლში წყალი ჩამოდის და ხის კედლები სველდება.
„ერთი მარჩენალი ძროხა, რამდენიმე ქათამი გვყავს და სოციალური დახმარების იმედზე ვართ… სამივე ბავშვი სკოლაში დადის, უფროსი 13 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი რვის. რამდენი რამ უნდათ ბავშვებს, მაგრამ რა შემიძლია, მეუღლეც არსად მუშაობს. რამდენჯერ ვიყავი მერიაში, დახმარების ფარგლებში ბლოკები მაინც მოეცათ, რომ სახლი ძირში ბლოკით მაინც გავამაგრო, დღეს ხვალ მპირდებიან და ჯერ არაფერია“, – გვიყვება ბესო ჯალაღონია.
ოჯახს მეზობლები ეხმარებიან.
ავტორი: თეა შონია






















