
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, მათ შორის, ჟურნალისტებმა.
მეუფე ჟურნალისტებს ურჩევს გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინრიხ ბიოლის ნაწარმოები „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება” წაიკითხონ.
ამასთან, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ჟურნალისტის აღვირახსნილობა მიუღებელია.
„რასაც თქვენ მე მეკითხებით, არ არის შეკითხვა, ეს არის რიტორიკული კითხვები. ყველა ჟურნალისტს მოვუწოდებ წაიკითხოს წიგნი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწერლის, ჰაინრიხ ბიოლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, რომელმაც თავის თავს რაც გადახდა ჟურნალისტებთან ურთიერთობაში აღწერა რომანში, რომელსაც ჰქვია „კატერინა ბლუმის შელახული ღირსება”. როგორ მიიყვანა ჟურნალისტმა ადამიანი თვითმკვლელობამდე. ეს წიგნი წაკითხული გაქვთ? თუ არ გაქვთ წაკითხული სირცხვილი არაა. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყველამ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა, დიდი ბოროტების, რაც მოხდა. ცალკე საკითხია, როდესაც სახელმწიფოს აიძულებ გამოიყვანოს შეიარაღებული ძალები იმისთვის, რომ გააკეთო ის, რაც არ უნდათ ადამიანებს, რომ გააკეთო. ეს არ არის აზრის გამოხატულება, როდესაც ადამიანების უმრავლესობას არ უნდა და დგახარ და საჯაროდ ისეთ რაღაცას აკეთებ და ამბობ, რაც მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისთვის. ეს არის ძალადობა.
ჩვენ, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ. თქვენ თქვენი წილი აიღეთ. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, ჟურნალისტი თავისუფალი უნდა იყოს თუ აღვირახსნილი. ჟურნალისტის აღვირახსნილობა მიუღებელია“, – აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ლექსო ლაშქარავას დღეს კრძალავენ.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























