
“ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებასა და არჩევნებამდე მისვლაზე”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია საუბარი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გააჟღერა.
“ჩემო უძვირფასესო, თავისუფალო თანამოქალაქენო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ერთმანეთს გვერდით დაუდექით, ვისაც თავის დროზე ვაწყენინე, ვისაც დავეხმარე, ვინც მეთანხმება და ვისთვისაც მიუღებელია ჩემი იდეები, ან საერთოდ ნაკლებად ინტერესდება ამით.
ჩვენ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ცალკე აღებულ სიცოცხლეზე არ ვსაუბრობთ, რომელიც აქ დაბრუნებით პრაქტიკულად გადავდე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა ვისაუბროთ თავისუფლებაზე, თავისუფალ არჩევნებზე, თავისუფალ სასამართლოზე, თავისუფალ პროკურატურაზე, თავისუფალ მედიაზე და ზოგადად, ძალადობისგან თავისუფლებაზე.
როგორ მივაღწიოთ ამ ყველაფერს: ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებასა და არჩევნებამდე მისვლაზე.
აქვე მინდა გავიმეორო, რომ არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება, სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ კოალიციურ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის, შუა აზიის მთავრობებს. ეს არის და ეს. უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა. მე დავკავდები ინვესტიციების მოზიდვით ლაზიკაში და განათლებაში.
დღეს ბევრი ძალიან ნიჭიერი, გენიალური ადამიანი შეიკრიბა ორბელიანების სასახლესთან. თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, თოვლის გუნდის ეფექტით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეგიერთდებათ, იმიტომ, რომ თქვენ გამოძრავებთ კეთილშობილური მოტივები, ქვეყნის სიყვარული, ღირსება და სიამაყე. აუცილებლად გაიმარჯვებთ. ვფიქრობ, წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ ჩება.
წარმატებები თქვენ და მთელ საქართველოს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.






















