
„არ ველოდი, რომ ჩვენი მოსახლეობა ამდენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გამოიჩენდა და იმ დონეზე დაიცავდა უსაფრთხოების წესებს, რა დონეზეც იცავს. თუმცა ეს საკმარისი არ არის“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ჩვენთან ვირუსთან საბრძოლველად თავიდანვე სწორი ნაბიჯები გადაიდგა.
„ჩვენ ლაღი ხალხი ვართ და იტალიელებს ვგავართ ყველაზე მეტად და საბედნიეროდ ამ შემთხვევაში არ დავემსგავსეთ. უფრო სწორად, ჩვენ კი დავემსგავსეთ, მაგრამ მთავრობა არ დაემსგავსა იტალიის მთავრობას და იმ მთავრობისგან განსხვავებით, რომელმაც იგნორი გაუკეთა თავიდან ამ ინფექციას, ჩვენთან პირველი დღიდან გადაიდგა სწორი, ადეკვატური და საკმარისი ნაბიჯები, რის შედეგსაც ახლაც ჩვენც ვიმკით და იტალიაც იმკის, ეს უმშვენიერესი ქვეყანა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, თუ საზოგადოება წესებს არ დაიცავს, ეს ქვეყანაში ვირუსის სერიოზულ ზრდას გამოიწვევს.
„ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ის მცირე ნაწილი მაინც მოიტანს შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას. არა ისეთ კატასტროფულ ზრდას, როგორც საფრანგეთში და იტალიაში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვან, სერიოზულ ზრდას. ამიტომ, ვხედავთ, რომ საზოგადოების მეტი ნაწილის რეაქცია იყო სწორი და მოხდა ერთგვარი კონსოლიდაცია, ამ პოლარიზებულმა საზოგადოებამაც კი დროულად დადო ზავი და ყველა ერთმანეთის გვერდით დგას, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 29 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 29 მარტს გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო და გადაადგილების რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.






















