20:30 | 2020-06-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„ჩვენ მხოლოდ ფულის ტომრები არ ვართ“ – ამერიკაში ემიგრანტების ნაწილი საელჩოსთან აქციებს აანონსებს

„ჩვენ მხოლოდ ფულის ტომრები არ ვართ“ – ამერიკაში ემიგრანტების ნაწილი საელჩოსთან აქციებს აანონსებს

ემიგარნტები დახმარებას და ყურადღებას ითხოვენ. „პრაიმტაიმი“ აშშ-ში მცხოვრებ შორენა მოსიძეს ესაუბრა.

 

ჩვენი მკითხველისთვის ეს სახელი და გვარი უკვე კარგად ნაცნობია. არაერთი ისტორია მომზადებულა შეჭირვებულ ოჯახებზე, რომლებსაც შორენა მოსიძე და მისი მეგობრები მატერიალურ დახმარებას უწევენ.

 

ახლა, ეს ადამიანები მთავრობას სთხოვენ, დაეხმარებას, მიზეზი კი არის საკუთარ სამშობლოში, მშობლიურ სახლებში ერთი თვით მაინც დაბრუნდნენ.

 

„ემიგრანტები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, როგორც კი ავიაბილეთები ხელმისაწვდომი გახდა, მაშინვე ვიყიდეთ, რათა საქართველოში ჩამოვსულიყავით.

 

თუმცა, გაგვიუქმეს. ავიაკომპანიებს თანხის უკან დასაბრუნებლად სამთვიანი ვადა აქვთ აღებული. ამასობაში ხომ შეიძლება გამოჩნდეს ჩარტერული რეისი და ბილეთების საყიდელი ფული აღარ გვრჩება.

 

ამერიკიდან საქართველოში რომ ჩამოვფრინდეთ 2000 დოლარი გვჭირდება, უკან დასაბრუნებლად კი, 800 ევრო. ერთია ეკონომიკური პრობლემა და მეორეა მორალური სიმძიმე, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ გაგვიმეტა.

 

მინდა, ყველა იმ ადამიანს გავაგებინო ჩვენი ტკივილი, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის გადაჭრა. ჩვენ, ემიგრანტები ის ხალხი ვართ, ვინც მთავრობას ვეხიდებით, მათი გასაკეთებელის პატარა ნაწილს ჩვენ ვაკეთებთ:

 

ჩვენს გზავნილებზე დამოკიდებული მხოლოდ ჩვენი ოჯახები და ახლობლები კი არა, სრულიად უცხო ადამიანები არიან.

 

ამერიკაში მცხოვრები ქართველების ნაწილს გვაქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის ბიუჯეტიც ჩვენივე ნაშრომია და ჩვენს ნამუშევარს საქართველოში ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს ვუგზავნით.

 

რაც შეეხება ამერიკაში მცხოვრებ იმ ქართველებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ ან არალეგალურად ცხოვრობენ, სამშობლოში დაბრუნება უნდათ.

 

აქ კიდევ დამატებით სირთულეს ვაწყდებით. არიან ისეთები, ვისაც ვადაგასული პასპორტები აქვთ და მათ საქართველო ამ მიზეზით არ იღებს.

 

„ამ მძიმე წუთებშიც კი, არ მინანია ასეთ ცხელ ადგილზე მუშაობა“ - ქართველი „ხეორხიანა“ პანდემიის ეპიცენტრიდან
2020-03-27„ამ მძიმე წუთებშიც კი, არ მინანია ასეთ ცხელ ადგილზე მუშაობა“ - ქართველი „ხეორხიანა“ პანდემიის ეპიცენტრიდან

 

ჩემს შემთხვევაში, ჯერ კიდევ საქარტველოს მოქალაქე ვარ, არასრულწლოვანი შვილი ამერიკის მოქალაქე მყავს, რომელსაც ჩემი ქვეყნის მთავრობამ ჩემს სამშობლოში შემოსვლის ნება არ მისცა.

 

ძალიან მძიმეა ჩვენთვის შვებულება ერთ ოთახში გამოკეტილებმა გავატაროთ, როცა მანდ მოხუცი დედები, მამები, ოჯახის წევრთა საფლავები, მონატრებული შვილები გველოდებიან.

 

ჩვენ, ემიგრანტები წელიწადში მხოლოდ ერთ თვეს „ვცხოვრობთ“, ეს ის თვეა, როცა საქართველოში მოვდივართ და ემოციურ სიმაძღრეს ვგრძნობთ.

 

დარჩენილ 11 თვეს ისევ მომავალი წლის ზაფხულის მოლოდინში, სამშობლოში ისევ დაბრუნების იმედში ვატარებთ… ჩვენ, ემიგრანტები პანდემიის განმავლობაში გაორმაგებული ძალებით ვმუშაობდით.

 

ეს იმიტომ, რომ მეტი ანაზღაურება გვქონოდა და მანდ ჩვენთვის უცნობი ოჯახებისთვის დახმარების ხელი გამოგვეწოდა.

 

ჩვენ, ემიგრანტები მხოლოდ ფულის ტომრები არ ვართ, რომ საქართველოს ბიუჯეტზეც ვიზრუნოთ, სხვების საკეთებელიც ვაკეთოთ და ხელისუფლებისგან ზურგშექცვის მეტი ვერაფერი მივიღოთ.

 

ჩვენ, ჩვენი ფულით, ჩვენს სამშობლოში, ჩვენი მონატრებული ჭაღარა დედების და ტელეფონის ეკრანებზე თვალმიდევნებული გაზრდილი შვილების ნახვის უფლებას ვითხოვთ.

 

მე არ ვსაუბრობ როგორც ერთი ემიგრანტი, ამერიკაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ქართველების სახელით გესაუბრებით, მიიღეთ საჭირო ზომები და მოგვეცით სამშობლოში ჩამოსვლის შესაძლებლობა.

 

ამისათვის, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი მოთხოვნა:

 

  • აღდგეს რეგულაური ფრენები;

 

  • მოიხსნას კარანტინი და ადგილზე მოხდეს ვირუსზე ტესტის ჩატარება;

 

  • სელჩომ დაჩქარებული წესით გასცეს პასპორტები (ორმაგი მოქალაქეობა/მოქალაქეობის შენარჩუნება) საქართველოს იმ მოქალაქეებზე, ვისაც ამ ეტაპზე, მხოლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტი აქვს და ამის გამო, ძვირადღირებულ ჩარტერულ ბილეთსაც ვერ ყიდულობს, რათა მთავრობამ ქვეყანაში არ შემოუშვას.

 

მოსიძე ამბობს, რომ თუ ამ მოთხოვნებს არ შეასრულებენ, საელჩოს წინ აქციებს გამართავენ.

 

შედარებით შორეულ ვადაში კი, ე.წ. დეი ოფ-ს ყველა არჩევნების დღისთვის გამოვიყენებთ და მხარს, ხელისუფლების შეცვლას დავუჭერთ, რათა შორეულ ქვეყანაში ვიგრძნოთ რომ ჩვენს ხელისუფლებას ვჭირდებით, ვახსოვართ და ჩვენზე ზრუნავენ!“ – ამბობს შორენა მოსიძე.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X