17:09 | 2021-12-08 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ჩვენს თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს – კახა კალაძე

ჩვენს თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს – კახა კალაძე

„გუშინ დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. მინდა, მადლობა გადავუხადო საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ყველა იმ დეპუტატს, ვინც იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის დაპირებები, რომელიც საარჩევნო პროგრამის სახით არის წარმოდგენილი, ზედმიწევნით შევასრულოთ”,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

 

“გუშინდელ მიმართვაში, ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაწილში ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ვყოფილიყავით კონსტრუქციული და ეს არ ყოფილიყო ისე, როგორც განვლილი ოთხი წლის განმავლობაში იყო – არანაირი კომუნიკაცია და ურთიერთობა. ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი განცხადება გავაკეთეთ და ვთქვით, რომ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯს, რომ თანამშრომლობა დავიწყოთ. შესაძლოა, არ გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ოპოზიციასთან თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ პოლიტიკური კონკურენციის, სამწუხაროდ, ხშირად დაპირისპირების მიუხედავადაც კი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიც ეცდებიან, რომ საკუთარი აგური დადონ ამ საქმეში. მქონდა წარმოდგენა, რომ ყველაფრის მიუხედავად, შეძლებდნენ, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან ამ ქალაქის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მათ დაუჭირა მხარი და მისცა შესაძლებლობა, რომ დედაქალაქში მათი ინტერესები დაიცვან და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ჩაერთონ. შესაძლოა, ამგვარ ერთიანობას, პასუხისმგებლობიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს ჩემთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს ხალხს და არც თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X