
ავსტრალიაში მცხოვრებმა 25 წლის ჯოან ჟუმ, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის გამო, ერთი მილიონი დოლარი მოიგო. ლატარიას საფუძველი ფილანთროპიულმა ორგანიზაციამ ჩაუყარა, რომლის მიზანია, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს.
The Million Dollar Vax Alliance-მა, ანონიმური დონორებისა და კომპანიებისაგან შემდგარმა ჯგუფმა, ერთი მილიონი დოლარის ოდენობით ჯეკპოტი გამოყო. ისინი აცრილთათვის ას ცალ ათას დოლარიან სასაჩუქრე ბარათსაც არიგებდნენ ყოველდღიურად.
“მინდა, რომ ჩემი ოჯახი ჩინეთიდან პირველი კლასით წავიყვანო და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დავაბინაო ჩინური ახალი წლისათვის, თუკი საზღვრები ღია იქნება. ოჯახის წევრებს საჩუქრებს ვუყიდი და დანარჩენ ფულს დავაბანდებ, რათა მომავალში მეტი გამოვიმუშაო და, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს დავეხმარო.“ – განაცხადა ჟუმ
აცრის წამახალისებელი კამპანიები ახალი რამ ნამდვილად არ არის. ვაქცინაციის პოპულარიზაციისათვის აშშ-შიც უამრავი რამ გამოუყენებიათ: უფასო იარაღები, ლუდი, კანაფი, დონატები, ფული, კოლეჯის სტიპენდიები და სასაჩუქრე დასვენებები, თუმცა მიღებული წარმატება სხვადასხვა დონისა გახლდათ. მეორე მხრივ, ზოგიერთი კომპანია აუცრელი პირებისათვის ხელფასიდან თანხის დაქვითვას ან აცრისათვის საბოლოო ვადების დაწესებასაც განიხილავდა, რომელთა გასვლის შემთხვევაში მათი საქმიანობა დასრულდებოდა.
თავდაპირველად ავსტრალიამ ქება დაიმსახურა თავისივე მკაცრი სტრატეგიის გამო, რომელიც საზღვრების ჩაკეტვასა და ხანგრძლივ კარანტინს მოიცავდა. ნორმალურ მდგომარეობასთან დაბრუნების სურვილისა და მეტად გადამდები დელტა ვარიანტის წყალობით, ამჟამად COVID ვაქცინებს გადამწყვეტი როლი უკავია. პანდემიის დაწყებიდან ავსტრალიამ გასულ კვირას საზღვრები პირველად გახსნა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინირებული პირებისათვის.






















