
თბილისში გამოჩდნენ კომპანიები, რომლებიც ახალ კორონავირუსზე სწრაფ ტესტს აკეთებენ. ერთ-ერთი მათგანია – „კატასტროფის ცენტრი“, სადაც, Covid-19-ის ტესტის გაკეთება ბინაზე გამოძახებით 150 ლარად არის შესაძლებელია, თუმცა თუკი ექიმის მომსახურებაც გჭირდებათ ტესტთან ერთად ჯამში 200 ლარის გადახდა მოგიწევთ.

რამდენად სანდოა აღნიშნული სწრაფი ტესტი, ამ კითხვის კომპანიის ცხელ ხაზზე დავრეკეთ, სადაც გვითხრეს, რომ ტესტები გერმანული კომპანიის დაკვეთით ჩინეთში – Zhejiang Orient Gene Biotech-ის მიერაა წარმოებული და მისი სანდოობა 98%-ია.
მათივე თქმით, ტესტი პასუხს, გაქვთ თუ არა ახალი კორონავირუსი, 15 წუთში ადგენს.
„კატასტროფის ცენტრში“ ამბობენ, რომ აღნიშნული ტესტის გამოყენება გუშინდელი დღიდან დაიწყეს.
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ „კატასტროფი ცენტრს“ და კიდევ სამ კომპანიას აქვს ნებართვა კორონავირუსის ტესტირებაზე.
„დღეისათვის 8 კომპანიას ჰქონდა შემოტანილი დოკუმენტაცია რეგულირების სააგენტოში ტესტების შემოტანაზე და რეგულირების სააგენტომ თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კონსულტაციის გავლის საფუძველზე, 4 ასეთ კომპანიას დართო ნება, რომ შემოეტანა საქართველოში სწრაფი ტესტებიც და PCR ტესტებიც.
დღევანდელ მდგომარეობაში არც ერთ უწყებას, ისევე როგორც კომპანიებს, არ აქვთ უფლება მიიღონ მოგება ადამიანებზე, სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგებით კომერციალიზაციას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და ეს თანხები უმეტეს შემთხვევაში, ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, როცა მას თან დაერთვება ექიმის დანიშნულება ტესტის საჭიროების შესახებ”, – განაცხადა ეკატერინა ტიკარაძემ.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, კიდევ რომელ კომპანიას აქვს ნებართვა კორონავირუსის ტესტირებაზე და ამ კითხვით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების დირექტორს, ზაალ კაპანაძეს მივმართეთ.
აღმოჩნდა, რომ უშუალოდ „კატასტროფის ცენტრს“ სწრაფი ტესტები არ დაურეგისტრირებია და მათ უბრალოდ იმ 4 კომპანიიდან ერთ-ერთისგან შეიძინეს და ახლა მათ რეალიზაციას ახდენენ, ხოლო კომპანიების დასახელება, რომელბმაც სწრაფი ტესტები დაარეგისტრირეს კონფიდენციალურია.
„უშაულოდ „კატასტროფის ცენტრს“ სწრაფი ტესტები არ დაურეგისტრირებია, ოთხივე კომპანია, რომელმაც დაარეგისტრირა ტესტები კერძო სამართლის სუბიექტები არიან. ზოგადად კომპანია, რომელიც არეგისტრირებს ტესტს არ არის აუცილებელილი, რომ უშუალოდ მათ განახორციელონ ტესტირება. ისინი, როგორც იურიდიული პირი ისე არეგისტრირებენ და შესაძლებელია შემდეგ გადასცენ მესამე პირს“, – ამბობს ზაალა კაპანაძე.
ამასთან, როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების დირექტორმა გვითხრა, დღესდღეისობით რაიმე კონკრეტული მექანიზმი სწრაფი ტესტის ღირებულების განსასაზღვრად არ არსებობს.






















