
CoVid-19-ით ინფიცირებულმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა სამედიცინო პერსონალს საწოლების შეერთება სთხოვა, რათა ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამის შესახებ ინფორმაციას mirror ავრცელებს.
90 წლის ანტონიო და 86 წლის ანტონია ახალ კორონავირუსზე ესპანეთის ქალაქ მურსიაში, „Mesa del Castillo“-ს საავადმყოფოში მკურნალობენ.
ისინი 50 წელია, რაც დაქორწინებულები არიან.
სამედიცინო პერსონალმა წყვილის ხელჩაკიდებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„ორივეს ახალი კორონავირუსი აქვს. წყვილმა გვთხოვა მათი საწოლები შეგვეერთებინა, რათა ხელის ჩაკიდების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ისინი ერთამანეთზე ძალიან ზრუნავენ და მუშაობის დროს ყველანაირად ცდილობენ თავი კარგად გვაგრძნობინონ. ისინი ჩვენგან ტაშს იმსახურებენ“.
ექთნის, ლორენა რომეროს თქმით, ცოლ-ქმარმა მას უთხრა, რომ ისინი აუცილებლად ერთად უნდა ყოფილიყვნენ, რადგან წყვილები სულ ერთად უნდა იყვნენ.






















