23:11 | 2020-03-30 ავტორი: ანეტი მიქელაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრს პულსზე ხელი ედო – რას ჰყვება №13 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრს პულსზე ხელი ედო – რას ჰყვება №13 პაციენტი

ლევან ყამარაული უკვე მეჩვიდმეტე დღეა ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და კორონავირუსს მკურნალობს. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ვირუსის სიმპტომები ბოლომდე არ გამქრალა.

 

„სიმპტომების გამოვლინება დაიწყო დაბალი სიცხით, მაქსიმალური მქონდა 38.2. ზოგადი სისუსტე და კიდევ რაც მნიშვნელოვანია, ცხვირში სუნის შეგრძნება გამიქრა და მეორე დღეს გადმომიყვანეს კლინიკაში. ჩემი ოჯახის წევრებიც დაინფიცირდნენ. მათ შორის ჩემი მცირეწლოვანი შვილები. 2 წლის უმცროსი უკვე განიკურნა“, – ჰყვება პაციენტი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

 

ყამარაული აღნიშნავს, რომ სხვების მაგივრად ვერ ისაუბრეს, თუმცა მის შემთხვევაში სიმპტომები იყო ყელის სიმშრალე, დაბალი ტემპერატურა და სუნის აღქმის უნარის დაკარგვა. „განსაკუთრებული ხველა არც ერთს არ გვქონია“, – აღნიშნავს ყამარაული.

 

ის და მისი ოჯახი იტალიის კლასტერს მიეკუთვნება. „იტალიის კლასტერს ვუკავშირდები. ერთად ჩავიტარეთ ტესტი ოჯახმა. მე ვეჭვობდი და ჩემი ოჯახიც რისკის ქვეშ იყვნენ. მინდა აღვნიშნო, რომ დაავადებათა ცენტრიდან ყოველდღე გვიკავშირდებოდნენ. ამოწმებდნენ ჩვენს მდგომარეობას და პულსზე ხელი ედოთ. ჩვენ რომ უკვე ვუთხარით, როგორ მიმდინარეობდა სიმპტომები, თვითონვე გამოგვიგზავნეს სასწრაფო და ანალიზით დადგინდა რომ გვქონდა ვირუსი“ , – იხსენებს კოვიდ-19-ის პაციენტი.

 

ყამარაულის თქმით, კორონავირუსიან პაციენტებს ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ და ისინი ერთმანეთისგან იზოლირებულად იმყოფებიან. „არ შეიძლება პალატიდან გასვლა საერთოდ. კონტაქტი ერთმანეთთან არ გვაქვს. ზოგი ჯანმრთელდება 1 კვირაში, ზოგს სჭირდება 20 დღე“, – ამბობს პაციენტი.

 

ის მადლობას უხდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძეს და ყველა ექიმსა და ექთანს, რომლებიც ამჟამად ზრუნავენ პაციენტებზე.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X