
მერაბ კოსტავა – ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი.
ამ მაიდენტიფიცერებელი რამდენიმე სიტყვიანი ჩამონათვალის მიღმა ქარიშხლიანი, ბრძოლებითა და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული კაცის ცხოვრება იმალება.
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული.
ზოგი „ერის სინდისს“ ეძახდა, ზოგიც „კუშტ მხედარს“, სიყრმის მეგობარმა ზვიად გამსახურდიამ კი „ძე ქარიშხლისა“ უწოდა.
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობისა და საკუთარი დაბადების დღე მერაბ კოსტავამ ბოლოს 1989 წელს აღნიშნა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, იმ დღეს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. 1989 წლის 26 მაისს მერაბ კოსტავა 50 წლის გახდა…
იმ დღეს მერაბს ერთი უცნაური საჩუქარი მიუღია. ეს იყო ხის გადაჭრილი ტოტი, რომელზეც 50 სანთელი ენთო…
ეროვნულ გმირს მისი კლასელი და მეგობარი, დიპლომატი და პუბლიცისტი – გელა ჩარკვიანი „პრაიმტაიმთან“ იხსენებს.
გთავაზობთ ამონარიდს არქივიდან
გელა ჩარკვიანი: – მე, მერაბ კოსტავა და ზვიდ გამსახურდია კლასელები ვიყავით. ყოველთვის ახლობლად მიმაჩნდა მერაბი.
მერაბი ტიპიური გმირი იყო. გმირი რას ნიშნავს? ადამიანი, რომელიც იდეის გამო ყველაფერს გაწირავს, მათ შორის – საკუთარ სიცოცხლეს.
იდეა მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სხვა ყველაფერი. საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ მისი დამოკიდებულება ბავშვობიდან მოდის.
მას და ზვიადს ეს იდეა მუდმივად ჰქონდათ. პირველად, როდესაც დააპატიმრეს, მე მაშინ მოსკოვში ვსწავლობდი.
იმ დროს გაზეთში არაფერი იწერებოდა, ვინ დაწერდა რამეს. ეს ამბები შემთხვევით გავიგე.
ერთ დღესაც სკოლის სცენაზე ფორტეპიანოზე ვუკრავ და უცებ დავინახე, შავგრემანი „რაღაც“ დგას დარბაზში (იცინის). აღმოჩნდა, რომ დედაჩემს გამოუგზავნია ჩემთან.
ძალიან გამიხარდა. ციხეში მგონიხარ-მეთქი, ვუთხარი. გამომიშვესო… ჩემს წიგნში, „ნაგერალა 2“-ში არის ეს სიუჟეტი აღწერილი.
1956 წლის 9 მარტზეა ლაპარაკი, თითქოს სტალინთან დაკავშირებით დააკავეს, სინამდვილეში კი მათი ლოზუნგებისა და იდეისთვის.
მას აზრი არასდროს შეცვლია, პრინციპები არასდროს დაურღვევია. კომპრომისზე არ წასულა. ამიტომაც იჭერდნენ და უმატებდნენ წლებს.
– ბატონო, გელა, როგორ ფიქრობთ, 80 წლის ასაკში როგორი იქნებოდა?
– შეიძლება რაღაცები არ მოწონებოდა, თუმცა მთლიანობაში კმაყოფილი იქნებოდა, რომ საქართველომ მთავარ მიზანს – დამოუკიდებლობას მიაღწია.
მე მგონი იამაყებდა იმით, რომ ამაში მისი წილი ძალიან, ძალიან დიდი იყო. ვიღაცამ დაწერა, დღევანდელი სიტუაცია არ მოეწონებოდაო. არ ვეთანხმები.
საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, აქ საკამათო არაფერია. მართალია ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, მაგრამ სახელმწიფოებრიობა არსებობს და ის დამოუკიდებელია.
მიმაჩნია, რომ მერაბი იამაყებდა, რადგან მის გმირობას ამ მონაპოვარში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
























