
ბრუნდება თუ არა პოლიტიკაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების” დამფუძნებელი ირაკლი ალასანია?! – ამ საკითის გასარკვევად “პრაიმტაიმი“ თავად ირაკლი ალასანიას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
“ჟურნალისტებთან რომ არ ვიძლევი ინტერვიუებს, ხომ იცით. არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ”,- განაცხადა ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ალასანიას პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მასთან პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა კომუნიკაცია სხვა საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა.
„პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, ირაკლისთან კომუნიკაცია არ მქონია. პიროვნული ურთიერთობების თვალსაზრისით, ერთმანეთს ვეხმიანებით ხოლმე. ის პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს.
რეალურად, „თავისუფალი დემოკრატები“ დაშლილია და აღარ არსებობს. „თავისუფალი დემოკრატები“ ვინც დააფუძნა და ამ პარტიის პოლიტიკურ სახეს წარმოადგენდა, პარტიაში აღარ არის.
ირაკლი ალასანიამ წინა 2016 წლის არჩევნებზე სწორედ იმ გარემოებათა გამო, რაც მაშინ მოხდა, ვგულისხმობ ჩვენი წევრების სახელისუფლებო გუნდში გადაბარგებას, პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა”,- განაცხადა შავგულიძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას, შავგულიძე გვპასუხობს:
“რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით, ირაკლის პოლიტიკაში დაბრუნების მოსაზრება არ გამოუთქვამს“,- განაცხადა შავგულიძემ.























