
„როგორ შევცვალე ცხოვრება მე და როგორ იცვლება გარემო ჩემს გარშემო. „ვიცხოვროთ აქ და ახლა“ შემდგომში, მეტად დეტალურად ასევე ჩემს პირად გამოცდილებას და მიღებულ ცოდნას გაგიზიარებთ ბევრი საინტერესო ცხოვრებისეული თემის გარშემო.
გირჩევთ იმას თუ როგორ დაამშვიდოთ თქვენი ცხოვრება და იგრძნოთ თქვენში ის დიდი ძალა, რასაც ღმერთი ჰქვია. მიყვარხართ და მჭირდებით. იცხოვრეთ აქ და ახლა, იყავით მადლიერი იმისა რაც გაქვთ, გიყვარდეთ ყველა წამი ცხოვრების.
ჩაეხუტეთ ყველას ვისაც კი შეგიძლიათ, ილოცეთ, გიყვარდეთ ღმერთი როგორიც ის გესახებათ, ირწმუნეთ, გჯეროდეთ ერთმანეთის… გიყვარდეთ ყველა და ყველაფერი, იყავით ბედნიერი რომ გაიღვიძეთ, ისიამოვნეთ ცხოვრებით.
მე მიყვარს ის რაც მაქვს და ვიცი, რომ ყველაფერი მექნება თუ კი სწორად და სხვისთვის ვიცხოვრებ“ – ექიმი, პრაქტიკული ფსიქოლოგი კოტე მათითაშვილი.
პლასტიკური ქირურგი და გადაცემა “ექიმების” წამყვანი, კოტე მათითაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ახალ ცხოვრებას იწყებს. რა იმალება ამ ყველაფრის მიღმა და რა გახდა მიზეზი, რომ ცნობილმა ექიმმა საკუთარ პროფესიაზე უარი თქვა, „პრაიმტაიმის“ ინტერვიუდან შეიტყობთ:
რთულია, ამ საკითხზე მოკლედ ვისაუბრო, მაგრამ შევცდები, უფრო კონკრეტულ თემებს შევეხო. გამომდინარე იქედან, რომ დღეს, ჩვენ ქვეყანაში ძალიან რთული მდგომარეობაა, არეულობაა და ჩვენ, ადამიანები, ამ არეულობაში ვკარგავთ საუთარ თავს, დინებას მივყვებით და გვგონია, რომ ჩვენ ვმართავთ ჩვენ ცხოვრებას.

რეალურად, ასე არ არის. ჩვენ უბრალოდ, გარკვეულ მოქმედებებს ვაკეთებთ ამ ჩვევებით და განვლილი ცხოვრების გზით, მშობლებიდან და მასწავლებლებიდან ნასწავლს ვიყენებთ, როგორც ინსტრუმენტს, ცხოვრების სამართავად.
სინამდვილეში, ამ ჩვევების განვლილი გზის გამოცდილების გამოყენება ცხოვრების სამართავად, აბსურდია. არ ვიცით, რამდენად სწორია, ის რასაც აქამდე ვსწავლობდით, ამიტომ რაღაც ეტაპზე, მივდივართან ან საიქიოში (გარდავიცვლებით), ან რაღაც ეტაპზე გვეძლევა ძალა, ვხვდებით, რომ ჩვენ ცხოვრებას ვერ ვმართავთ.
გარდა ამისა, არსებობს სულიერი სიცარიელე, რომელიც ყველა ადამიანს გვაქვს. ზოგი ამას გრძნობს, ზოგი ვერა და ამ ყველაფერს, გარკვეულ სახელებს არქმევს – მოწყენა, დეპრესია, მარტოობა, არა რეალიზებულობის შეგრძნება და ა. შ.
ამის შევსებას, ზოგი სამსახურით იწყებს, რომელიც მე პირადად, უკვე განვლილი მაქვს, ზოგი ალკოჰოლით – ეს ეტაპიც განვლილი მაქვს, ურთიერთობების ძებნით, რომელიც ასევე გავიარე.
– განვლილი რატომ, ექიმად აღარ მუშაობთ?
ჩემი საქმიანობა, მაისიდან შევწყვიტე, ამ ეტაპზე, არსად ვმუშაობ. ქირურგიული პრაქტიკა, დროებით შეჩერებული მაქვს. სავარაუდოდ, 1-2 წელიწადში განვაახლებ. როგორც ველოსიპედის ტარება არ ავიწყდება ადამიანს, ისე არ მავიწყდება ჩემი საქმე. ოღონდ, როცა ვიქნები მზად, რომ ისევ ჩემი საქმე ვაკეთო. ახლა მზად არ ვარ, სხვა მიზნები მაქვს – პარადოქსია, მაგრამ ასეა…
– საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მიგიღიათ…
რა თქმა უნდა. ადამიანი 45 წლის ასაკში რომ პროფესიას თმობ და სკოლადამთავრებული ხდები, მხოლოდ ღმერთის იმედი გაქვს. მეც ზუსტად ამით ვცხოვრობ, ამ ყველაფრის მჯერა. ბევრი ფაქტი მაქვს ნანახი, ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაც მინდოდა სიგიჟემდე, მაგრამ მომხდარა სრულიად სხვა რამ, რაც ყველაზე მაგარი აღმოჩენილა.
მაგალითად, პატარა, წითელი მანქანა გინდა. გგონია, რომ იყიდი, მაშინ იქნები ყველაზე ბედნიერი. არადა შეიძლება პატარა, შავი ჭიქა იყიდო და უფრო ბედნიერი იყო. ასეთ ყოფით საკითხებს, ჩემთვის, უკვე ფასი დაეკარგა. ღმერთი ალაგებს ამას, მაგრამ ამ ყველაფერს, სწავლა უნდა. თქვენ ემსახურეთ მას სწორი გზით და ის მოგემსახურებათ თქვენ!
მთელი ცხოვრება ეძებ, რომ ეს სულიერი სიცარიელე შაივსო, ოღონდ ამას ვერ ხვდები და საკუთარი თავი, განყენებული გგონია. შეიძლება მაგალითად, მოხვდე ათას კაცში, გარშემო მხიარულება იყოს და შენ თავს მარტო გრძნობდე, მაგრამ ამას ვერ ხვდებოდე. როცა ამას აღიქვამ და აკვირდები, მერე ხვდები, რომ თუ ეს ყველაფერი არ შეცვალე, ცხოვრება გენგრევა.
მიუხედავად იმისა, რომ კარგ რამეს აკეთებ, გამოდის, რომ შედეგები ცუდია. სხვაზე ზრუნავ, მაგრამ გამოდის, რომ მაინც საკუთარ თავზე ფიქრობ. ეს ყველაფერი, სამყაროს კანონებს ეწინააღმდგება, ამიტომაც ხდება, პირადი ცხოვრების ნგრევა.
რაც შეეხება ჩემ მიმართულებას, მინდა გითხრათ, რომ ბავშვობიდან მიტაცებდა ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, სულიერება და არც ვფიქრობდი, რომ აქამდე მივიდოდი, მაგრამ, ალბათ ასე იყო საჭირო – ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო.

შესაბამისად, სამყაროში ტყუილად არაფერი ხდება. ჩვენ ამ სამყაროს შემადგენილი ნაწილი ვართ. დადგა ის პერიოდი, როცა დამჭირდა საკუთარი თავის შეცვლა. მივხვდი, რომ ჩემ ცხოვრებას ალკოჰოლით ვივსებდი. სულ გაქცევებში ვიყავი. მთელი მსოფლიო მოვიარე, მაგრამ დაწყებული ნებისმიერი კონტინენტიდან, უბრალოდ დამამახსოვრდა, რომ იქ ვიყავი.
იქაც ალკოჰოლი იყო, ალკოჰოლს ვებრძოდი. ალკოჰოლის მოხმარება, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მთვრალი, ან „გალეწილი ეგდო“ სადმე. მისი მოხმარება, გჭირდება პატარ-პატარა პრობლემების შესავსებად, მაგრამ გამოდის, რომ ხდები ალკოჰოლიკი, ან რამეზე დამოკიდებული.
ყველა ადამიანი, დაბადებიდანვე რაღაცაზე დამოკიდებული ვართ, მერე ვითარდები და ვლინდება ეს სიმპტომები, ზოგჯერ თამაშით; მძაფრად აირია ჩემი ცხოვრება, არაფერი გამომდიოდა, არაფერი. აღარც ეს ჩემი ქირურგია მაინტერესებდა. სწორედ, ამის შემდეგ მივედი „12 ნაბიჯის პროგრამაში“, სადაც ჩემი ძმაც მუშაობს და ამ პროგრამაში ჩავერთე.
კარგი ადამიანები გავიცანი, ბევრს ჩემზე მეტი პრობლემა ჰქონდა. ამავდროულად, დავიწყე თვითგანვითარება ლიტერატურით, მასწავლებლების, გამოცდილი ადამიანების მოსმენით, სხვადასხვა ინტერნეტწყაროების მოძიებით და ეს პროცესი, თვეების განმავლობაში გაგრძელდა.
– რა გავლენა მოახდინა თქვენზე ამ პროგრამამ?
გარდა იმისა, რომ ექიმი ვარ, ჩემი შინაგანი აურა, შეძენილი განათლება, ადამიანებთან შემდგომი ურთიერთობისთვის, ჩემთვის უდიდესი ინსტრუმენტი გახდა. ზოგადად, ადამიანთან საუბრის სწავლა, არ მჭირდება, ეს კიდევ ცალკე მეცნიერება და მიმართულებაა. არ მჭირდება, ადამიანის შინაგანი ანატომიის სწავლა.

პრაქიკული ფსიქოლოგია, ზუსტად ეფუძნება საკუთარ ჭირ-ვარამზე და საკუთარ ემოციებზე განვლილი გამოცდილების გაზიარებას, პლუს სწავლა, როგორ ემსახურო ადამიანებს, თუნდაც ფსიქოლოგიის მიმართულებით.
როგორ დაეხმარო მათ, თუნდაც დამოკიდებულ ადამიანს, ან ემოციურს, თუნდაც ეგოცენტრიკს. როგორ მიახვედრო, რომ პრობლემები მათშია და არა გარე სამყაროში. როგორ დააწყებინო ახალი ცხოვრება, როგორ დაარწმუნო, რომ მისი ბიზნესი, ურთიერთობები, ოჯახის წარმატება, მისი თანადამოკიდებულებიდან გამოყვანის ხელშეწყობის ფაქტორებია – „ჯიგრულად“ სვამს, თუ უბრალოდ „კაი ტიპია“.
როცა ოჯახში პრობლემებია, თუნდაც ოჯახის ერთი წევრი დამოკიდებულია, იქ ყველაფერი დესტრუქციულია, არ არის კონსტრუქციული – რეალური. ამიტომ ჩემი გამოფხიზლება, ორმხრივია – ერთი არის გააზრებულად ცხოვრების დაწყება, მეორე – გამაბრუებელი საშუალების, ჩემ შემთხვევაში, ალკოჰოლის არ მოხმარება.
ამის შემდეგ, ცხოვრება სრულიად სხვა ხდება – რეალური, ჭეშმარიტი, ფაქტობრივი, როგორც არის ფილმში „მატრიცა“(ეს ფილმი, ტყუილად არ არის გადაღებული), რეალურადაც ასეა.
ამ ყველაფერს, საკმაოდ დიდი ძალა ჭირდება. ეს ძალა, საკუთარ თავში არ არის, ამიტომ ვერ ანებებ თავს ყავას, ალკოჰოლს, თამაშს, ნიკოტინს. ამიტომაც არის, ერთ ერთი ინსტრუმენტი – „12 ნაბიჯის ფილოსოფიური პროგრამა“. ეს არ არის სექტა, რელიგია, ან მსგავსი რამ.
ეს არის სერიოზული, გამოცდილი, საუკუნოვანი ისტორიის მქონე პროგრამა, რომელმაც უამრავ, მილიონობით ადამიანს, მძლავრი მხარდაჭერა აღმოუჩინა, მათ შორის მეც.
რასაც საკუთარ თავზე მუშაობისას, ნაბიჯების გავლისას ვიყენებდი. ახლაც ამ ნაბიჯებს გავდივარ. ამ პროგრამაში, ჯგუფურ თერაპიაზე, მე თვითონაც მყავს სპონსორული ადამიანები, რომლებსაც ვეხმარები, ჩემთან ერთად მიმყავის წინ და გამოფხიზლების გზაზე ვაყენებ.

ეს არ არის მარტივი, ურთულესი გზაა, მაგრამ ამავდროულად, შენი ცხოვრების მიზანი ავტომატურად ხდება, აკეთო ის საქმე და ის სიკეთე, რაც ადამიანებს, პირდაპირი დანიშნულებით მოხმარდება.
„12 ნაბიჯის პროგრამის“ და მისი სიკეთეების შესახებ, ბევრმა არ იცის, რაც უმეტესად ახალგაზრდების პრობლებაა. მხარდაჭერა, სავარაუდოდ, ბევრ ადამიანს ჭირდება, თუნდაც რამდენიმე ადამიანი გადაარჩინოთ…
– თქვენც ხომ გადამრჩენლის პროფესია გაქვთ?
იცით რა, გადამრჩენელის როლი, მქონდა ცხოვრებაში, თუმცა, ეს არ არის სწორი მიმართულება. როცა გადამრჩენელი ხარ, ვერავის გადაარჩენ. ის რაც შემიძლია და რაც ჩემ ძალას აღემატება, ღმერთს აქვს მხოლოდ, უბრალოდ ამის გამტარი უნდა გახდე სამყაროში, უნდა მიხვდე, რომ შენ ამის ნაწილი ხარ და დაბადებისთანავე, დაკისრებული გაქვს გარკვეული მოვალეობა.

როცა იბადები, ამის შემდეგ, კიდევ ერთი „რეპორტი“ სჭირდება ადამიანს. ფიზიკური დაბადება, არ ნიშნავს დაბადებას. ადამიანი, მეორედ უნდა დაიბადოს, თვითონ დაინახოს საკუთარი, ჭეშმარიტი თავი, იგრძნოს, რომ ის სამყაროს ნაწილია.
სწორედ, ამის შემდეგ მოგეცემა ის ძალა, რომელსაც უფლის – უზენაესის ძალა ჰქვია. რაც გინდათ ის დავარქვათ, უფრო მასშტაბურად შევხედოთ, ვიდრე კონკრეტულ რელიგიაზე ვისაუბროთ. ერთი მიზანი დამრჩა ცხოვრებაში, რაც უნდა ვაკეთო – ადამიანებს ვემსახურო!
– გამოდის, რომ ადამიანი, სანამ „უფსკრულში არ გადაიჩეხება“, ვერ ცვლის ცხოვრებას…
ის რაც თქვენ ბრძანეთ, აბსოლუტურად მართალი ხართ. ნებისმიერ ადამიანს, თუკი დახმარებას ითხოვს და შენ ხელს გაუწვდი, სწორედ, ეს არის გადამრჩენელის როლში გამოსვლა და ადამიანების ცხოვრებაში შეღწევა. ასეთ ადამიანს, აუცილებლად უნდა დაეხმარო.
ღმერთმა ამ ადამიანში უკვე ჩააგდო ის ნაკვერჩხალი, რომ მიეცეს საშუალება, ამ „მატრიცული“ ქსელიდან, საზოგადოებრივი ეგოდან გამოძვრეს და საკუთარი თავი და რეალური ფუნქცია დაინახოს.
ეს შეიძლება იყოს ქირურგი, ჟურნალისტი, მეწაღე და ა. შ. ჩვენი ცხოვრების სულიერი დანიშნულება, ადამიანების მეთვალყურეობა, სიკეთის კეთება და საკუთარ თავზე დაკვირვებაა, შემდეგი ნაბიჯის გაუმჯობესება, ადამიანების სასიკეთოდ.
თუ ვიმსჯელებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, თუნდაც 1% , ცხოვრებას ამ ლიგიკით დაიწყებს, ან თუნდაც, 200 ადამიანი გამოფხიზლდება და გაიღვიძებს, უკვე დიდი საქმეა.
ტერმინები – გამოფხიზლება, გასხივოსნება, გააზრება ძალიან მძაფრად ჟღერს, ეს რეალობაა, აქ მისტიკური არაფერია – ჩვეულებრივი ამბავია. დამიანები ამას აღწევენ და ბევრ სხვასაც ეხმარებიან. აქ არ არის ჯადო, მისტიკა და არც მეტაფიზიკა – ეს არის რეალობა, სამყარო.
რა არის ღმერთი? დავდივართ და ვეძებთ. ღმერთები თავად ვართ, ჩვენშია ღმერთი. როგორც კი, ერთ სივრცეში დავინახე ეს ყველაფერი და მივხვდი, რომ ჩემი ეგო მებრძვის (ძალიან ძლიერია 45 წლის ეგო, მორევა რთულია), აღმოვაჩინე, რომ ის ძალიან მძლავრია.
ეს ინსტრუმენტები უნდა იქნას გამოყენებული, მაგრამ „მორევას“ ნუ დავიწყებთ, ჩავაჩოჩოთ გვედზე და დავინახოთ რეალური „ჩვენ“. რეალურად განვიცადოთ ცხოვრება. ამიტომ ეს, ძალიან მძლავრი და ჩემთვის საინტერესო თემა, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. წიგნებიდან თავს ვერ ვყოფ. გენიალური რამეა, უბრალოდ აქამდე მისვლაა საჭირო.
იმის თქმა, რომ მე ადამიანებს ვეხმარები, ეს უბრალოდ არ ხდება. თუ ეს ყველაფერი არ გაიარე, თუ არ გეტკინა, თუ არ დაეცი უკიდურეს, უმძაფრეს მდგომარეობებამდე, რომელიც რეალურ სამყაროში შეიძლება სხვადასხვა ფორმით არის გამოხატული, მანამდე, ამას ვერ ხვდები.
– ეს ყველაფერი გაიარეთ და მხოლოდ, ამის შემდეგ შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება…
ალკოჰოლის მიღება და ჯოჯოხეთიდან გაქცევა, კი არ შევწყვიტე, ფხიზელი ცხოვრება ავირჩიე, სამოთხის გზას დავადექი. აქ დიდი სხვაობაა. ალკოჰოლიდან ვინც გარბის, ისევ უკანვე ბრუნდება. ვინც ფხიზელ ცხოვრებას იწყებს და ირჩევს, ის გადარჩება.
– ანუ, გამოდის, რომ ალკოჰოლისგან გაქცევასა და ფხიზელ ცხოვრებას შორის დიდი სხვაობაა…
ნამდვილად დიდი სხვაობაა. ჩვენ ძირითადად ვირჩევთ, ან ჯოჯოხეთიდან გაქცევას, რომელიც უძლიერესია და გეტყვით, რომ ეს ძალა დედამიწას მართავს, ან ვიწყებთ სამოთხის გზის გაკვალვას.
ამ ორ დატვირთვას, სულ სხვადასხვა ენერგია აქვს. ჯოჯოხეთიდან გაქცევის მექანიზმია მაგალითად, ალკოჰოლიკისთვის კოდის ჩადგმა, ფიცის დადება, პირობის მიცემა, ხატზე დაფიცება და ა. შ. საკუთარ თავში დარწმუნება, რომ მე განსაკუთრებული ვარ, მე შევძლებ, რომ მოვერიო ჩემ დამოკიდებულებას და შევივსო ჩემი სულიერი სიცარიელე.

არადა, ასე არ არის, სამყაროს თავისი კანონები აქვს, სადაც ყველაფერი წერია. ჩვენ რომ ვერ ვხედავთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენზე ეს კანონი არ მოქმედებს. მთავარია საკუთარ თავთან მართალი იყო, თავი არ უნდა მოიტყუო.
– ანუ, გიწევთ საკუთარ თავთან ბრძოლა…
თავს ვერ ებრძვი, საკუთარ თავზე დაკვირვება გიწევს. მარტო გაუჭირდება ადამიანს და ამიტომ, აუცილებლად სჭირდება, გვერდში მდგომი, ვინც მასზე წინ არის, ვინც დაანახებს ამ გზებს, ინსტრუმენტებს, თვით ანალიზის ტექნოლოგიებს.
ეს გასავლელი გზაა, რომელიც შეიძლება ერთ თვეში, ან ერთ წელში გაიარო და სასწაული ენერგია მოგეცეს, მაგრამ ნამდვილად ღირს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ დავიბადებით მკვდრები და მოვკვდებით მკვდრები.
ზოგადად მკვდარი სულები ვიბადებით. პატარა ბავშვს, რომელსაც თვალებში სინათლე აქვს და უკიდეგანო სივრცეს ხედავს, შიგნით იკარგება, ქრება, გარეგანი ფაქტორებით, სწავლებით, დარიგებებით, დოგმებით, რჩევებით, წესებით, ტრადიციებით. ათასი რამით იწამლება და კარგავს საკუთარ „მეს“ – რეალურ დანიშნულებას სამყაროში.
ჩვენი დანიშნულებაა – ვემსახუროთ სამყაროს. ნებისმიერი სახით, ნებისმიერი საშუალებით გავცეთ სიკეთე და არ მოვითხოვოთ ანგარება. ალბათ, ასე ეწერა ჩემი ცხოვრების სცენარში, რომ აქამდე მივსულიყავი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არა ჩემი დაცემა (არ ნიშნავს რომ ქუჩაში დავეცი ან წუმპეში ჩავარდი) შინაგანად, ემოციურად, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. ბოლომდე როცა გაიხლიჩები და მიხვდები, რომ ან უნდა უშველო თავს, ან სმა უნდა გააგრძელო და შენ ეგოს მიჰყვე.
მიჰყვე მორევს – წახვიდე მიტინგზე, დაიჭირო დროშა, დაიცვა რაღაცის უფლება, ვიღაცას ტაში დაუკრა, ვიღაცას გაუბრაზდე – სრული იდიოტიზმია!
ამიტომაც გვაქვს ტვინი, ამიტომაც გვასწავლა ღმერთმა, რომ ჩვენ მოაზროვნე ადამიანები ვართ და ეს აზროვნება არა ჩვენი თავის, არამედ სამყაროს საიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. სამყარო თვითონ გვილაგებს იმას, რაც ჩვენ გვჭირდება.
მაშინ მოგვეცემა ფული, სიყვარული, ის ემოციებიც, რაც ჩვენ გვინდა, თუ სწორ გზაზე დავდგებით. როცა სწორად ცხოვრობ, ნაკლებად ეგოისტი ხარ, გამოდიხარ ამ ეგოცენტრებიდან (ამაზე ცალკე ვმუშაობ), გინდა რომ ეს ეგო დაამარცხო.
ქართველები, ძალიან მძლავრი ეგოცენტრულები ვართ. სულ გვგონია, რომ სხვაზე ვზრუნავთ, ამ დროს ყველაფერს საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ. აქედან გამოსვლა კი, გაძლევს საშუალებას, ადამიანებს დაეხმარო.
პრაქტიკული ფსიქოლოგიის „მუღამიც“, სწორედ ის არის – არ საჭიროებს რამე სერთიფიკატის აღებას და დიპლომის კედელზე ჩამოკიდებას. ეს უნდა იგრძნო, მიიღო. შენ უკვე ბუნებრივად გაქვს ემპათიის გაკეთების უნარი, მთავარია, დეპრესიაში არ ჩავარდე.
მყავს მეგობრები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ საზღვარგარეთ წავლენ სამუშაოდ, კარგი ცხოვრება ექნებათ, იმას ვერ ხვდებიან, რომ პასაპორტში, თვითონვეა „ჩაკრული“ და სადაც არ უნდა წავიდეს, თვითონ მიდის და ამით ვერსად გაიქცევი.
კარგ ქვეყანაშიც უამრავი ალკოჰოლიკი, უსახლკარო და ნარკომანია. თუ კარგი ქვეყანაა, რატომ არიან მაშინ ასეთი ადამიანები? ამაზე არ ფიქრობენ და გარე ფაქტორებში ეძებენ პრობლემებს, ისევე როგორც მე.

შვილებისგანაც სრულიად მოწყვეტილი ვიყავი. ორი ბიჭი მყავს 16 წლის და 18 -ის და უკვე, ამ თემებზე მიწევს საუბარი, ბუნებრივია გარკვეული საზღვრების დაცვით, რადგან ყველა ასაკს თავისი ინფორმატიული სივრცე აქვს.
არც ზედმეტი მიაწოდო, მაგრამ, არც უნდა დააკლო. ასეთ მამას რომ მხედავენ, უხარიათ. ვგრძნობ, რომ ჩემით ამაყობენ, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც ამაყობდნენ, მაგრამ რით, არ იცოდნენ. ახლა უკვე, სულ სხვა ფასეულობებს ხედავენ ჩემში. ვფიქრობ, რომ ჩემი ბლოგები, კვირაში ერთხელ მაინც გამოქვეყნდება.
– ყოველ კვირას გექნებათ ვიდეო ჩართვები?
ეს ღმერთის ნებაა, როცა ვიგრძნობ, რომ რაღაც მაქვს სათქმელი, უფრო მაშინ მექნება ჩართვა. ზუსტ დროს ვერ გეტყვით. სხვა შემთხვევაში, რამდენიც უნდა ვისაუბრო, ვფიქრობ, რომ დამაჯერებელი არ იქნება.
– რასაც აკეთებთ, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარეა და სავარაუდოდ, აბსოლუტურ რეალობასთან გვაქვს საქმევფი – ქრობ, რომ ეს პროექტი, ბევრ ადამიანს გადაარჩენს…
საზოგადოების დიდი ნაწილი ნარკტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულია. სანამ ბოლომდე არ დაეცემი, ვერ მიხვდები, რომ სხვა გზა არ გაქვს. ეს უნდა გამოცადო და იგრძნო. სანამ არ მიხვდები, რომ თავს კარგავ, მანამდე არ გექნება სურვილი, რომ ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწიო.
თუ ჩვენ გვერდზე მყოფ ადამიანს ვხედავთ, რომ იღუპება, ანადგურებს თავის ოჯახს, ჩვენ ვალდებულები ვართ შევთავაზოთ, ან მივცეთ ინფორმაცია, რომ მას დახმარება ჭირდება. ამის მერე, მისი ეგო, ავტომატურ დონეზე გაუცნობიერებლად იწყებს შფოთვას.
ყველა ვარიანტში იწყება ისეთი პროცესები, რომლებიც ამ ადამიანს მიიყვანს გააზრებულ ქმედებამდე, რომ მას მართლაც პრობლემა აქვს, ან ბოლობოლო დაეცემა. ძალიან ცუდი მოსასმენია, მაგრამ ასეა.
ადამიანი, თუ მთელ ცხოვრებას თრობაში გაატარებს, დარწმუნდება რომ კლუბში, ბარში, რესტორანში დიდ სიამოვნებას იღებს. რაც საქართველოში კლუბები, რესტორნები და ბარებია, ყველაფერი მოვლილი მაქვს და მინდა გითხრათ, რომ ეს ტოტალური სიცარიელეა.

– შესაძლებელია, ბევრმა ახალგაზრდამ გიპასუხოთ, რომ თქვენ ეს უკვე გაიარეთ… მე ახლა ვიწყებ გართობას…
თავისუფლად! ღია, თავისუფალი ნებაა და ყველა ადამინს შეუძლია, თავისი აზრი დააფიქსიროს. ზუსტად აქ ირთვება ეს მექანიზმი, სხვისი გამოცდილება გაიზიაროს. არ არის აუცილებელი, დაეცეს და განადგურდეს.
მას აქვს ამის საშუალება. მაგალითად, მე არ მქონდა ამის საშუალება – სანამ ბოლომდე არ დავინგრიე და ეს ტკივილი არ ვიგრძენი, მანამდე, უბრალოდ, ამ ადამიანების რჩევებს ვუსმენდი. ამაში, ჩემი ძმა ძალიან დამეხმარა. თვითონაც გაიარა ეს პროგრამა და ამ ეტაპზე, მყარად დგას ფეხზე. ვხედავდი, რომ კარგად იყო, მაგრამ ვფიქრობდი, ასეთ ცხოვრებას, რა აზრი აქვს-მეთი.
– სავარაუდოდ, ბევრ ადამიანს დაებადება ეს აზრი…
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია. მოდი დავუბრუნდეთ ისევ ფილმს – „მატრიცა“, სადაც არის წითელი და ლურჯი ტაბლეტი. ერთი ტაბლეტის არჩევისას, ჩვენ ვირჩევთ რეალურ, ჭეშმარიტი ღმერთის მიერ ბოძებულ ცხოვრებას, მეორე მიმართულებით კი, კანფეტის ქაღალდში შეფუთულს.
თუ ჩვენ ღვთის გზას ავირჩევთ, იმ ენერგიის გზას, რასაც სამყარო ჰქვია, ასეთ შემთხვევაში, არ დაგვჭირდება გაბრუებულ მდგომარეობაში ყოფნა. აღარ დაგჭირდებათ ის ადამიანები, რომლებიც თქვენთან, მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ერთად დალიოთ, ერთად იცინოთ, ან ვინმეს დასცინოთ.
მეც გავიარე ასეთი ბრძოლები, ეს ჩვეულებრივი, ეგოს დაცვის მექანიზმია. ის საკუთარ თავს იცავს. ეგოს უნდა თრობა, არ აინტერესებს, არც თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, არც მისი ხარისხი. ეგომ ხარისხი და ადაპტაცია, 3-5 წლის ასაკში რომ ბრძანდებოდით, მაშინ დაასრულა და მერე თვითონ დაიწყო ზრდა.
თუ ამ ეგოდან გამოხვალ, მიხვდები, რომ რეალური ცხოვრება, ბევრად უფრო ლამაზი და საღია. სამყაროს სულ სხვა თვალით ხედავთ. ბევრი ცხოვრებისეული გადაფასებები გექნებათ, ყველაფრით ბედნიერი იქნებით.
რა სხვაობაა ბედნიერ და უბედურ ადამიანს შორის? მაგალითად, მინდა ჩოგბურთის თამაში. მაგრამ საინტერესოა, მე მინდა ეს, თუ ჩემ ეგოს. თუ ჩემ ეგოს უნდა, თუ არ წავალ და არ ვითამაშებ, არ ესიამოვნება – ეს რეალობიდან გაცევის ინსტრუმენტია.
ბედნიერი ხარ მაშინ, როცა შენ გინდა ჩოგბურთი ითამაშო და არა იმ ეგოს, რომელიც რეალობიდან გარბის.
– რაც საკმაოდ რთული მისახვედრია…
მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ ეს ყველაფერი კითხვა-პასუხის რეჟიმში, ანალიზის, თვითდაკვირვების ეფექტში იქნება შესაძლებელი. სწორედ სახელწოდება – „თვითდაკვირვების ეფექტი – იცხოვრე აქ და ახლა“, ჩემ ბლოგს მინდა დავარქვა.
როგორც კი ხვდები, რომ შენი ემოციები, ფიქრები, განცდები, ტკივილები მოვიდა შენთან და ამ დროს სადღაც გარბიხარ, სწორედ იქ იღუპები.
ეს ემოცია, შენი ეგოს დონეზე უნდა განიცადო. ამ დროს იზრდები, მწიფდები და რეალური, ზრდასრული ადამიანი ხდები. უფრო გააზრებულად ხედავ. გააზრებული მოქმედება კი, შედეგს გვაძლევს. თუკი ვინმეს დახმარება სჭირდება, ან ფსიქოლოგთან საუბარი, ეს ყველა ინსტრუმენტი ხელში მიჭირავს. ასე, რომ ღია ვარ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის სურვილი აქვს.

– ახალგაზრდების უმეტესობა, ძალიან შორს დგას უფლისგან, ესეც ხომ არ არის ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ საკმაოდ გაიზარდა ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობა?
გეთანხმებით, მართლაც ასეა! ჩემი აზრით, მათ შიში აქვთ, უფლის შიში. უფალთან სიახლოვე, ძალიან რთულია, ამიტომაც მისგან გარბიან, მათი ეგო, ყველაფერს ჯობნის. ამ გზის დამნახავი და ის ადამიანი, ვინც ამაზე აქტიურად მუშაობს, ჩემი აზრით, ძალიან ცოტანი არიან, არავის არ აწყობს ეს, არც სახელმწიფოს და არც მსოფლიოს.
ეს უკვე აღარ შედის მსოფლიო ინტერესებში. სულიერ სიცარიელეს, სხვა რაღაცეებით ივსებენ. შევეცდები, რომ საზოგადოებას, ჩემი ვიდეო ბლოგის საშუალებით, მარტივ ენაზე გადმოვცე ეს ყველაფერი. ეს ჩემი როლი გახდა ამ ცხოვრებაში, მორჩა!
– სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებთ და ამ მეტად რთულ გზაზე, საკმაოდ მყარად დგახართ…
არაფრის შეცვალს არ ვაპირებ! ნახეთ, როგორ მოქმედებთ? იმას საუბრობთ, რასაც თქვენი ეგო გეუბნებათ… ეს ყველაფერი, იმ ძალას უნდა მაინდო, რასაც უზენაესი ჰქვია.
ის წყვეტს ყველაფერს, ჩვენ ვერაფერს ვწყვეტთ, უბრალოდ ვიცით, რომ ამ სიბნელეში, არსებობს რაღაც სინათლე და მოდით გავანათოთ, გამოვიყენოთ, რადგან როცა სინათლეა, იქ სიბნელე არ არის.
როცა კეთილ საქმეს აკეთებ და არავის ვნებ, იქ ნათდება. ღმერთი თავად გადაწყვეტს, რა დაემართება ადამიანს. როგორც კი კონტროლში შევდივართ, როცა გინდა, ვიღაცა აკონტროლო და ცხოვრება შეუქმნა, ამას ვერ გავაკეთებ.
მე მაქვს ჩემი ინსტრუმენტი – ჩემი გამოცდილება, რამაც ბევრი რამე დამანახა და გამაძლიერა. ეს ძალიან დიდი ბრძოლაა, არ არის მარტივი – ურთულესი გზაა მარტოობის, საკუთარ თავთან დარჩენის, მაგრამ გზა არის.
ეს ძალიან დიდი ფილოსიფიაა შინაარსობრივად, ამიტომ ამის ძალები, ჩვენ ადამიანებს არ გაგვაჩნია. ერთადერთი, იმის ძალა გავქვს, რაც ცხოვრებაში გავიარეთ და განვიცადეთ. ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია, დანარჩენს უფალი გადაწყვეტს!
ეს ღმერთი იესო იქნება, ბუდა, თუ მუჰამედი, ის თავად გადაწყვეტს. სწორედ. აქ არის ქვაკუთხედი, შინაარსი და ჭეშმარიტი ფუძე.
ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, ვინმეს ცხოვრების შეცვლას. ჩვენ ვეცადოთ, ჩვენი აზრები, გამოცდილებები გავუზიაროთ. დავანახოთ ადამიანებს, სად არის სინათლე, დანარჩენი უფლის ნებაა.
უფალი გადაწყვეტს, როდის დაიწყებს ჭეშმარიტ ცხოვრებას, არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვისთვისაც. როგორც კი მოგინდებათ რამის კონტროლი, იქვე ჩააბარეთ ყველაფერი ღმერთს.
ისე ვერ შეცვლით ვერაფერს, არანაირი შანსი არ გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ და გააძლიეროთ თქვენი თავი, მაშინ შეიცვლება თქვენ ირგვლივ ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ. აქ არის სწორედ ფილოსოფია – საკუთარ თავზე მუშაობა, სიკეთის მიტანა სხვა ადამიანამდე და არა ცვლილებების სურვილი.
ჩვენ, სამყაროსთვის სუპერპაწაწინა არსებები ვართ. მაგალითისთვის გეტყვით, ჭიანჭველა რომ ხელზე მიბობღავს, იცის, რომ ადამიანის ხელია? ზუსტად, ასე არ ვიცით ჩვენც, ვის ხელში ვართ.
წარმოდგენაც კი არ გვაქვს და ვბობოქრობთ. ამიტომ, მე რომ ღმერთის ინსტრუმენტები ხელში ავიღო და მოვინდომო ადამიანის ცხოვრების შეცვლა, არასწორია.
ჩვენც ზუსტად ასეთივე პატარა ორგანიზმები ვართ, რომლებიც სამყაროს განუწყვეტელი ნაწილია, ანუ ვართ თვით ღმერთი! ეს მოსასმენად, ცოტა უხერხულია, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ კოტე გაგიჟდა რელიგიაში გადავარდაო, მაგრამ ეს არაფერ შუაშია.
მე ჩემი მაცხოვარი მყავს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი იესო მიყვარს. მისი დარიგებები და ფენომეალურად სიძლიერე მიყვარს. იოანეს სახარება, ხუთასჯერაც რომ წაიკითხო, ყოველ ჯერზე, ახალს ისწავლი. იმიტომ, რომ ის უბრალოდ, ფურცელზე დაწერილი არ არის, იქ ღვთიური ენერგია დევს.
ეს ინსტრუმენტები, საუკუნეებმა მოიტანა ჩვენამდე და გამოვიყენოთ. ამიტომ, ჩვენც ჭიანჭველები ვართ, ვსხედვართ ამ ენერგეტიკულ ღმერთის სამყაროში და რაღაცას ვბობოქრობთ.
ჭიანჭველას ეუბნება ღმერთი, რომ შენი საქმე აკეთე, შენ მოძმეს ხელი გაუწოდე, წაიყვანე, ბუდე შექმენი, საჭმელი აკეთე, ადამიანს დაეხმარე და დანარჩენს, მე მიგიხედავო.
თუნდაც დღევანდელ პოლიტიკას შეხედეთ. ეს არის ტოტალური, ანუ ფსიქოზით დაავადებული ადამიანების ეგოცენტრული აზროვნება – ეგოები ებრძვიან ერთმანეთს. რომელია ჭეშმარიტი აზროვნება? რომელი ხედავს, რა ხდება სამყაროში?
ვერც ერთი მხარე – ერთი ეგო მეორეს ებრძვის და ჯგუფური ეგო, მეორე ჯგუფს. ერთი სახელმწიფოებრივი ეგო, ებრძვის მეორე სახელმწიფოებრივ ეგოს – „მე ასე მსურს“, „მე მინდა პარლამენტში შესვლა“.
რა გინდა, რა პარლამენტი, რომელ მათგანს გაქვს ჭეშმარიტად სულში და გულში ჩახედილი, გააზრებული, რომ სახელმწიფოს და ხალხისთვის უნდა პარლამენტში შესვლა – არც ერთს. ვინმემ თქვა, რომ პოლიტიკაში წასვლა, შენი შინაგანი სამყაროდან უნდა მოდიოდეს?
თქვენ ხალხს უნდა ემსახუროთ მონასავით და არა იმიტომ, რომ ძვირფასი მანქანა გყავდეს და დღეს ერთ პარტიას კოცნო, ხვალ მეორეს და ზეგ მესამეს.
– არსებობდნენ ასეთი ადამიანები?
რატომაც არა, მაგრამ ერთეულები. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე, სხვათა შორის, სწორედ ერთეულები ქმნიან ამინდს. ასიდან, ერთიც რომ გამოვიდეს, ვისაც ღმერთმა მისცა შანსი სიკეთე თესოს, მერწმუნეთ, ის ადამიანების 99 %-ს, სწორ გზაზე დააყენებს.
– შესაძლებელია, რომ ქვეყანა, ერთმა ადამიანმა იხსნას?
რა თქმა უნდა. არ დაიჯეროთ, რომ ერთი ადამიანი, ამას ვერ შეძლებს. არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც საჭიროა, მაგრამ ამას, ჩვენ ვერც დავინახავთ. უბრალოდ, ყველაფერს დრო და მოთბინება სჭირდება.
როცა ასეთი ქარტეხილებია სამყაროში, ეს მარტო ივანიშვილის, ან სააკაშვილის პრობლემა არ არის. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, თვითგანვითარება და სხვაზე და არა საკუთარ თავზე ორიენტირება. არ უნდა აგვერიოს – ადამიანი, საკუთარ თავზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს სახელის მოხვეჭას. თუ საკუთარ თავს და აზრს პატივი არ ეცი, ვერც სხვას ცემ.
ძალიან საინტერესო შეგრძნებაა, როცა ეგოს ეჭიდავები და ისიც მაგრად გეჭიდავება. თუ ჩვენი ეგო არ ვაკონტროლეთ, მაშინ ისე დავამთავრებთ ცხოვრებას, ვერც მივხვდებით, რატომ დავიბადეთ.
ასე რომ, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს საფუძვლები, ნელ-ნელა უნდა გავაგრძელოთ.
დღეს როგორც ვარ, ეს ღმერთის წყალობაა. რომ არა უფალი, ვიქნებოდი ისევ ქირურგიაში, ავიღებდი ხელფასს, ყველას გავუგორებდი კამათელს, ვისაც საჭიროა გავუღიმებდი, ვისაც არა, არა. ტელევიზიაშიც წავიდოდი, სადღაც წამყვანადაც დავჯდებოდი, პოლიტიკაშიც შევძვრებოდი – ამ ყველაფერზე, უარი ვთქვი!

არ ვიცი რა მელის, წარმოდგენაც არ მაქვს, აღარც ბანკის ვალები მაინტერესებს. უფალი მიხედავს ყველა ჩემ საქმეს, მე კი მის საქმეს.
– ანუ, ყოფითი პრობლემები, აღარ გაღელვებთ!…
მაღელვებს, მხოლოდ იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ეს სხვას სჭირდება, ან ჩემ გადარჩენას, რომ ცხოვრება და ფუნქიონირება გავაგრძელო. კონკრეტულად, „ახლა აქ“, ჩემი უახლოესი გემებია, დანარჩენი რა იქნება, როგორ იქნება, ლატარეას მოვიგებ, თუ რას ვიზამ. ეს, მომავალში ცხოვრებაა, რაც სრული აბსურდია, არ არსებობს.

არ არსებობს, ჩვენი მომავალი. ვიგრძნოთ, რომ ახლა, ყველაზე კარგად ვართ. ამ წუთას, მე ყველაზე კარგად ვარ, უამრავი ფიქრი მაწუხებს, უამრავი საზრუნავი მაქვს, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, რადგან მაქვს საშუალება, გაგიზიაროთ ადამიანს, ვინც ისმენს, იმას, რაც მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას. ჩემთვის, თქვენ ახლა მთელი სამყარო ხართ და ამიტომ კარგად ვგრძნობ თავს.
– პრაქტიკულად, თქვენ ეს გაიარეთ, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის, რთული გასაგები იქნება…
რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მაგრამ უფალს მიენდეთ! რა იქნება, რას იტყვიან, რას მოგწერენ, როგორ დაგარიგებენ ჭკუას, ამას თავი დაანებეთ, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ჭეშმარიტად და უანგაროდ, დანარჩენს ღმერთი მიხედავს.
რამდენჯერაც შევედი ჩემ ეგოში, მაგალითად, გავიფიქრე ხვალ რა მელის, ეგრევე ვიწყებ ლოცვას. „ღმერთო მომეცი ძალა“, წაიკითხე რამდენჯერმე და გაჩერდი. არ გეგონოთ, რომ ბოლომდე გავთავისუფლდი – ამ ყველაფრისგან რომ გავთავისუფლდე, გავსხივოსნდები.
მიეცი ღმერთს იმის საშუალება, რომ დაალაგოს ის, რასაც თქვენ ვერ ახერხებთ. თქვენი ფიქრი, რომ თქვენ მოლოდინს დაემთხვეს, ძალიან მცირე შანსია.
– ზოგჯერ ადამიანი დარწმუნებულია, რომ რაც გაიფიქრა, ყველაფერი ზუსტად ახდა…
აი ეს, უკვე ვიზუალიზაციის გამართლებაა რეალობაში, რაც მეტ ნეგატიურ ინფორმაციას მიაწვდი ტვინს, მეტი ნეგატივი მოხდება. დღეს გაცემულ დადებით ენერგიას, ხვალ სიკეთით დაბრუნებაში ველოდებით.
არადა, იმ დროს დაბრუნდება უკან და ისეთი მასშტაბით, რომ თქვენ ამას ვერ მიხვდებით. მაგრამ, ის აუცილებლად დაბრუნდება. ერთი რამე დაიმახსოვრეთ – სამყაროს, რესურსი არ გააჩნია იმისთვის, რომ თქვენ მოგცეთ.
უამრავ პრობლემური ადამიანია და თუ ვინმეს დავჭირდები, სიამოვნებით დავხმარები!























