14:06 | 2021-09-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„დაფრინავდა ბიჭი სიხარულისგან“ – გელა დაიაური, 17 წლის ლოდინის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურის ახდენილ ოცნებაზე

„დაფრინავდა ბიჭი სიხარულისგან“ – გელა დაიაური, 17 წლის ლოდინის შემდეგ, ზურაბ ზვიადაურის ახდენილ ოცნებაზე

ყოფილი დეპუტატისა და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის შესახებ, რომ პირველ შვილს 17 წლის შემდეგ ახლა ელოდება, საზოგადოებისთვის ცნობილი დაკავების შემდეგ გახდა.

 

ზვიადაურის უახლოესი მეგობარი, გელა დაიაური ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეტალებზე საუბრობს.

 

„2004 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და იმ წელსვე დაოჯახდა. მას შემდეგ 17 წელია გასული. რაც გაიგო, რომ მამა გახდებოდა, ძალიან ბედნიერი იყო, სულ ამაზე ლაპარაკობდა. მარტში ელოდებიან შვილის დაბადებას.

 

არხილოსკალოში ლაშა ბექაურის შეხვედრაზე უნდა წავსულიყავით. გვიან დამირეკა, მეუღლეს ჰაერის უკმარისობა აქვს, ამხელა გზაზე რომ წამოვიდე, რამე რომ დასჭირდეს, იქიდან ვერ ვუშველი, დამტოვებელიც არავინ მყავსო და სახლში დარჩა. მეუღლეს მარტო ვერ ტოვებდა და საკუთარ ნათლულთანაც კი ვერ წამოვიდა. წარმოიდგინეთ, ახლა რა მდგომარეობაშია.

 

მთაში ამოვიდა ათი დღით და იმდენად აღტაცებული იყო, ყოველდღე შვილზე მელაპარაკებოდა. სახლის შენება რომ დაიწყო, ვუთხარი, აუცილებელი იყო შვილი გყოლოდა, რომ სახლის აშენება დაგეწყო-მეთქი და ყველაფრის ხალისი მომეცაო, მიპასუხა. დაფრინავდა ბიჭი სიხარულისგან. ვერავინ წარმოვიდგენდით, თუ ასეთი სიხარულის მომლოდინეს ასეთი უბედურება დაატყდებოდა თავს.

 

ახლა ოჯახში ძალიან მძიმე სიტუაციაა. მისი ძმა, მთასავით კაცი წაიქცა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი კაცი იყო ზვიადი. არ ვიცი რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ზვიადაურების ოჯახს ახლა ორი დიდი სატკივარი აქვს, გარდაცვლილი ზვიადი და პატიმარი ზურა. ის, რომ ზურამ ძმასთან გამომშვიდობება მოახერხა, მაინც დიდი შვებაა. მე როგორც ვიცი, სპეციალურად დააჩქარა სასამართლო, იმ პოზიციაში, რომელშიც სასამართლომდე იყო, არ ექნებოდა ძმის უკანასკნელ გზაზე გაცილების უფლება“, – ამბობს გელა დაიაური.

 

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა 18 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდა. სისხლიანი გარჩევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, 16 აგვისტოს მოხდა.

 

შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი ადამიანი. გარდაცვლილებს შორისაა ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X