
„როგორც ჩანს, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს. დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს“ – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მისივე თქმით დღევანდელმა ინტერპელაციამ პოლიტიკური სპეკულირების ფორმა მიიღო.
„მიუხედავად ყველაფრისა, აქ რაც ითქვა, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად, ეს ერთი. მეორე – ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს.
მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ითქვას აქ და მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს, დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს, სამწუხაროდ.
მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა საერთოდ კითხვა არ არის, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში.
ჩავთვალოთ, რომ ეს კითხვა ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ეს ინტერპელაცია პოლიტიკური სპეკულირების ფორმას იღებს, თუმცა არაუშავს“, – განაცხადა გახარიამ.























