12:48 | 2021-02-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

დაკავებულ გიორგი ბარამიძეს შსს-ში ექიმების დახმარება დასჭირდა, ამის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

დაკავებულ გიორგი ბარამიძეს შსს-ში ექიმების დახმარება დასჭირდა, ამის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას დაკავებისას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზით მოწამლული გიორგი ბარამიძეც დააკავეს, რომელსაც შსს-ში მიყვანისთანავე სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს.

 

გიორგი ბარამიძე მოქალაქეებს დღეს, კანცელარიასთან დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

 

“ცუდად ვიყავი, როცა დამაკავეს და შსს-ში გადამიყვანეს, ექიმების დახმარება დამჭირდა და მდგომარეობიდან ადგილზე გამომიყვანეს.

 

ადმინისტრაციული წესით დამაკავეს, 173-ე მუხლით, ხელწერილის საფუძველზე კი გამათავისუფლეს.

 

ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების ერთიანობაა. დღეს, გავრილოვების რეჟიმმა საბჭოთა არმიის დღე პუტინს მიულოცეს იმით, რომ მთავარი პროდასავლური პარტიის ოფისი შტურმით აიღეს და ამ პარტიის თავმჯდომარე დააპატიმრეს, რომელიც მრავალი ათასიანი ქართველი პატრიოტთაგან ერთ-ერთია.

 

ის გავრიოლოვის ჩამოყვანას აპროტესტება და მხოლოდ ამის გამო დააკავეს ის. ეს ქართული სახელმწიფოს უდიდესი სირცხვილია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ დასავლეთის ნაწილი გახდეს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება შესაბამისი რეაქცია და ვისაც ამ ყველაფერზე პროტესტის განცდა აქვს, 15:00 საათზე კანცელარიასთან მოვა.” – ამბობს გიორგი ბარამიძე.

 

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

 

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

 

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

 

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

 

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: თამარ ბუჩუკური

X