
კიდევ დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა სცენარს არ შეცვლის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გარეშე შეზღუდვებისა და ჯარიმების დაბრუნებას შედეგი არ ექნება და მხოლოდ ფორმალური ხასიათი იქნება.
„კლინიკაში რამდენი ადგილია ჯანდაცვის სამინისტროსთვის კარგად არის ცნობილი. ის რესურსი, რაც ქვეყანაში არსებობს, ესეც კარგად არის ცნობილი და რა სცენარით მივდივართ გასაგებია ჩვენთვის. ჩვენ ამ რისკებს ვაცნობიერებთ, მაგრამ შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება. დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, თუნდაც 90%-იანი ან 80%-იანი სიზუსტით, ჩვენ ბევრად უკეთესი გამოსავლები გვექნებოდა. ამდენად, კიდევ დამატებითი შეზღუდვების ქაღალდზე დატანა სცენარს არ შეცვლის.
მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის პირადი პასუხისმგებლობა, პირბადე უნდა გამოვიყენოთ. პირბადის გამოყენება ითვალისწინებს ინდივიდუალური ქცევის კონტროლს. ინდივიდუალური ქცევის კონტროლი ვერცერთი ადმინისტრაციული უწყების შესაძლებლობის ფარგლებში ვერ მოხერხდება, თუ არ იქნა გაზიარებული ინდივიდუალურ დონეზე მოქალაქესთან”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დაგაინტერესებთ ეს ინფორმაციები ⇓























