22:35 | 2020-06-01 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დამიბრუნეთ ჩემი ერთადერთი შვილი! – დედა, რომელსაც შვილი წაართვეს, დახმარებას ითხოვს

დამიბრუნეთ ჩემი ერთადერთი შვილი! – დედა, რომელსაც შვილი წაართვეს, დახმარებას ითხოვს

„მაშინ როცა მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ყველა პატარა ოჯახთან ერთად ბედნიერი უნდა იყოს.

 

როცა დედას შვილს გასტაცებენ და არ იცის რატომ, მაშინ ყველა და ყველაფერი აზრს კარგავს. ბრჭყვიალა დღეებსაც ფერები უხუნდება… “ – ასე დაიწყო საუბარი ნანა შარაშენიძემ და თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილ პატარა ნიკოლოზის ფოტოებს დაუწყო მოფერება.

 

მისი ისტორია სევდიან ზღაპარს ჰგავს, ზღაპარს, რომელსაც როგორ დასრულდება არავინ იცის.

 

არადა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, დღევანდელ დღეს სულ სხვანაირად გეგმავდა. სამი წლის შვილთან ერთად ბავშვთა საერთაშორისო დღე ზოოპარკში უნდა გაეტარებინა…

 

გეგმები გეგმებად დარჩა, სურვილი სურვილად.

 

ბედნიერი და მზიანი დღეები საფიქრალმა და სადარდებელმა შეცვალა. ყველაფერი რაც ძალას და ენერგიას მატებდა წამართვესო – ამბობს.

 

ზუსტად ერთი თვის წინ მისი ერთადერთი შვილი სოციალურმა მუშაკებმა დედისგან მიმღებ ოჯახში გადაიყვანეს. დედას განუმარტეს, რომ ამის მიზეზი ბავშვისთვის არასათანადო პირობები გახდა.

 

„ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. მშობლებთან და ჩემს ტყუპისცალთან ერთად ვიზრდებოდი.

 

პირველი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, შვილი, რომ დამეღუპა მეუღლე დამშორდა. მერე ჩემს ტყუპისცალს ფილტვზე პრობლემები შეექმნა, ოპერაცია თბილისში გაუკეთეს და მასთან ერთად წამოვედი დედაქალაქში.

 

აქ დავიწყე მუშაობა, ბოთლებს, ჯართსა და მაკულატურას ვაგროვებდი. ასე წვალებით მოვდივარ მთელი ცხოვრება. რამდენიმე წლის წინ მეორე ოჯახი შევქმენი, არც მაშინ გამიმართლა, თუმცა გამიჩნდა შვილი, რომლისთვისაც უფლის მადლიერი ვარ.

 

რომ ვიმშობიარე ქუთაისში გადავედით საცხოვრებლად, თუმცა იმის გამო, რომ ბავშვზე ნესტიანი კლიმატი ცუდად მოქმედებდა, ხშირად ხდებოდა ცუდად.

 

ამის გამო იძულებული გავხდი ისევ თბილისში წამოვსულიყავი და აქ მეცხოვრა. დაახლოებით 20 წელია თბილისში ვარ, ამ ხნის მანძილზე თბილისის თითქმის ყველა უბანში ვიცხოვრე ქირით. ბოლოს ერთი წელია ჭილაძის ქუჩაზე ვცხოვრობ…

 

ამავე ქუჩაზე ვიქირავეთ სარდაფი, სადაც ჩემს ნაშოვნ ნივთებს ვაგროვებ და შემდეგ ვაბარებ. იმის გამო, რომ ხშირად მიწევდა გასვლა ნივთების შესაგროვებლად, ბავშვი ჩემი დის მეუღლესთან ერთად მთელ დღეს ამ სარდაფსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა.

 

აქვე ახლოს გვაქვს ერთოთახიანი ბინა სადაც ბავშვთან ერთად ვცხოვრობდით. ეს ბინა ახლობელმა დაგვითმო, ქირასაც არ გვახდევინებს.

 

ერთი სიტყვით, ჩემს შვილს ვიღაცამ გადაუღო ფოტო და გავრცელდა სოციალურ ქსელში. მერე ერთი ჟურნალისტი მოვიდა, რაღაცის დაწერა მინდაო გვითხრა. მას ვკითხე, ამით რამე პრობლემა ხომ არ შეგვექმნება-მეთქი. არაო – მითხრა.

 

ამ სტატიას გამოხმაურება მოჰყვა, მოვიდა სოციალური აგენტი, ქალბატონი ციცო, რომელმაც დაათვალიერა ბავშვის საცხოვრებელი პირობები და მითხრა, იმის გამო, რომ აბაზანაში ცხელი წყალი არ გაქვთ, ორივე დედათა და ბავშვთა თავშესაფარში უნდა გადაგიყვანოთო.

 

ვუთხარი, თუ ჩემი პირობები არ მოგწონთ მის გაუმჯობესებაში დამეხმარეთ-მეთქი. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ეს ქალბატონი მოდიოდა ვიზიტებზე.

 

მერე გავიგეთ, რომ ქალბატონი ციცო გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან.

 

სანამ კორონავირუსი ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდებოდა, მოვიდა ქალბატონი ნინო, რომელიც გამეცნო და მითხრა, თქვენი ახალი სოციალური მუშაკი ვარო.

 

თავიდანვე აგრესიულობით გამოირჩეოდა. მანაც მოითხოვა ბავშვის საცხოვრებელი პირობების დათვალიერება და უარი არ მითქვამს.

 

ჩემი და ნაგავში გადაყრილ ნივთებს ასუფთავებს და შემდეგ ბაზარში ყიდის. იმ დღეს ზუსტად იმ დროს დაგვადგა სახლში, როცა ჩემს დას სახლში რამდენიმე ქვაბი და სხვა ნივთები ჰქონდა გასახეხად მომზადებული.

 

სოციალურმა მუშაკმა ჩათვალა, რომ ჩვენი ნივთები იყო და ანტისანიტარიაში ვცხოვრობდით…

 

სანამ ნიკოლოზს გამტაცებდნენ, ორი დღით ადრე იყო მოსული სოციალური აგენტი ორ პიროვნებასთან ერთად. მე სამუშაოზე ვიყავი გასული.

 

ისევ დაუთვალიერებიათ სახლი და სარდაფი. ჩემი სიძისთვის უთქვამთ, ბავშვი ასეთ პირობებში არ უნდა ცხოვრობდესო. 29 აპრილს დაახლოებით საღამოს, ნიკოლოზი აქვე ჩვენთან მდებარე სკვერში მყავდა გაყვანილი ეტლით. დამიძახეს და ჩვენს სარდაფთან მივედით.

 

პატრულის თანამშრომლები დამხვდნენ. მითხრეს, თქვენი ცხოვრების პირობებიდან და პანდემიიდან გამომდინარე ბავშვი დროებით უნდა გადავიყვანოთო.

 

პანდემიის დროს, მაშინ როცა ყველა და ყველაფერი გაჩერებული იყო, მოგროვილი ნივთები სარდაფში მქონდა მოქუჩებული, ფიზიკურად ვერც ბოთლებს, ვერც ჯართს და ვერც მაკულატურას ვაბარებდი. სარდაფში, რომელიც 200 ლარად მაქვს ნაქირავები, მხოლოდ სათავსოდ ვიყენებთ.

 

პატრულის თანამშრომლები რომ შემოვიდნენ, თქვეს, ნამდვილად არ არის კარგი პირობებიო და ორი კვირით ბავშვი უნდა გადავიყვანოთო. ავუხსენი მდგომარეობა, მაგრამ საერთოდ არ შეიმჩნიეს…

 

მერე მოულოდნელად ერთ-ერთი ბავშვისკენ გაიწია, ეტლი მთელი ძალით უკან გამოვწიე, მეორემ ბავშვს დასტაცა ხელი და მანქანაში ჩასვეს და კარები დაკეტეს.

 

ბავშვი გამტაცეს… სოციალურმა მუშაკებმა პატრულის თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანეს… ამაზე დიდი ტკივილი და ტრაგედია არ უნდა ნახოს დედამ.

 

მეორე დღეს გვითხრეს, რომ თუ საცხოვრებელს გამოიცვლით რამდენიმე დღეში ბავშვს დავაბრუნებთო. ვიქირავეთ კარგი ბინა, სადაც გათბობა ცხელი და ცივი წყალიც არის.

 

„თავად მწამებელი ლომჯარია, რა თქმა უნდა,  მწამებელს იცავს“ - თამარ ივერი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის კადრებს ეხმაურება
2020-06-01„თავად მწამებელი ლომჯარია, რა თქმა უნდა, მწამებელს იცავს“ - თამარ ივერი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის კადრებს ეხმაურება

 

მერე ბინის თემაზე ხმა აღარ ამოუღიათ. მოითხოვეს, რომ ფსიქოლოგს გავსაუბრებოდი. გავესაუბრე, მაგრამ ჯერ-ჯერობით პასუხი არ უთქვამთ.

 

რამდენიმე დღის წინ მივმართეთ ტრეფიკინგის ცენტრს ოფიციალური წერილით, რათა განგვიმარტონ, რა მიზეზით გაიყვანეს ბავშვი სახლიდან, რათა იმის გამოსწორება შევძლო და ბავშვი დავიბრუნო.

 

ახლა ბოლო ძალებს ვიკრებ, რომ არ დავეცე. ვიცი ჩემს შვილს ჯანმრთელი და ძლიერი დედა სჭირდება გვერდით. ახლა კეთილი ადამიანებისა და ღმერთის იმედი გვაქვს.

 

ერთი შვილი მკვდარი მყავს, მეორე გამტაცეს. ერთადერთი რისთვისაც ვცოცხლობ ჩემი ნიკოლოზია. მის გარეშე ვერ გავძლებ…“ – ამბობს ნანა შარაშენიძე.

 

ნანა ვერ სარგებლობს სოციალური დახმარებითა და უფასო სასადილოს სერვისით. დღის განმავლობაში რამდენიმე საათი გადის სამუშაოდ და ცდილობს სახლში დროულად დაბრუნდეს შვილთან.

 

„ნიკოლოზს არასდროს არაფერი მოჰკლებია, საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი თუ სათამაშო. ბავშვს იმდენი ძველი ტანსაცმელი დაუგროვდა, რომ რამდენჯერმე სოფელში საჩუქრადაც გავგზავნეთ.

 

არ გამოგვიტოვებია არც ერთი აცრა და ექიმთან ვიზიტი…“ – ამბობს ნანა.

 

მეზობლებიც ამბობენ, რომ პატარა ნიკოლოზი მოუვლელი და მშიერი არასდროს უნახავთ. დედას, დეიდას და ბიძას კი რომლებიც ბავშვზე ზრუნავნენ, დადებით, პატიოსან და მშრომელ ადამიანებად ახასიათებენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდში განმარტებას მალე გააკეთებენ, რომელსაც „პრაიმტაიმი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Exclusive: თუ უფროს ბავშვებს ვერ უზრუნველყოფენ, ამ პატარას როგორღა გაზრდიან? - რატომ „წაართვეს“ ჩვილი მარიამ გეთიაშვილს
2020-05-11Exclusive: თუ უფროს ბავშვებს ვერ უზრუნველყოფენ, ამ პატარას როგორღა გაზრდიან? - რატომ „წაართვეს“ ჩვილი მარიამ გეთიაშვილს
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X