18:04 | 2021-01-06 ავტორი: თამარ ბუჩუკური

დამხმარედ უნდა მემუშავა და მეძავად მამუშავეს – ქუთაისელი ქალის მძიმე ისტორია

დამხმარედ უნდა მემუშავა და მეძავად მამუშავეს – ქუთაისელი ქალის მძიმე ისტორია

ჩვენი რესპონდენტი ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალია. მის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ვასაჯაროებთ. მას სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ სულ სხვა ქვეყანაში, ე.წ. ბორდელში აღმოჩნდა, იქიდან კი თავი სასწაულებრივად იხსნა და ახლა ცხოვრების ნორმალურ პირობებს დაუბრუნდა.

 

“იმერეთის ერთ ულამაზეს სოფელში ვიზრდებოდი, როცა სკოლას ვამთავრებდი ძალიან ლამაზ გოგოდ მთვლიდნენ, თვალს მაყოლებდნენ და ყველა ჩემს გარეგნობაზე საუბრობდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, ბოლო ზარიდან ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა მომიტაცა, რომელსაც შორიდან ვიცნობდი, მეზობლის დაბადების დღეზე მყავდა ნანახი.

 

მშობლებმა თქვეს, სახლში ვერ დაგაბრუნებთ, ხალხის სალაპარაკოები გავხდებითო და დამტოვეს… ჩემი ქმარი მოძველბიჭო აღმოჩნდა, მთელ დროს ქუჩაში ატარებდა, მისი მშობლები გვარჩენდნენ. ერთხელაც დაიჭირეს და გავიგეთ, რომ ციხეში ზეწარით თავი ჩამოუხრჩვია. მე მაშინ სამი შვილის დედა ვიყავი. დედამთილ-მამამთილი უკვე პენსიაზე გადიოდნენ და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე ვრჩებოდით.

 

ძალიან ვნერვიულობდი, ქუთაისში გაუნათლებელს სამუშაოს დაწყების შანსი არ მქონდა. მაღაზიებში ან კაფე-ბარებში მუშაობა ძალიან დაბალ ანაზღაურებასთან იყო დაკავშირებული, მალე სახლსაც დავკარგავდით, რადგან ჩემმა მამამთილმა ბანკში ჩადო და შვილის ციხიდან გამოსაყვანად ხარჯავდა, მაგრამ…

 

იძულებული გავხდი ემიგრაციაზე მეფიქრა. გავიკითხე ყველგან და მეზობლის რჩევით ერთ კომპანიას მივადექი, რომელსაც საბერძნეთში უნდა წავეყვანე. დადგა შვილების დატოვების დღე, ცალკე ისინი ტიროდნენ, ცალკე მე, მდუღარე ცრემლს ვღვრიდი, მაგრამ მოვალეობები სხვა გზას არ მიტოვებდა. ჯერ თურქეთში ჩავედით, იქიდან საბერძნეთში უნდა გადავსულიყავით, მაგრამ თურქეთში დაგვტოვეს…

 

აღმოჩნდა, რომ ჩვენი დამსაქმებლები ტრეფიკინგში იყვნენ ჩართულები. კერძო სახლში მიგვიყვანეს რამდენიმე ქალი, მოდიოდნენ თურქები და ჩვენთვის გაუგებარ ენაზე “დამსაქმებლებს” ესაუბრებოდნენ, ერთმაც მე შემარჩია. ქართველმა დამსაქმებელმა მითხრა, თავისი ცოლის დამხმარედ მიყავხარ, სანამ საბერძნეთში წავალთო. გამიხარდა, აქ ტყუილად არ ვიჯდები და აქედანვე შევაგროვებ ორ კაპიკს-მეთქი, გავყევი.

 

ბორდელში აღმოვჩნდი, დამხმარედ უნდა მემუშავა და მეძავად მამუშავეს. დღე-ღამეში ოთხ-ხუთ მამაკაცს უშვებდნენ ჩემთან. ისინი სიამოვნებას ჩემი ცრემლების თანხლებით იღებდნენ, ეს კაცები ინტიმურ ურთიერთობას ამყარებდნენ და მე ამ დროს, უბრალოდ ვლოცულობდი. თან თავბედს ვიწყევლიდი, ასეთ ყოფაში ცხოვრებას სიკვდილი მერჩია, მაგრამ არც ვკვდებოდი. არც იმ მივარდნილ ადგილს ვიცნობდი და არც ენა ვიცოდი, გაქცევაც შეუძლებელი იყო. ოთხი ჯოჯოხეთური თვე გავატარე. თვეში ორჯერ საქართველოში დარეკვის უფლებას ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ გვაძლევდნენ, 100 ლირას გვაგზავნინებდნენ და ასე გრძელდებოდა.

 

შობა დგებოდა, 5 იანვარი რომ თენდებოდა, სიზმარი ვნახე, ღვთისმშობელი თავის თავსაბურავს მაფარებდა. სასოწარკვეთის შემდეგ, პირველი იმედიანი დილა გამითენდა. მეორე დღეს ჩვენი ზედამხედველი დათვრა და ჰაერის ჩასასუნთქად ბორდელის ეზოში გავიდა, კარი ღია იყო. გამოვიქეცი, ისე გავრბოდი, ჩემს ჩრდილს თვალს ვერ ვაყოლებდი, არ ვიცოდი სად მივრბოდი, მაგრამ არ ვჩერდებოდი. არც ის ვიცი, რამდენი ხანი იყო გასული და რამდენი კილომეტრი მაშორებდა ამ საზიზღარ დაწესებულებას, სინათლე რომ შევნიშნე. უკვე გული მიცემდა, უკვე დავეცემოდი, ეზოში შევვარდი და ყვირილი დავიწყე. კარიდან შუა ხნის ქალი გამოვიდა, დამტვრეული თურქულით ვცდილობდი შველა მეთხოვა. ქალბატონმა რუსული იცოდა და გამიმართლა, რომ მოვუყევი ჩემი თავგადასავალი, დამამშვიდა, მომიარა, შემიფარა და აზრზე რომ მოვედი უკვე მართლმადიდებელთა დღესასწაული შობა დგებოდა, ქალბატონმა ჩემს შვილებთან დამარეკინა, საკმაოდ დიდი ფული მაჩუქა, სამუშაოდ თავისთან დამიტოვა და საოჯახო საქმეები გადმომაბარა. ზუსტად ორი წელი გავატარე ამ ღვთისნიერი ქალის სახლში, საბუთებიც გამიკეთა, სახლი ბანკიდან გამომახსნევინა და ისე აღმოჩნდა, რომ სწორედ საშობაოდ დავბრუნდი საქართველოში…

 

სამართლებრივად ბრძოლაზე უარი ვთქვი, სამი შვილის დედა ვარ და შემეშინდა, მათთვის ამ ბანდას რამე არ დაეშავებინა, თანაც ეს ამბავი უნდა გახმაურებულიყო და ბიჭებს ჩემი დედობის უნდა შერცხვენოდათ. უფალი არის ჩემი ერთადერთი პატრონი და მას მივანდე ყველაფერი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ფონდში მაინც გავიარე კონსულტაცია, საოცარი ფსიქოლოგები ჰყავთ, უძლიერესი იურისტები და მჯერა, ბევრს დაეხმარებიან.

 

ჩემი ისტორია ამტკიცებს, რომ როცა უპირობოდ გჯერა უფლის, გაქვს ურყევი რწმენა და გჯერა, რომ უფალი არ მიგატოვებს, ყველგან და ყოველთვის დაგეხმარება.” – ამბობს ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X