21:54 | 2021-02-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

დანა ამოიღო და სახეზე დამისვა, 14 დღე ჯაჭვით ვყავდი დაბმული – ქალი, რომელსაც ქმარმა 55 ჭრილობა მიაყენა

დანა ამოიღო და სახეზე დამისვა, 14 დღე ჯაჭვით ვყავდი დაბმული – ქალი, რომელსაც ქმარმა 55 ჭრილობა მიაყენა

ძალადობა, მოძალადე და მდუმარე მსხვერპლი, შემწყნარებელი და მსაჯული საზოგადოება, ტაბუ დადებული პრობლემები და პრობლემებზე ღიად საუბრები – ეს მოძალადე სამყაროს ნიშან-თვისებებია, სადაც მსხვერპლზე მოძალადესთან ერთად სოციუმი, არაჯანსაღი წეს-ჩვეულებები და შეხედულებები ერთობლივად ძალადობს…

 

ამის ნათელი მაგალითი „ბათუმელების“ რესპონდენტი, 29 წლის ქალია, რომელზეც ქმარი მრავალი წლის განმავლობაში ძალადობდა. მას აწამებდა, შეურაცხყოფდა, განრიდების საშუალებას უსპობდა და ფაქტობრივად, კლავდა.

 

4 შვილის დედას სხეულზე 55 ჭრილობის ნაიარევი აქვს. როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალის მონათხრობიდან ირკვევა, მისმა ოჯახმა უმძიმესი ყოფის შესახებ ყველაფერი იცოდა. თუმცა, მსხვერპლის მსგავსად, ისინიც დუმდნენ. მერე, ქალმა უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა, მოძალადე კაცს უჩივლა და საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალა, რადგან არ სურს თავის მსგავსად ამჯერად, მისი 13 წლის ქალიშვილი გაათხოვონ, „ტრადიციის” სახელით…

 

„ამბობს, რომ მეექვსე კლასში იყო, როცა სწავლა მიატოვებინეს, შემდეგ კი 14 წლის ასაკში 16 წლით უფროს კაცზე გაათხოვეს. უთხრეს, რომ ქმარი უპატრონებდა. სწორედ აქედან დაიწყო ირმას ტრაგიკული ცხოვრება. ახლა ის 29 წლის არის და 4 შვილი ჰყავს.

 

ნარკოტიკზე დამოკიდებული ქმარი ჯერ მას სცემდა, შემდეგ კი, როცა ბავშვები გაჩნდნენ, ბავშვებსაც უსწორდებოდა ფიზიკურად. ქმარი მუდმივად სთხოვდა ცოლს ფულს, აიძულებდა, რომ ეშოვა – ყველა გზით.

 

ას ვაძლევდი, მაგრამ მაინც ითხოვდა. სოციალური დახმარება რომ დაუნიშნეს ბავშვებს, უფლებამოსილ პირად მე გავაფორმებინე თავი, რადგან ვიცოდი, რომ თუ მეუღლე აიღებდა, ჩემი შვილები ისევ მშივრები იქნებოდნენ.

 

როგორც კი სოციალური მუშაკები კარებიდან გავიდნენ, მაშინვე მცემა, დანა ამოიღო და სახეზე დამისვა. იმ სარდაფში 14 დღე ჯაჭვით ვყავდი დაბმული, ოთახის კარებთან ეძინა, რომ არ გავქცეულიყავი“, – ჰყვება ირმა და ცრემლები სდის.

 

საუბარს რამდენჯერმე წყვეტს, უჭირს წარსულის გახსენება. ამბობს, რომ 14 წელი ტყვეობაში იცხოვრა, ფიზიკურ, მორალურ დამცირებასა და წნეხში.

 

ძალადობა მცირეწლოვან ბავშვებზე

 

ოჯახის წევრებისა და ახლობელ-ნათესავების ზეწოლის მიუხედავად, ირმა ქმარს დაშორდა. თუმცა ის არ წყვეტდა ყოფილი ცოლის შევიწროებას. ირმა გვიყვება, რომ ერთ დღეს, როცა ის სამუშაოზე იყო, კაცმა გაიგო, რომ სოციალური დახმარება დაერიცხათ და ბავშვებს სახლში მიაკითხა. ბავშვები კარს არ უღებდნენ, თუმცა შემდეგ მაინც დაითანხმა.

 

გვაჩვენებს 13 წლის გოგონას ხელს, რომელსაც ამჩნევია ძალადობის კვალი. „სცემა. ქამრის რკინის ნაწილი ხორცში ისე ჩაერჭო, ახლაც დაღად აჩნია“, – ამბობს დედა.

 

ის კიდევ ერთ მძიმე ისტორიას იხსენებს: „სამუშაოზე ვიყავი, უფროსმა გოგონამ გამოასწრო და შემატყობინა, რომ მამამ ბავშვები საშინლად სცემა, დასისხლიანებულები დამხვდნენ. მაშინვე პოლიციას მივმართე. დაიჭირეს და ახლაც ციხეშია. მემუქრებოდა იქიდანაც, ამიტომ ტელეფონის ნომრები გამოვცვალე“.

 

ყოფილმა ქმარმა 55 ჭრილობა მომაყენა

 

ის გვაჩვენებს ხელებს, რომლებზეც უამრავი ნაჭრილობევი აქვს, სახეზე, ტუჩის კუთხიდან, დიდი ზომის ნაჭრილობევი ეწყება, რომელიც ნიკაპს ქვემოთ გრძელდება. ჭრილობა ისე შეხორცდა, ექიმის გამოძახების უფლება არ მისცა ქმარმა.

 

„დამცინოდა კიდეც, წებოს დაგასხამ და შეხორცდებაო. მთელ სხეულზე 55 ჭრილობა მაქვს“, – გვეუბნება ირმა და ხელს გვაჩვენებს, სადაც ასევე ემჩნევა ნაიარევი. ერთ მხარეს რომ დამარტყა დანა, მეორე მხარეს გამოვიდაო – ამბობს.

 

ფეხზე მიყენებული ჭრილობა კი იმდენად დიდი იყო, რომ ირმას ოპერაცია დასჭირდა. ირმა  ძალადობის ისეთ დეტალებზე გვიყვება, რომლის გააზრება და მასზე საჯაროდ საუბარი წარმოუდგენლად მძიმეა.

 

„ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, რადგან ფეხსაცმელი არ აქვთ, არც ჩანთა და რვეულები,“- ამბობს დედა.

 

„ვდუმდი, რადგან პატარა, დაუცველი ვიყავი. ახლა აღარ გავჩუმდები, ბოლომდე ვიბრძოლებ და არ გავჩუმდები“, – გვეუბნება ირმა.

 

ამბობს, რომ არ დაუშვებს იგივე გზა გაიარონ მისმა შვილებმა, რაც მან გაიარა 14 წლის განმავლობაში. „არ დავუშვებ, რომ ჩემი გოგონებიც ამ ადათ-წესების გამო 14 წლისები გაათხოვონ, ბიჭსაც და გოგონებსაც მივცემ უკეთეს ცხოვრებას, განათლებას“, – ამბობს დედა.

 

4 ბავშვი განათლების და სკოლის გარეშე

 

თბილისიდან წამოსვლის შემდეგ ახლა ირმა თავის 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ. პანდემიის განმავლობაში ბავშვები მთლიანად მოწყდნენ სკოლას, რადგან მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტანჯვის გარდა, ბავშვებს სოციალური ყოფაც მძიმე ჰქონდათ.

 

დედას მხოლოდ ერთი ტელეფონი აქვს და იმასაც ეკრანი აქვს გატეხილი. „ამ ტელეფონით 4 ბავშვს როგორ ვასწავლიდი ონლაინ, იცოდნენ სკოლაში, რომ არ გვქონდა საშუალება, მაგრამ არაფერი“, – გვეუბნება ირმა. მას13, 12, 8 წლის გოგოები და 10 წლის ბიჭი ჰყავს.

 

სასწავლო პროცესი მთელ ქვეყანაში უკვე განახლდა, თუმცა ირმას 4 ბავშვი ისევ სკოლის გარეშეა. „ვერ დამყავს, რადგან ფეხსაცმელი არ აქვთ, ჩანთა, კალამი, რვეული, არაფერი არ აქვთ“, – გვეუბნება დედა.

 

როგორც დედა გვეუბნება, წლების განავლობაში ძალადობაგამოვლილ ბავშვებთან ფსიქოლოგს არ უმუშავია. ირმა ამბობს, რომ იყო შემოთავაზება, თუმცა ვერ მოახერხა. „სადღაც გლდანში უნდა ევლოთ ბავშვებს, გზის ფული არ გვქონდა, მერე პანდემია დაიწყო და აღარ გამოვიდა“- ამბობს ირმა.

 

ძალადობაგამოვლილი დედა და ბავშვები ბათუმში ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ. თუმცა ფიქრობენ, რომ გულისხმიერი ადამიანების, საზოგადოების დახმარების და თანადგომის გარეშე ცხოვრება გაუჭირდებათ. ასევე ფიქრობენ, რომ სწორედ ბათუმია ის ქალაქი, სადაც მას და მის შვილებს მხარდაჭერის ხელს გაუწვდიან. „წავალ, ვიმათხოვრებ, ყველაფერს ვიზამ, ოღონდ ჩემი შვილების გვერდით ვიყო და ისინი დავიცვა“, – გვეუბნება 29 წლის ირმა შამოიანი.” – წერს გამოცემა.

 

ირმას დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ანგარიშის ნომერზე: GE68TB7339445061100052

 

თიბისი ბანკი მიმღების დასახელება: ლელა დუმბაძე

 

დანიშნულებაში მიუთითეთ: ქველმოქმედება – ირმას მხარდასაჭერად.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X