
ბათუმის რესპუბლოკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ექიმი-ტრავმატოლოგი შოთა ბერიძე მეუღლესთან ერთად თავდაპირველად კოვიდსასტუმროში გადიოდა მკურნალობის კურსს. როგორც გარდაცვლილის შვილი ნოდარ ბერიძე აცხადებს, შოთა ბერიძეს თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა და სავარაუდოდ, კლინიკაში დაინფიცირდა.
„არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა. უბრალოდ ვირუსის გამო გაურთულდა და ასე მარტივად გამოგვაკლდა. თავიდან დედას და მამას დაუდასტურდა. პირველად სასტუმროში გადაიყვანეს ორივე. დედაჩემი მომჯობინდა წამლებით და ექიმების დახმარებით, სიცხე აღარ ჰქონდა, კარგად იყო, მაგრამ მამაჩემს რატომღაც გაურთულდა. მანამდე ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ძალიან იშვიათად, თუ არ ვცდები, შარშან სულ უმნიშვნელოდ გულმა შეაწუხა.
ჩემი აზრით, თვითონ პაციენტი დანებდა და რატომღაც არ იბრძოლა, თვითონ შინაგანად ვერ განეწყო. ვფიქრობ შექმნილმა საზოგადოებრივმა აზრმა, რომ ეს საშიშია, ამან იმოქმედა ძალიან. ამან ფსიქოლოგიურად გატეხა.
ინფიცირების წყარო არ ვიცი, მაგ პერიოდში სახლში არ ვიყავი, დედა და მამა საიდან დაიფინცირდნენ ვერ გეტყვით. ბოლომდე მუშაობდა, ჰქონდა კონტაქტი პაციენტებთან. ექიმები ყველაზე ხშირად კლინიკებში ინფიცირდებიან.
ყველანაირად ცდილობდა, იცავდა თავს, ითვალისწინებდა რეკომენდაციებს. მამაჩემი ტრავმატოლოგი იყო, 40 წელზე მეტი სტაჟი ჰქონდა. 63 წლის იყო და 40 წელზე მეტი მუშაობდა”- განაცხადა ნოდარ ბერიძემ.
შეგახსენებთ, აჭარაში კორონავირუსით პაციენთის გარდაცვალების მერვე შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე






















