23:04 | 2020-04-28 ავტორი: თამარ გონგაძე

ბენზინგასამართ სადგურზე, სანამ ბარათი მივაწოდე, ბიჭს ხელებზე დავასხი ხსნარი – ნანკა კალატოზიშვილი

ბენზინგასამართ სადგურზე, სანამ ბარათი მივაწოდე, ბიჭს ხელებზე დავასხი ხსნარი – ნანკა კალატოზიშვილი

ნანკა კალატოზიშვილმა ვერც გაიგო, კარანტინში თვენახევარი როგორ გაატარა. ამის მიზეზი მსახიობის ექვსი წლის ვაჟი, დანიელია, რომელთან ერთადაც დროს თამაშში ატარებს.

 

პირველკლასელი დანი დედას ყოველდღე სხვადასხვა დავალებას აძლევს: ნანკას ხან სათამაშოების გახმოვანება ევალება, ხან რა ისტორიის მონაწილეა და ხან – რა.

 

ნანკა კალატოზიშვილი: – ხან მფრინავი თეფშით სადღაც მივფრინავთ. ხან ვიღაც პერსონაჟი ვარ… ონლაინგაკვეთილებს ვესწრებით, “ტელესკოლას” ვუყურებთ და ორივეს მოგვწონს. 12 საათზე ნელ-ნელა ვითიშებით.

 

მერე მე ვიწყებ კითხვას. რა წავიკითხე და – ჟოზე სარამაგუს “კაენი”, რიუ მურაკამის “პირსინგი”, ჯონ კუდზეეს “იესოს ბავშვობა”, ორჰან ფამუქის “წითური ქალი”, ლიოსას “ცუდი გოგოს ოინები”.

 

ახლა ჩაკ პალანიკის “ხრჩობას” ვკითხულობ და მართალი გითხრათ, მომწონს. კითხვაში ვათენებ.

 

ონლაინ სპექტაკლები ვერ ვნახე, ღამის ორ საათამდე ვერ ვიცლი ხოლმე… ამიტომ კითხვაში ვიყენებ დროს.

 

რომ არ დავბლაგვდე, ყოველდღე შეძლებისდაგვარად ვვარჯიშობ. გადავრჩი, წონაში მომატებული არ ვარ. ყოველდღე საუკუნეა არ მივარჯიშია. დანის ვთხოვე, რომ დღეში საათნახევარი მაჩუქოს, რომ ვივარჯიშო და არ დავბლაგვდე. დროებს ვათანხმებთ, ყველას თავისი პირადი დრო უნდა ჰქონდეს გამოყოფილი.

 

გუშინ გამომიცხადა – ვისხდეთ აივანზე, გვქონდეს ჩვენი კოშკი, საიდანაც პირდაპირ ღრუბლებში ავალთ, სუფთა ჰაერზე (!) და თან არ მუშაობდეო… მოეწონა ჩემი სახლში ამ დოზით ყოფნა.

 

იანვარში ჩეხოვის “თოლიას” რეპეტიციები დაგვეწყო. იმდენად დაკავებული ვიყავი, რომ დანი საერთოდ ვერ მნახულობდა. ზოგჯერ ისე იძინებდა, ვერც მხედავდა. დიდი ხანია ასეთი გადაბმული რეპეტიციები არ მქონია. სკოლიდან დამირეკა დამრიგებელმა, აქტივობაში მინდა ჩაგრთოთ, ბავშვს მოენატრეთ და რომ მოხვიდეთ, გაუხარდებაო. მაგის დრო რომ მქონდეს, კი არ მოვენატრებოდი-მეთქი, ვუთხარი დანის საყვარელ დამრიგებელს.

 

კიდევ გეტყვით იმასაც, რომ დედაჩემს ჩემი ატანა აღარ აქვს. სახლში რომ შემოდის, გაიხადე, ტანსაცმელი გარეცხე, იბანავე-მეთქი, მაშინვე ვთხოვ! კარგად ვერ ხარო, მეუბნება.

 

მე თვითონ 12 მარტიდან გარეთ არ გავსულვარ. პირბადე რომ ვერ ვიშოვე, განო მელითაურმა თავისი “კომბინოზონას” წარმოების პირბადე მაჩუქა.

 

მარკეტს იქით, არსად არ გავდივარ. ამდენად ჯერ პირბადე მყოფნის. როცა გარეთ გავდივარ, მიმაქვს სადეზინფექციო სითხე, მაღაზიაში ვასხამ საგნებს და მერე ვიღებ.

 

ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ჩასხმამდე ბიჭს, სანამ ბარათი მივაწოდე, ხელებზე დავასხი ხსნარი, რადგან ხელთათმანი არ ეკეთა. და მერე მივაწოდე ბარათი. მართლა არ ვარ კარგად.

 

ერთადერთი, რითიც ამ პერიოდში თავს ვიმშვიდებ არის ის, რომ პლანეტამ დაისვენა ყველასგან და ყველაფრისგან. როგორ ვაწუხებდით, ხვდებით ხო?

 

 

ფოტო: Hello Georgia

ავტორი: თამარ გონგაძე

X